ერთი შეხედვით, შეიძლება, სამსახურებრივი მეგობრობა ტრივიალური ჩანდეს, თუმცა მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი ძირითადი ფსიქოლოგიური მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია.
თანამშრომლები, რომელთაც მჭიდრო კავშირები აქვთ სამსახურში, უფრო პროდუქტიულები, კრეატიულები და გუნდურები არიან. სამუშაოს მიმართაც მეტ კმაყოფილებას გამოხატავენ და ნაკლებად მიდრეკილნი არიან გამოფიტულობისა თუ სამსახურის დატოვებისკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი არა მარტო უკეთესი კონტრიბუტორები არიან, არამედ გუნდს მეტ სტაბილურობასაც ანიჭებენ.
ამის საპირისპიროდ კი, როცა თანამშრომლები გუნდთან კავშირს ვერ გრძნობენ ან მარტოსულები არიან სამსახურში, მათი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად მცირდება, ფოკუსირებისა და სხვებთან თანამშრომლობის სურვილიც იკლებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ისინი სხვებისგან ამ მარტოობის დამალვას ცდილობენ, რაც მათ პროექტების დასასრულებლად ნაკლებ გონებრივ ძალას უტოვებს.
თუმცა ერთია ახლო კავშირების ლოგიკურად დაფასება და მეორე, იმის ცოდნა, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. ან საერთოდ, როგორ უნდა მოიქცეს ხელმძღვანელი, რათა თანამშრომლები გააერთიანოს?
კვლევის თანახმად, სამსახურებრივი მეგობრობა უბრალოდ არ ყალიბდება. იგი კონკრეტულ გარემოებებში ვითარდება, რომელთა შექმნაც ლიდერებს სტრატეგიულად შეუძლიათ, დისტანციურ და ჰიბრიდულ გარემოშიც კი. ამიტომ, ახლა ის სამი სტრატეგია განვიხილოთ, რომელიც ლიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ, რათა მაქსიმუმი მიიღონ მჭიდრო კავშირების მეცნიერებისგან.
1. გამოიყენეთ საერთო თვისებები ურთიერთობების გასაღვივებლად
თუ კვლევებს დავუჯერებთ, მეგობრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მსგავსებაა. რაც უფრო მეტი საერთო ექნებათ თანამშრომლებს, დამეგობრების მით უფრო მეტი შანსიც გაჩნდება, იქნება ეს საყვარელი სატელევიზიო შოუ, ჰობი თუ დაბადების დღე ერთსა და იმავე რიცხვში.
მენეჯერებს კი ამის გამოყენება თანამშრომლებისთვის იმ გზების გამარტივებით შეუძლიათ, რითაც ისინი მსგავსებებს დაადგენენ. საუკეთესო შესაძლებლობა სწორედ ახალი თანამშრომლის მიღებისას გეძლევათ. იმის ნაცვლად, რომ ისინი მათი პროფესიული გამოცდილებით გაიცნოთ, გამოავლინეთ რამდენიმე დეტალი მათი პირადი ინტერესების შესახებ და ისინი თქვენს მისასალმებელ შეტყობინებაშიც ჩასვით.
გუნდის ახალი წევრების პირადი ინტერესებით გაცნობა, მათ დაუყოვნებლივ ჰუმანიზაციას იწვევს და არსებულ წევრებს საშუალებას აძლევს, იპოვონ მსგავსებები, რათა მათ მომავალში დაუახლოვდნენ. მეტიც, პირადი ინტერესების შესახებ რაღაცის გაგების სურვილი ახალ დაქირავებულებს ეუბნება, რომ თქვენ ზრუნავთ მათზე და მათ ინდივიდუალობასაც აფასებთ. ეს ასევე განმასხვავებელი ნიშანიც შეიძლება აღმოჩნდეს — სამყაროში, სადაც დასაქმებულთა 88%-ს სჯერა, რომ ახალ თანამშრომელთა მიღების პროცესი შეიძლება გაუმჯობესდეს, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მეგობრობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, არა მარტო გამოარჩევს ორგანიზაციას, არამედ მას უფრო ეფექტური თანამშრომლობისკენ გაუკვალავს გზას.
2. ხაზი გაუსვით საერთო მიზნებს
გუნდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია იმის უზრუნველყოფა, რომ თანამშრომლები ერთმანეთს უყურებენ არა მხოლოდ, როგორც კოლეგებს, არამედ, როგორც თანაგუნდელებს. თუმცა როგორ უნდა მოხდეს ეს?
სოციალური ფსიქოლოგები დიდი ხანია ამბობენ, რომ საერთო მიზნები ან საერთო მიზნის მისაღწევად ერთად მუშაობის გამოცდილება ხელს უწყობს მეგობრობის ჩამოყალიბებას. ეს კვლევამაც დაადასტურა — თანამშრომლები, რომლებიც კოლეგებს მათი წარმატების მნიშვნელოვან ნაწილად აღიქვამდნენ და მათთან ახლო კავშირებსაც ამყარებდნენ, ნაკლები უთანხმოება ჰქონდათ და სამსახურსაც უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ.
საერთო მიზნების იდენტიფიცირება კი ბევრ ორგანიზაციაში გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი და იმავე გუნდის წევრები განსხვავებულ პროექტებზე მუშაობენ. აქ თანამშრომლები გრძნობენ, რომ მათ არ აქვთ საერთო მიზანი და კონფლიქტების წარმოშობის ალბათობაც იზრდება.
თუმცა მაშინაც კი, როცა თანამშრომლობა შეზღუდულია, საერთო მიზნებს შეუძლია გუნდური მენტალიტეტის ჩამოყალიბებისთვის ღირებული შესაძლებლობა შექმნას. მენეჯერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, თუ როგორ მოითხოვს კონკრეტული პროექტის შესრულება გუნდურ ძალისხმევას, ამის გაკეთება კი ისეთივე მარტივი იქნება, როგორც მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ხაზგასმა, ან საჯაროდ მადლობის გადახდა იმ ინდივიდისთვის, რომლის წვლილი მნიშვნელოვანია გუნდის წარმატებისთვის, მაგრამ იგი ადვილად შეუმჩნეველიც შეიძლება დარჩეს.
აქ კიდევ ერთი ვარიანტი გაქვთ — თქვენ მთლიანი გუნდის მიზნები უნდა აღნიშნოთ, რომელთა მიღწევა მხოლოდ ერთიანი მუშაობით არის შესაძლებელი. გუნდურობის ხელშეწყობა ოფისის გარე რეკრეაციული აქტივობებითა და აქ, საერთო მიზნის გაჩენითაც შეგიძლიათ. გამოდის, კარგად შემუშავებულ სოციალურ აქტივობას იმაზე უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ სახალისო გამოცდილების მიწოდებაა. მას შეუძლია წარმოადგინოს პირობები, რომლებიც კოლეგებს უფლებას აძლევს, საერთო მიზნის მისაღწევად ითანამშრომლონ.
3. გადააქციეთ დაძაბულობა კავშირად
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ სამსახურში უთანხმოებები ხშირად იჩენს თავს მაშინ, როცა ადამიანები კავშირის ნაკლებობას განიცდიან, როცა ისინი დაუფასებლობასა და უპატივცემულობას გრძნობენ. თუმცა თუ უთანხმოებების ნავიგაციას სწორად მოახდენთ, ამან უფრო მეტი ღირებულება შეიძლება შემოგთავაზოთ — უფრო შემოქმედებით და უკეთეს გადაწყვეტილებებამდე და, შესაბამისად, უკეთეს შესრულებამდეც შეიძლება მიგიყვანოთ.
საუკეთესო ლიდერები კი იმაზე უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე უბრალოდ კონფლიქტის ჩახშობაა. ისინი ცდილობენ დაძაბული მომენტები უფრო ღრმა კავშირების შესაძლებლობებად აქციონ. ეს პარტნიორობაში ხელახლა ჩართვით შეიძლება მოხდეს, მაგალითად, პარტნიორის წვლილის აღიარებით ან მისი გამოცდილების დაფასებით. აქ კი, შემდეგ ხრიკს უნდა მიმართოთ — სწრაფად დაარწმუნოთ კოლეგა, რომ თქვენი უთანხმოება არაფერ შუაშია თქვენს ურთიერთობასთან და ყველაფერი საუკეთესო გამოსავლის პოვნას ეხება.
კვლევა ცხადყოფს, რომ ჩვენს კოლეგებთან კავშირის გრძნობა ზრდის პროდუქტიულობას, ამცირებს სამსახურიდან წასვლის შანსებს და აძლიერებს გუნდურ მუშაობას. ამგვარად, ეს მაღალი დონის გუნდების შესაქმნელად ძლიერი ინსტრუმენტიც გამოდის.
საბედნიეროდ კი, როცა საქმე თანამშრომლებს შორის მეგობრობის ჩამოყალიბებას ეხება, ხელმძღვანელებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. მჭიდრო კავშირების მეცნიერების „ინსაითების“ გუნდურობასა და პროდუქტიულ თანამშრომლობასთან გაერთიანებით, ნებისმიერ ლიდერს შეუძლია დააკმაყოფილოს თავისი გუნდის მიკუთვნებულობის საჭიროება და, ამგვარად, პროდუქტიულობაც აამაღლოს.
წყარო: HBR