ქართული ალტერნატიული კულტურა და მოძრაობა ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც ბაჩი ქიტიაშვილი და „ბერმუხა“ გამოჩნდნენ თბილისურ სცენაზე. მეორე მძლავრი მოძრაობა უკვე 80-იანებში იყო, ირაკლი ჩარკვიანი, დადა დადიანი, ლადო ბურდული და ა.შ. 90-იან წლებში კი, განადგურებული ქალაქის პარალელურად, იყვნენ ახალგაზრდები რომლებიც მუსიკითა და ხელოვნებით ცოცხლობდნენ, უყვარდათ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ოცნებობდნენ…
მარკეტერი წარმოგიდგენთ ინტერვიუების სერიას 90-იანების ქართული ალტერნატიულ მუსიკის შესახებ. ინტერვიუების სერიას ვიწყებთ ბატონ მიშა აბესაძესთან – ჯგუფ Afternoon Version-ის და Wild Stream-ის ვოკალისტთან, რომელიც ამ მოძრაობის უშუალო მონაწილე იყო.
ნაწილი II – ქალაქი
M: მიშა, მეორე ნაწილი დავიწყოთ 90-იან წლებში მუსიკის შექმნის/დაწერის შესაძლებლობებზე საუბრით. ტექნოლოგიური განვითარება, მითუმეტეს, იმ დროინდელ საქართველოში ნაკლები იყო, ამას ემატება ის, რომ რეალურად იმ მუსიკის დაკვრა, რომელიც მაშინ წამოვიდა, ძირითადად, ინსპირაციას იღებდა „იმპორტული მუსიკიდან“. უფრო დეტალურად რომ გაგვიშალო ეს თემა…
ზოგადად, მუსიკალური პროდუქტის შექმნა და მითუმეტეს, მისი სწორად გავრცელება უამრავ მნიშვნელოვან კომპონენტთან არის დაკავშირებული. მუსიკალური ჯგუფისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ჰქონდეს კარგი სარეპეტიციო პირობები და ნორმალური მუსიკალური ინსტრუმენტები. 90-იანი წლების თბილისში იყო სულ რამდენიმე სივრცე, სადაც მუსიკოსების საკუთარი სახსრებით შეკოწიწებული აპარატურა იდო. ზოგ ადგილას სარეპეტიციო სივრცეები ქირავდებოდა, მაგრამ იქ ასე თუ ისე სასურველი ჟღერადობის დაყენებას საათზე მეტი დრო მიჰქონდა. პირადად მე, ორივე ჯგუფის შემთხვევაში ძალიან გამიმართლა. Wild Stream-ს ნორმალური აპარატურა გვქონდა. რაც მთავარია, ვრეპეტიციობდით ჯანდაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში და პრაქტიკულად, ელექტროენერგია სულ იყო. თან სცენასაც ვეჩვეოდი და ყოველი რეპეტიცია, პრაქტიკულად, კონცერტი იყო. ძალიან პოზიტიური აურა იდგა. ჯგუფი უკრავდა საგიტარო ალტერნატიულ როკს და ამისთვის თითქმის ყველაფერი გვქონდა. Afternoon Version-ის შემთხვევაშიც “შუქიანი“ ადგილი გვხვდა წილად. თუმცა, ჯგუფს მაინც მოუწია ვაკის ღია ბარში დაკვრა რამოდენიმე გამაძლიერებელის შესაძენი ფულის მოსაპოვებლად. როგორც აღვნიშნე, მე ბედს არ ვუჩივოდი ამ მხრივ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს სხვა, ძალიან ბევრი ჯგუფი, როგორ ახერხებდა არსებობას და ხარისხიანი მუსიკის კეთებას.
ჩვენი მუსიკალური გემოვნება იხვეწებოდა და როგორც იქნა, ჰარდ როკის კლიშეებს ვტოვებდით და გული ექსპერიმენტებისკენ მიგვიწევდა. მახსოვს, როგორ ვნატრობდით ბანალურ Drum Machine-ის გამოყენებას რიგი კომპოზიციებისთვის. კარგ სინთეზატორზე ოცნებაც ზედმეტი იყო. Afternoon Version-ში ნიკა წერეთლის (კლავიში) გარდა, მეორე ადამიანიც იყო, რომელიც სპეცეფექტებით გვავსებდა. ეს იყო დათო თოიძე. როგორ ახერხებდა ამას გიტარით, დღეს უკვე დაახლოებით ვხვდები, მაგრამ მაშინდელი 2 საწყალი საგიტარო ეფექტით ამ შედეგის მიღწევა ფანტასტიკის ტოლფასი იყო.
M: საინტერესოა, იმ დროინდელი მედიის დამოკიდებულებაც ამ ყველაფრის მიმართ, პურის რიგები, ტალონები, განადგურებული ქალაქი და ამ დროს ახალგაზრდებს ემღერებათ. იყო რაიმე სახის მხარდაჭერა?
მხარდაჭერაც იყო და კრიტიკაც. 90-იანელებს ალბათ ახსოვთ მეორე არხის ძალიან კარგი გადაცემა „შოუბიზდაიჯესტი“. იქ ხდებოდა კონცერტების გაშუქება და ჰქონდათ ლაივებიც („ცოცხალი“). მაგალითისთვის, ჩვენი პირველი ლაივი (ჯგუფ „Yellow House“-ის წინ გამოვედით 3 სიმღერით) კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ჟურნალისტმა ნატა ამაღლობელმა. კრიტიკაც არ იყო… უარესი. ცინიკური სახით დაიწყო გადაცემა და უბრალოდ უკომენტაროდო. როდესაც ინტერვიუებს იღებდა კულისებში, დამაინტერესა, რომელი ჯგუფი მოსწონდა თბილისში. მიპასუხა, რომ არცერთს არ აქვს პერსპექტივა Mother On Mondays-ის გარდაო. ამას გვეუბნებოდა 17 წლის ბავშვებს, რომლებიც სულ 3 თვის შეკრებილები ვიყავით. აი, ესეთი სულისკვეთებით იყო სავსე წამყვანი, ალტერნატიული კულტურის გამშუქებელი ჟურნალისტი. არსებობს იმ გამოსვლის ჩანაწერი და როდესაც ვუყურებ ხოლმე, მგონია, რომ ნატას უბრალოდ ცუდი დღე ჰქონდა.
ძალიან საინტერესო მუსიკალური კრიტიკოსი იყო ბიძინა მაყაშვილი. მახსოვს უნივერსიტეტის ფესტივალზე, სადაც ჩემი პირველი ბენდი გამოდიოდა საკმაოდ ვრცელი რევიუ დაწერა. მსგავსი ობიექტური კრიტიკა მე დღემდე არ მინახავს. ასეთიც იყო… თუ არ ვცდები, „იბერვიზიაზე“ გააკეთეს სიუჟეტი. დაამონტაჟეს აფხაზეთის ომის ვიდეოები და პარალელურად, ალტერნატიული სცენის არტისტების ყველაზე ეპატაჟური მიმიკები, „ბიჭები იქ იხოცებიან და ესენი კი აქ მაიმუნობენო.“

M: 90-იანებამდე 1987 წელს ლადო ბურდულმა და რეცეპტმა გამოუშვა ჩანაწერი, რამდენად მოედო თბილისს ეს ყველაფერი? ინტერნეტის არ არსებობის დროს, რამდენად ადვილი იყო მსმენელამდე და შესაბამის ადამიანებამდე კონტენტის მიტანა?
კასეტებზე იყო ჩანაწერი. ალბათ, ტუსოვკებზე ვრცელდებოდა გარკვეულ წრეებში. თუ არ ვცდები, ლადომ თავისი კომპოზიციები ალბომად ვერ შეკრა და 2-3 სიმღერა ვრცელდებოდა აქტიურად. ზოგადად, მისმა მუსიკამ ძალიან ბევრზე იქონია გავლენა და რაც არ უნდა უცნაურად მოიქცეს, ის არის ძალიან დიდი ფიგურა. პირადად მე, ლადოს მუსიკას გვიან გავეცანი. ჩემამდე 80-იანებში „რეცეპტმა“ ვერ მოაღწია.

M: რამდენად იყოს მუსიკალური სივრცე სხვა სახელოვნებო სივრცეებთან დაახლოებული? იყო რაიმე ერთიანი პლატფორმის წარმოქმნის შესაძლებლობა და ინიციატივა, თუ ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა?
ასეთი პრეცენდენტებიდან მე მხოლოდ GOSLAB მახსენდება. ის ბევრმა ნიჭიერმა არტისტმა შექმნა და საკმაოდ პროდუქტიული იყო. ლადოს „ტუსოვკებიც“, თუმცა, ის ერთიან არტ-პლატფორმაში მაინც არ იყო მოქცეული.
https://www.youtube.com/watch?v=OfAK50KMnI4











