in

რატომ ამჯობინებენ თანდაყოლილ ნიჭს შრომისმოყვარეობას?

თითქმის ყველა სფეროში წარმატება ნიჭიერებისა და შრომის შერწყმით მოდის. თუმცა თუ ცნობილ ადამიანებს მოვუსმენთ, მივხვდებით, რომ ისინი თანდაყოლილი შესაძლებლობებისა თუ ნიჭის როლს ცოტათი აკნინებენ… ალბათ, ხშირად გსმენიათ თომას ედისონის გამოთქმაც, რომ გენიოსს ინსპირაციის მხოლოდ 1% აქვს და შრომისმოყვარეობის 99%. რონალდუს სიტყვებიც მოვიშველიოთ, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ნიჭი არაფერია შრომის გარეშე…

მიუხედავად ამისა, ბოლო ფსიქოლოგიური კვლევის თანახმად, ადამიანები მეტი პატივისცემით გამოირჩევიან იმ ინდივიდებისადმი, რომელთაც თანდაყოლილი ნიჭი აქვთ, ვიდრე იმ ადამიანებისადმი, რომლებიც წარმატებისკენ მიისწრაფვიან. ეს ბუნებრივი მიკერძოება რეალურ შედეგებსაც ავლენს — შესაძლოა, რეკრუტერმა უპირატესობა ნაკლებად გამოცდილ კანდიდატს მიანიჭოს, თუ ჩათვლის, რომ ნიჭიერია, იმ კანდიდატთან შედარებით, რომელიც შრომისმოყვარე და მიზანდასახულია…

თუმცა, საბედნიეროდ, კვლევის ავტორები რჩევებსაც გვიზიარებენ, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან ჩვენივე შრომისმოყვარეობის გამო დასჯა.

პირველი ექსპერიმენტი

ბუნებრივი მიკერძოებების გამოსაცდელად პატარა მუსიკალური ექსპერიმენტი ჩაატარეს, ორ ჯგუფს ერთი და იგივე მუსიკა მოასმენინეს, ერთ მათგანს მიაწოდეს ინფორმაცია შემსრულებლის ნიჭზე, მეორეს კი შრომისმოყვარეობაზე. მოსმენის შემდეგ კი მონაწილეებს მუსიკოსი უნდა შეფასებინათ. მათ მაღალი შეფასებები დაუწერეს შემსრულებელს, რომლის ნიჭზეც ჰქონდათ ინფორმაცია მიწოდებული და, პირიქით. ხოლო, როცა პირდაპირ ჰკითხეს, რომელი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი მუსიკალური მიღწევებისთვის, უმეტესობამ უპირატესობა ნიჭს მიანიჭა. მიღებული შედეგების საფუძველზე, მეცნიერები ასკვნიან, რომ ეს ბუნებრივი მიკერძოება არაცნობიერი დამუშავების შედეგიც კი შეიძლება იყოს…

მეორე ექსპერიმენტი

აქ უკვე გაარკვიეს ადამიანების დამოკიდებულება მეწარმეების წარმატებისადმი. მონაწილეებს დამწყები მეწარმის ბიზნეს გეგმის ერთწუთიანი პრეზენტაცია წარუდგინეს, აქაც ერთს ბიოგრაფიული ინფორმაცია მისცეს, რომელიც ხაზს უსვამდა შრომისმოყვარეობას, მეორე კი ნიჭს — შედეგები მუსიკალური ექსპერიმენტის მსგავსი იყო… 

როგორც ვიგებთ, ეს ბუნებრივი მიკერძოებები საკმაოდ ადრეულ ასაკშიც იჩენს თავს, კვლევის თანახმად, 5 წლის ბავშვებიც კი მეტი პატივისცემით გამოირჩევიან თანდაყოლილი ნიჭისადმი. 

კვლევები

ინდივიდუალურ დონეზე ბუნებრივი მიკერძოებების არსებობას გავლენა იმ გზებზეც აქვს, რომლითაც სხვებს წარვუდგენთ თავს ისე, რომ ჩვენი მიღწევები შეუმჩნეველი არ დარჩეს… ამაში კვლევაც გვარწმუნებს, რომელიც 6000 სტუდენტზე ჩატარდა — მათ კარიერული მოგზაურობის აღწერა სთხოვეს, დაახლოებით 80%-მა თანდაყოლილ უნარებზე მეტად, ყურადღება თავიანთ ძალისხმევასა და დისციპლინაზე გაამახვილა. ეს ტენდენცია კი კიდევ უფრო მძლავრი გახდა, როცა მათ ამ მოგზაურობის სხვა ადამიანებისთვის გაზიარება დაავალეს. 

მიღებულ შედეგებს მარტივად, ერთი მიზეზით ხსნიან, რომ ადამიანები თავს არიდებენ ქედმაღლობას და სწამთ, შრომისმოყვარეობაზე ფოკუსირება, თანდაყოლილ ნიჭთან შედარებით, მათ უფრო კარგად წარმოაჩენთ… ქედმაღლობა კი, მაგალითად გასაუბრების დროს, არაფერში გამოგადგებათ, რადგან ასე სხვებს ირიბად მიანიშნებენ, რომ, შესაძლოა, გადაწყვეტილებები მარტო, სხვებთან შეთანხმების გარეშე, მიიღონ.

კიდევ ერთი კვლევა მეტად საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს, რომ მიკერძოებების შემსუბუქება კონტექსტზეცაა დამოკიდებული. შესაძლოა, ადამიანებმა უპირატესობა მიანიჭონ თანდაყოლილ ნიჭს, მაგრამ როგორც კვლევამ აჩვენა, დღეს ისინი უფრო მეტად საუბრობენ თანამშრომლობაზე. დიახ, ეს იმითაა განპირობებული, რომ სამსახურებშიც უპირატესობას გუნდურობას ანიჭებენ…

დაბოლოს, გამოსავალი შრომისა და ნიჭის დაბალანსებაშია, 50/50-ზე თანაფარდობაში, მიუხედავად იმისა, რომ ედისონი 1-ის 99-თან შეფარდებას გვთავაზობდა…

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ვოლვო XC60-სა და XC90-ზე 35 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს

როგორ მივაღწიოთ კონსენსუსს რთული სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას