in

Wildness – ტანსაცმლის ახალი ბრენდი საქართველოში, სადაც ვიზუალი შინაარსს ატარებს

დღევანდელ სამყაროში, სადაც სწრაფი მოდა ყოველდღიურად ახალ-ახალ ტენდენციებს გვთავაზობს, სულ უფრო იშვიათია ბრენდები, რომლებიც მხოლოდ ვიზუალზე არ ჩერდებიან და ცდილობენ, ადამიანთან უფრო ღრმა კავშირი დაამყარონ. სწორედ ამ გარემოში ჩნდება ახალი ქართული ბრენდი Wildness, რომელიც ტანსაცმელს აღიქვამს, როგორც თვითგამოხატვის, ემოციისა და დიალოგის ფორმას.

Wildness ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, თუმცა უკვე მკაფიოდ ჩანს მისი იდენტობა – გაბედული, გულწრფელი და შინაგან სამყაროზე ორიენტირებული. ეს არის ბრენდი მათთვის, ვინც არ უშინდება საკუთარი თავის გამოხატვას და ტანსაცმელში მხოლოდ სტილს კი არა, შინაარსსაც ეძებს.

დამფუძნებელი მელისა ბოლშაკოვა იხსენებს ბრენდის შექმნის საწყისებს და მის კონცეფციასაც გვიზიარებს:

M: მოგვიყევით Wildness-ის შესახებ: როგორ გაჩნდა ბრენდი და რა იყო მისი შექმნის მთავარი ინსპირაცია?

ბრენდზე მუშაობა უნივერსიტეტის პერიოდში დავიწყე. თავიდანვე მინდოდა შემექმნა რაღაც ისეთი, რაც რეალურ ღირებულებას ატარებდა – არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ საშუალება, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს გამოხატავდა.

ამ იდეამ მიმიყვანა ტანსაცმლის ბრენდამდე. ტანსაცმელი ძალიან ძლიერი კომუნიკაციის ფორმაა – ფრაზებით, ილუსტრაციებითა და ფერებით შეგიძლია თქვა ის, რასაც სიტყვებით ხშირად ვერ ამბობ.

Wildness სწორედ ამ იდეიდან დაიბადა, როგორც თვითგამოხატვისა და გამბედაობის ბრენდი. მიზანი იყო, რომ ადამიანები არა მხოლოდ ატარებდნენ ტანსაცმელს, არამედ საკუთარ სათქმელსაც ამბობდნენ. ამ გადაწყვეტილებაზე საბოლოოდ იმანაც იმოქმედა, რომ ქართულ ბაზარზე მსგავსი ღირებულებების მქონე ბრენდების ნაკლებობა დავინახე.

M: ვინ დგას ბრენდის უკან – მოგვიყევით თქვენი და თქვენი გუნდის შესახებ…

ამ ეტაპზე ბრენდის განვითარებაში ჩემთან ერთად ჩართული არიან ჩემი უახლოესი ადამიანები და მეგობრები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ პროცესში, მაძლევენ რჩევებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრენდის ზრდაში.

განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ნათია არახამიას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული როგორც იდეის, ისე ვიზუალური მიმართულების ჩამოყალიბებაში.

M: რა დგას სახელის, Wildness-ის უკან?

სახელი სრულიად ბუნებრივად, მეგობრულ გარემოში გაჩნდა. გვინდოდა სიტყვა, რომელიც ერთდროულად იქნებოდა ახლობელი როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური აუდიტორიისთვის.

Wildness ასახავს ადამიანის იმ პირველყოფილ, „ველურ“ ბუნებას, რომელიც ყოველდღიურ ბრძოლებში იღვიძებს. ეს არის ჩვენი დაუმორჩილებელი მხარე, რომელიც ინდივიდუალურობას გვინარჩუნებს და გვიბიძგებს ვიყოთ ნამდვილი.

M: როგორ აღწერდით ბრენდის ვიზუალურ სტილსა და დიზაინს?

Wildness-ის ვიზუალური მხარე ძალიან გააზრებულია. ლოგოს ფორმატში სიმბოლოებისა და ციფრების გამოყენება (W!Ldn3ss) არის იმ თაობის ციფრული ენა, რომელიც ტექნოლოგიებთან ერთად გაიზარდა.

მთავარი სიმბოლო – ორი თითის ანაბეჭდით შექმნილი გული, გამოხატავს ერთობას, კვალის დატოვებას და იმ კავშირს, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ჩვენი კოლექციები ხშირად ეხება თემებს, რომლებზეც საზოგადოებაში ნაკლებად საუბრობენ. პირველი კოლექცია „Unspoken Vol.1“ სწორედ ასეთ თემებზეა: ემოციურ, რთულ და ხშირად ჩუმად დარჩენილ გამოცდილებებზე. თითოეული ფრაზა ტანსაცმელზე არის ერთგვარი მოწოდება დიალოგისკენ, გათავისუფლებისკენ და საკუთარი თავის მიღებისკენ.

ფოტო: ნათია არახამია

M: რამდენად მნიშვნელოვანია მასალები და წარმოების პროცესი?

ჩვენთვის ხარისხი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ვცდილობთ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც იქნება გამძლე და სტაბილური, მრავალჯერადი გამოყენების შემდეგაც შეინარჩუნებს ფორმას, ფერს და ვიზუალურ ელემენტებს. მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იგრძნოს, რომ ყიდულობს ხარისხს და არა უბრალოდ ნივთს.

M: ვინ არის Wildness-ის აუდიტორია?

ჩვენი ტანსაცმელი არის ადამიანისთვის, რომელიც თავისუფალია, ცოტა მეამბოხე და არ ერიდება საკუთარი თავის გამოხატვას.

ეს არის ადამიანი, რომელიც არ ცდილობს იდეალურობას, არამედ ირჩევს – იყოს ნამდვილი. მათთვისაა, ვინც საკუთარ „ველურ“ და დაუმუშავებელ მხარეებსაც არ მალავს და ეძებს ტანსაცმელს, რომელიც მისი ხასიათის გაგრძელებაა.

M: როგორ ახერხებთ განსხვავებას სწრაფი მოდის ბრენდებისგან?

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის შინაარსი და ხარისხი. ბაზარზე ბევრი ბრენდია, რომელიც რაოდენობაზეა ორიენტირებული, ჩვენ კი ვცდილობთ შევქმნათ გამძლე და ღირებული პროდუქტი.

ამასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ემოციური კავშირი მომხმარებელთან. არ ვქმნით უბრალოდ ტანსაცმელს – ვქმნით იდეას და გამოცდილებას.

ფოტო: ნათია არახამია

მიუხედავად იმისა, რომ სამომავლო გეგმებზე დეტალურად საუბარი ბრენდს ჯერ არ სურს, ერთი რამ ცხადია – Wildness განვითარებას არ შეწყვეტს. გლობალური ხედვა და მასშტაბების გაფართოება ის მთავარი მიზანია, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ Wildness არ არის მხოლოდ ბრენდი, ეს არის მოძრაობა.

ფოტო: pyronoctis

[R]

Bybit Georgia – საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი

როგორ ანადგურებს ხელოვნური ინტელექტი გუნდის გამორჩეულ უნარებს