პანდემიამ საკუთარ თავთან სრულიად მარტო კი დაგვტოვა, მაგრამ საკუთარი თავის აღმოჩენაშიც დაგვეხმარა, დავეუფლეთ უამრავ ახალ ჰობს და დავიწყეთ სრულიად ახალი საქმიანობები. ასე იყო მარიამ თედიაშვილის შემთხვევაშიც — სწორედ ამ დროს დაიწყო ხატვა, თანაც ისე, რომ მისი ფურცლიდან ტანსაცმელზე გადატანის იდეა გაჩნდა და Bestia-ც შეიქმნა. თვითნასწავლი მხატვარი ქართული ბრენდის მთავარ პერსონაჟად შავ-თეთრ, მკაცრი გამოხედვის მქონე იაგუარს წარმოგვიდგენს. მეტიც, გვეუბნება, რომ მასში საკუთარი თავის დანახვაც უნდა შევძლოთ…
„მინდა, ბესტიას მომხმარებელმა ძლიერ და ლამაზ იაგუარებში საკუთარი თავის დანახვა შეძლოს და თუ ასე არ იქნება, იქამდე იმუშაოს საკუთარ თავზე, სანამ არ დაინახავს“, — გვეუბნება მარიამი, ბრენდის დამფუძნებელი.
„ბესტია“ 2020 წელს დაარსდა, თუმცა გარკვეული პაუზის შემდეგ, წელს განაახლეს. ბრენდის შექმნის იდეა კი მეგობრების სურვილიდან იღებს სათავეს, რომ ნახატები მაისურზე გადაეტანათ. სატესტო ვერსია წარმატებული აღმოჩნდა და სწორედ ამის გამო ვხედავთ დღეს ჩვენ Bestia-ს ქართულ ბაზარზე. იგი ნახატებითა და ლოგოებით გაფორმებულ ტანსაცმელებსა და აქსესუარებს გვთავაზობს, იქნება ეს მაისურები, ჰუდები, შარვლები, პულოვერები, პანამები, ჩანთები თუ კაშნეები. ახალ კოლექციაში საცურაო კოსტიუმები და საზაფხულო კოლექციაც დაემატება.
„„ბესტიას“ მომხმარებელი არის ადამიანი, რომელიც იმდენჯერ ადგება, რამდენჯერაც დაეცემა და არ შეწყვეტს ცდას უკეთესობისკენ. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ჩაცმის სტილს, აქ ნებისმიერი იპოვის აქსესუარს თუ ტანისამოსს. Bestia-ს მომხმარებელი არის თავისუფალი, ძლიერი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია არც სიახლეების და არც სირთულეების. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მომხმარებელი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ეხმარება სხვებს“, — აღნიშნავს მარიამი.
M: მარიამ, საინტერესოა, რა არის თქვენი მუზა და შთაგონება?
ხატვა 2020 წლის აპრილში პანდემიის დროს დავიწყე. ალბათ, მთავარი მიზეზი PTSD იყო — ხატვა მეხმარება ემოციების ბალანსში, ცოტა ხნით გრძნობებისგან გათიშვასა და შინაგანი სიმძიმისგან დაცლაში. ხშირად უკითხავთ და მიფიქრია, რა არის ჩემი მუზა… ალბათ, ასე კონკრეტული მუზა არ მაქვს ან არ მყავს, თუმცა ამაში ზურა ჯიშკარიანის, იგივე Dilla-ს ტექსტები ძალიან მეხმარება — ამ ადამიანს შეუძლია, ერთ წინადადებაში შენი ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი ჩაატიოს ან შენი განვლილი ცხოვრება გამოხატოს. თვითნასწავლი ვარ, ნახატები კი შესრულებულია ტუშით ქაღალდზე, შავ-თეთრია და, ვფიქრობ, ერთი ფერადი დეტალიც კი დაუკარგავს მათ აზრს, რადგან ჩემი ნახატების შინაარსი ფერადი არ არის.
M: რას ამბობს იაგუარი Bestia-ს შესახებ, ან რატომ აირჩიეთ ეს სახელი?
იაგუარი ჩემი საყვარელი ცხოველია, რომელიც ერთდროულად სილამაზისა და სიძლიერის სიმბოლოა. ნახატების ძირითად სერიაში მდედრობითი იაგუარია წარმოდგენილი, ძალიან მკაცრი, ცივი გამოხედვით და ასევე, მკაცრი ჩაცმულობით. მინდა, ხაზი გავუსვა და გამოვხატო, როგორი ძლიერია ქალი. ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია ძალიან გვტკიოდეს, კიდევ უფრო ძალიან გვიჭირდეს, მაგრამ ამავდროულად, შეუდარებლადაც გამოვიყურებოდეთ. ჩემს ვერცერთ ნახატში შეგეცოდებათ იაგუარი მაშინაც კი, როცა ნახატიდან შეიძლება მისი ტკივილის ღრიალი გესმოდეთ… ასევე, მინდა კაცებს დავანახო, რამხელა როლი აქვთ ცხოვრებაში ქალებს და რას ნიშნავს იაგუარის მსგავსი ქმნილებები მათ გვერდით…
რაც შეეხება სახელს, ბევრი ვიფიქრე, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა… შემდეგ მეგობარმა შემომთავაზა ასპექტებს გავცნობოდი, ჩემი ისტორიიდან თუ ცხოვრებიდან გამომდინარე „ბესტია“ იდეალური აღმოჩნდა, ახლა სხვა სახელი ვერც წარმომიდგენია… Bestia ნიშნავს ცხოველის ასპექტს, რომელიც victus (სიცოცხლის) და motus (გადაადგილების) ნაწილებისგან შეიქმნა.
M: Bestia გახდება ბრენდი, რომლის…
ჩაცმაც ყველას თავისი პირადი ისტორიის გამო ენდომება.
Bestia-ს გაყიდვებიდან შემოსული თანხის 5% კი საქართველოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება, რადგან ეს დაავადება არის მთავარი მიზეზი, რამაც „ბესტიამდე“ მიმიყვანა…

როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, ნახატისა და ტანსაცმლის დიზაინის შექმნა პარალელური პროცესებია. ნახატი დამოუკიდებლად იქმნება, მაგრამ, თავის მხრივ, ეს დამოკიდებულია მუზაზე, ხასიათზე, გარემოზე და ყველაზე მეტად მხატვრის შინაგან მდგომარეობაზე… შემდეგ კი მომხმარებლის სურვილის მიხედვით ტანსაცმელზე გადადის.


ავტორი: მაკუნა ჯუღელი