სპორტში, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ათლეტებზე, რომ მათ „უნდოდათ“ გამარჯვება სხვებზე მეტად და ამიტომაც მიაღწიეს წარმატებას. ასეთი ადამიანები არიან მოთამაშეები, რომლებიც ოფლის ბოლო წვეთამდე ხარჯავენ ენერგიას, რომ საუკეთესო შედეგი აჩვენონ. ასეთები არიან ადამიანები, ვისთვისაც მარცხი არის ძალიან მტკივნეული და ვისაც ვერაფერი შეაჩერებს. ათლეტების შემთხვევაში, მწვრთნელის სამსახურია, რომ შთააგონოს ისინი და გააღვიძოს მათში მოტივაცია, რომელიც მათი შედეგების მაქსიმიზაციას უზრუნველყოფს.
არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია, რომელიც შესაბამისად, შიდა და გარე ფაქტორების ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული. ლიდერისთვის მარტივია, რომ დაეყრდნოს წახალისებას/სანქციას – მოტივაციის სხვა გარე ფაქტორებს და თანამშრომელში ასე ეცადოს ბრძოლის ჟინის გაღვიძებას, მაგალითად, „თუ შენ გააკეთებ – X-ს, შენ მიიღებ Y-ს“ – თუმცა, ასეთი ტიპის მოტივაცია, გრძელვადიან პერსპექტივაში, არაეფექტურია. საუკეთესო მწვრთნელებსა და ლიდერებს გააზრებული აქვთ შინაგანი მოტივაციის მნიშვნელობა მუდმივად გამარჯვებისკენ სწრაფვის კულტურის მშენებლობის პროცესში და ის გზაც იციან, როგორ შთააგონონ ადამიანები, რომ საქმე აკეთონ სამსახურის სიყვარულით და არა იმიტომ, დავალების კარგად შესრულების შემთხვევაში, მათ ელით ჯილდო, მით უფრო, მატერიალური.
ქვემოთ ჩამოთვლილია 6 რჩევა, როგორ უნდა გააღვიძო ვნება შენს თანამშრომლებში:
ბმა თანამშრომლების საქმიანობასა და კომპანიის წარმატებას შორის
როცა ათლეტმა იცის, რომ კონკრეტულად, მის ქმედებებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს გუნდის მარცხსა თუ გამარჯვებაზე, უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს. ლიდერის ვალია, თანამშრომლებს დაანახვოს კავშირი მათს ყოველდღიურ საქმიანობასა და მთლიანი კომპანიის წარმატებას შორის, რადგან ადამიანები უნდა ხვდებოდნენ მათ მიერ შესრულებული საქმის მნიშვნელობას როგორც დეპარტამენტის, ისე მთლიანი კომპანიის დონეზე.
„პატარა გამარჯვებები“ – დიად მიზნებამდე მისასვლელი გზა
წარმატებული ათლეტის ერთი საიდუმლო არის ის უნარი, რომელიც გულისხმობს დიადი მიზნების დისკრეტულ ნაწილებად დაყოფას. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ მან ფოკუსი გააკეთოს საოცნებო რეკორდზე, ის კონცენტრირდება იმ პატარა ნაბიჯებზე, რომელიც დაეხმარება საბოლოო შედეგამდე მისასვლელად – გარბენის გაზრდა, უფრო მძმის აწევა, ყოველდღიურად, უფრო მეტი წყლის დალევა და ა.შ.
ფსიქოლოგი კარლ ვაიკი ამბობს, რომ საბოლოო მიზნები შეიძლება, იყოს მოტივაციის კონტრპროდუქტიული. ადამიანები ხშირად კარგავენ იმის ძალას, რომ დიდ გამოწვევებს ერთიანად გაუმკლავდნენ. ამიტომ, ვაიკის რჩევაა: „აქციეთ მიზნები პატარა გამოწვევებად, რომელიც იქნება ხელშესახები და ექნება ხილვადი შედეგები“. ამას ის უწოდებს „პატარა გამარჯვებებს“. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო წარმატება შენს გუნდს დაეხმარება, რომ შეინარჩუნოს მოტივაცია და მყარად განაგრძოს პროგრესი დიდ მიზნამდე მისაღწევად.
პრაქტიკა – საუკეთესო საშუალება გამარჯვების გზაზე
ათლეტების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, რაც მეტს ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მით მეტად იზრდება მათი შინაგანი მოტივაციაც. ლიდერმა უნდა მისცეს საკუთარ გუნდს შანსი და შესაძლებლობა, რომ მათ განივითარონ პრაქტიკული უნარები. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს, პროფესიული განვითარების არაერთი ძალიან კარგი პლატფორმა არსებობს, ეს, მენეჯერისთვის, კიდევ უფრო ამარტივებს ამ პუნქტის შესრულებას.
გულწრფელი ურთიერთობების შენება
ათლეტები, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ მწვრთნელსა და გუნდის წევრებზე, ერთგვარად, ინვესტიციას დებენ როგორც საკუთარი, ასევე, გუნდის წარმატებაში. ლიდერებსა და თანამშრომლებს შორის კარგი ურთიერთობა არ ნიშნავს ფეისბუკზე მეგობრობას ან დასალევად ერთად წასვლას. კარგი მენეჯერი თანამშრომლებთან ურთიერთობის საზღვრებს იქამდე სწევს, რომ შეეძლოს მათთან გულახდილი საუბარი, გაიგოს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაში არიან თავდაჯერებულები და რა აშინებთ, პროფესიულ საქმიანობაში.
შექება ძალისხმევის და არა – თავად ადამიანის
თანამშრომლის შესრულებულ საქმიანობაზე პოზიტიური უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ შემთხვევაში, უკეთესია, აქცენტი გააკეთო ძალისხმევაზე, საქმის შესრულებისას დახარჯულ ენერგიაზე, ვიდრე თავად ადამიანზე: „შენ ხარ გადასარევი“, „შენ როკ ვარსკვალვი ხარ“. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ბავშვებს, ვინც მათ მიერ შესრულებული საქმით შეაქეს: „შენ მართლაც ბევრი იშრომე“ – აბსტრაქტული პერსონალური შეფასების მაგივრად: „შენ ხარ ჭკვიანი“- მომავალში, უფრო მეტი პასუხისმგებლობები და გამოწვევები აიღეს საკუთარ თავზე. ნაყოფიერი მუშაობის შეფასება ეხმარება ადამიანს, გაიგოს, რა ხდის მას წარმატებულს.
ბედნიერება<=>მოტივაცია
ყველაზე მოტივირებულ გუნდში არიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები. ეკონომიკის ექსპერტი, ენდრიუ ჯეი ოსვალდი სწავლობდა ბედნიერების გავლენას პროდუქტიულობაზე და აღმოაჩინა, რომ პოზიტიურ განწყობას შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სამუშაოს ნაყოფიერება.
შინაგან მოტივაციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა გუნდისთვის, რომელიც დიადი მიზნების მისაღწევად იბრძვის. ლიდერებს კი, რომლებსაც ესმით განსხვავება მოტივაციის შიდა და გარე ფაქტორებს შორის, უფრო დიდი შანსი აქვთ, რომ იყვნენ პირველები არა მხოლოდ თავიანთ სფეროში, არამედ მთლიანად, ბაზარზე.
წყარო: entrepreneur.com












