პანდემიის გამო ადამიანებმა სამსახურიდან წამოსვლა დაიწყეს, ამიტომ თანამშრომელთა შენარჩუნება დღეს სულ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გახდა. ეს ფენომენი კი საოჯახო ბიზნესებისთვის კიდევ უფრო მწვავე შეიძლება იყოს, რადგან ისინი კორპორატიულ კონკურენტებთან შედარებით, ხშირად ნაკლებ ხელფასსა და სარგებელს გვთავაზობენ. თუმცა მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რაც სწორედ იმ თანამშრომელთა შენარჩუნებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ, რომლებიც არ არიან მათი ოჯახის წევრები.
შექმენით ოჯახური გარემო ყველა თანამშრომლისთვის
ოჯახური ბიზნესები ხშირად მჭიდროდ შეკრულ, ოჯახის მსგავს კულტურას გვთავაზობს, რაც მსგავსი ღირებულებების მქონე თანამშრომლებს იზიდავს, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მენეჯმენტმა ეს დაპირება თანამშრომლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს. კვლევის თანახმად, იმის გამო, რომ ოჯახური ბიზნესი კონკურენტული უპირატესობისთვის მსგავს უნიკალურ კულტურებს ეყრდნობა, თანამშრომლების კომპანიასთან იდენტიფიცირება მთავარი საკითხი რჩება. ეს საკუთარი თავის ორგანიზაციის ნაწილად აღქმას ეხება, ამასთან, წარმატებისა და მარცხის საერთო განცდას. იმის გამო, რომ ისინი ხშირად სათანადო ხელფასს ვერ სთავაზობენ დასაქმებულებს, ერთიანობის გრძნობის გაღვივება ბიზნესსა და თანამშრომლებს შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი ხდება.
ხოლო ერთიანობის გრძნობის შექმნა, ოჯახის მსგავს კულტურაში თანამშრომლების შენარჩუნებას უდევს საფუძვლად, რამაც უფრო ბედნიერი და სამსახურში მეტად ჩართული სამუშაო ძალა უნდა უზრუნველყოს. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტიულობისთვის არის კარგი, თანამშრომლებს სხვა სამსახურზე ფიქრშიც კი უშლის ხელს. დიახ, ერთიანობის გრძნობამ შეიძლება შეამციროს თანამშრომლებისთვის პოტენციურად მაღალანაზღაურებადი სამსახურისკენ სწრაფვა, რადგან მათთვის ოჯახური კულტურის მქონე ორგანიზაციიდან წამოსვლა, საკუთარი ნაწილის დათმობას უტოლდება. ამიტომ, საოჯახო კომპანიების მენეჯერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ოჯახიდან წამოსვლა, სამსახურიდან წამოსვლაზე უფრო რთულია. ამ უნიკალური უპირატესობის გამოყენება კი მათ დასაქმებულთა შენარჩუნებაში დაეხმარება.
იმოქმედეთ ოჯახის მსგავსად
„ოჯახურობის“ განცდა კომპანიის პერსონალს შორის ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებას მოითხოვს. ასე რომ, რა უნდა გააკეთონ მენეჯერებმა მსგავსი ურთიერთობებისთვის? ეს, შესაძლოა, სამსახურის გარეთ სოციალიზაციის მეტი შესაძლებლობის გაჩენა იყოს ან სამუშაო სივრცის დიზაინისა და ფორმის მათზე მორგება. ამ უკანასკნელს პროდუქტიულობისთვის ერთდროულად ბევრი ნაკლი და სარგებელი აქვს, მაგრამ ინტერაქციისა და სამსახურში ურთიერთობების გაღვივებისთვის იდეალურია.
ასევე, საოჯახო ბიზნესებმა სახლიდან მუშაობის თანამედროვე ტრენდი უნდა გაითვალისწინონ — პერსონალური ურთიერთქმედებები ურთიერთობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, რაც საოჯახო კომპანიებისთვის უნიკალურ უპირატესობას ქმნის. ბუნებრივია, ეს თანამშრომელთა შენარჩუნებასაც მოიცავს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური მუშაობის მოქნილობა მრავალ სარგებელს გვთავაზობს, საოჯახო კომპანიების მენეჯერებმა უნდა გააცნობიერონ მისი ეფექტი ოჯახის მსგავს კულტურაზე, რაც ხშირად მნიშვნელოვანია მათი კომპანიის კონკურენტული უპირატესობისა და უფრო ფართო შენარჩუნების ძალისხმევისთვის. ისიც მართალია, რომ ყოველი კომპანიის სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ მაინც, დისტანციურ სამუშაოს კულტურული გავლენა ექნება ოჯახურ ბიზნესებზე, რაც, თავის მხრივ, პოტენციურად საზიანო იქნება დასაქმებულების შენარჩუნებისთვის.
ხოლო კუთვნილების გრძნობა რომ გააძლიერონ და თანამშრომელთა სამსახურიდან წასვლის მაჩვენებელიც შეამცირონ, ოჯახური ბიზნესების მენეჯერებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი სამუშაო პირობები, რომლებიც მათ პერსონალს ოჯახის მსგავსად მოქმედების საშუალებას მისცემს.
არ დაგავიწყდეთ ოჯახის წევრი თანამშრომლები
მართალია, იმ თანამშრომლებში, რომლებიც თქვენი ოჯახის წევრები არ არიან, სამსახურიდან წასვლის რისკი უფრო მაღალია, მაგრამ ოჯახურ ბიზნესებს არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ ამ კომპანიაში მათივე ოჯახის წევრებიც არიან დასაქმებული. თუმცა ვარაუდი, რომ ისინი აქ სამუდამოდ იმუშავებენ, პოტენციურად ნაკლოვანია. ოჯახის წევრები კომპანიას შეიძლება იმის გამო შეუერთდნენ, რომ მათი ნათესაობა უსაფრთხო ალტერნატივას ქმნის აღმავალ კარიერულ ბილიკზე. თანაც, ოჯახის წევრები უმკლავდებიან ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ოჯახური კონფლიქტები და და-ძმების მეტოქეობა, ეს კი ის არის, რასაც სხვა კომპანიები არ განიცდიან. სწორედ ამიტომ არ არის საოჯახო ბიზნესები ოჯახის წევრი თანამშრომლების წასვლისგან დაზღვეული. მათ წასვლას კი კომპანიის მომავალზე დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, რადგან მემკვიდრის უზრუნველყოფა, საოჯახო ბიზნესების უმეტესობის მიზანია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ოჯახის წევრ თანამშრომლებსა და სხვა დასაქმებულებს შორის ურთიერთობების გაღვივებაზე ერთნაირად იზრუნოთ.
კვლევის თანახმად, გამოწვევების მიუხედავად, ოჯახურ ბიზნესს შეუძლია თანამშრომელთა შენარჩუნება და მათ სხვა უნიკალური უპირატესობებიც აქვთ. ეს ერთიანობის გრძნობის გაძლიერებითა და კომპანიის პერსონალს შორის საერთო იდენტობის ჩამოყალიბებით აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ამგვარი ქმედება, პროდუქტიულ სამუშაო ძალას შექმნის და დაეხმარება თანამშრომლებს, ნაკლებად იფიქრონ სამსახურიდან წასვლასა თუ მაცდუნებელ შემოთავაზებებზე. მართალია, თანამშრომელთა შენარჩუნებისთვის საოჯახო ბიზნესებს ფულის შეთავაზება არ შეუძლიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ამ მიზნით საერთოდ ვერაფერს გააკეთებენ.
წყარო: HBR