28
Mar
2018

#თაობა: Agoosh – ჩემი მუსიკა, მეტწილად, ინსპირაციის წყაროს ასახავს

28 Mar 2018

#თაობა წარმოგიდგენთ ლუკა აგულაშვილს, რომელიც ამჟამად განათლებას შტატებში იღებს, პარალელურად კი, თანამოაზრეებთან ერთად, ქართული ელექტრონული მუსიკის ჰორიზონტებს აფართოვებს.

M: პირველ რიგში, მოკლედ გვითხარი შენს შესახებ…

ჩემი სახელია ლუკა აგულაშვილი, იგივე Agoosh, ან აგუშა, როგორც მეგობრები მომმართავენ. ვარ 20 წლის და ამჟამად, ვიღებ განათლებას სამშობლოდან მოშორებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

M: ლეიბლ „Sneaky Bastards“-ის შესახებ რას იტყოდი, ვის აერთიანებს და რა მიზანი ჰქონდა ამ ლეიბლის შექმნას?

მე მისი ერთ-ერთი წევრი ვარ. Sneaky Bastards არის ნოდო უგულავას, იგივე Mr. Pol-ის შექმნილი დამოუკიდებელი ლეიბლი, რომელიც კარს უღებს ყველა მუსიკოსს და ყველა სტილის ელექტრონულ მუსიკას. Sneaky Bastards-ის მიზანია შექმნას მრავალფეროვნება თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენაზე, სადაც Techno ჟღერადობა დომინირებს.

M: როდის და რით იწყება შენი აქტიური შეხება მუსიკასთან, ანუ მომენტი, როდესაც გადაწყვიტე, რომ ამ საქმიანობას შენი დროის ძირითადი ნაწილი დაეთმობოდა?

ჩემი შეხება მუსიკასთან იწყება ფორტეპიანოზე დაკვრით. შვიდი წლისა შევედი მუსიკალურ სკოლაში და ექვსი წელი ვისწავლე. გამორჩეული პიანისტი არ ვიყავი, მაგრამ იმ ცოდნითა და გამოცდილებით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. თავიდან, სანამ ელექტრონული მუსიკის სამყაროში შევიჭრებოდი, Progressive Rock და Jazz Fusion იყო, რასაც ძირითადად ვუსმენდი, ამ ჟანრებში, განსაკუთრებით 70-იან წლებში, იყენებდნენ სინთეზატორებსა და სხვა ახალ ელექტრონულ ინსტრუმენტებს, რაც განსაკუთრებით მიტაცებდა, ამიტომ კომპიუტერში მათ ციფრულ ვარიანტებს ვიწერდი. ამ პროგრამებთან გართობის შედეგად, ნელ-ნელა ვისწავლე პროდუსინგი და ეს ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა.

M: შენს ტრეკებში იგრძნობა კონკრეტული ჟანრების, მეტიც, პროდიუსერებისა და მუსიკოსების გავლენა. როგორ ფიქრობ, რასაც აკეთებ, ეს ძირითადად ინსპირაციის წყაროა თუ მთლიანად შენი დამოკიდებულებაა?

ჩემი შემოქმედება, Agoosh სახელის ქვეშ, კონკრეტული მიმართულების გარეშე დავიწყე, ჩემი მიზანი იყო შემექმნა ისეთივე მუსიკა, როგორის მოსმენაც მიყვარს. ამ პროექტში დომინირებს ჩიკაგოს მელოდიური სტილი, რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, ამიტომ ჩემი მუსიკა მეტწილად ასახავს ჩემი ინსპირაციის წყაროს, მაგრამ პროცესში ჩემი დამოკიდებულებაც ვლინდება.

M: რაც შეეხება BUGZ პროექტს, რითია მისი მუსიკა გამორჩეული?

BUGZ არის MR. Pol-ის ფსევდონიმი, რომელიც House მუსიკის ნაცვლად, სხვადასხვა ჟანრების ექსპერიმენტებისთვის შეიქმნა. ამ პროექტის ქვეშ BUGZ იკვლევს სხვადასხვა ჟანრებს: Drum-n-Bass, Jungle, Dubstep, Dub, World Music, Broken Beat და ა.შ.

M: რამდენად ადვილია შენთვის თბილისში მოძებნო ის ადამიანები, ვინც შენსავე გემოვნებას თუ მიდგომას გაიზიარებენ მუსიკის მიმართ? საერთო ხედვებს ვგულისხმობ.

საკმაოდ მარტივი, ჩემს წრეში და წრის გარეთაც. მომწონს ქართველი მსმენელის ღია დამოკიდებულება და კულტურა, რომელიც ჩამოყალიბდა ამ სივრცეში.

M: გვითხარი შენს პირველ EP-ზეც, რას მოიცავს Analog Soul, რითია ინსპირირებული და სად შეიძლება მისი შეძენა?

Analog Soul EP არის ჩემი პირველი რელიზი Sneaky Bastards-ის ლეიბლზე. ეს EP ეძღვნება ჩიკაგოს არტისტებს, ვისი გავლენაც ტრეკებს ეტყობა. პირველი ტრეკი „Glenn Brought Me Here”, კონკრეტულად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არტისტის, Glenn Underground-ის, გავლენით გავაკეთე. ვფიქრობ, ეს EP ასახავს ჰაუს მუსიკის უკვდავ ბუნებას და აგრძელებს იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩიკაგოს მუსიკოსებმა დატოვეს. Analog Soul-ის შეძენა შეიძლება Sneaky Bastards-ის bandcamp-ზე და მალე, ჩემი EP ვინილის ფორმატშიც გაიყიდება.

M: ერთია, სახლში კომპიუტერთან  ან ინსტრუმენტებთან ერთად ყოფნა, მეორეა, კონკრეტულ სიტუაციაში Live შესრულება, რამდენად გაქვს გამოცდილება ან სურვილი თბილისში მსგავსი რამის გაკეთების?

Live-თან არ მაქვს ბევრი გამოცდილება, შიგადაშიგ, რაღაც ექსპერიმენტულ დონეზე მიცდია. ალბათ, Live-ზე მეტს ვიმუშავებ, როცა ჩემი მოწყობილობების სია გაფართოვდება და მეტ საინტერესო და გასართობ ინსტრუმენტს შევიძენ.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…

 



განხილვა