in

#თაობა – ანუშკა ჩხეიძე: სფეროში, ჩემ გარშემო, საოცარი ხალხია და მათგან ბევრს ვსწავლობ


თბილისში, რამდენიმე წლის წინ გახსნილ Creative Education Studio-ში საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. მუსიკას ბევრმა ადამიანმა უფრო სერიოზულად მოკიდა ხელი და საკმაოდ წარმატებულადაც. #თაობა წარმოგიდგენთ CES-ის კურსდამთავრებულს ანუშკა ჩხეიძეს.

M: პირველ რიგში, მოკლედ გვითხარი შენ შესახებ…

სალამი, მე ვარ ანუშკა ჩხეიძე, 20 წლის. ვსწავლობ თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლაში, პარალელურად, Creative Education Studio-ში. გავიზარდე ხარაგაულში ბებიასთან და ჩემს და-ძმასთან ერთად. ჩემთვის ეს განსაკუთრებული პერიოდია…

M: მუსიკისადმი ინტერესი ბავშვობიდან გქონდა? რა არის პირველი მუსიკალური გამოცდილება, რაც იმ პერიოდიდან გახსოვს?

მუსიკისადმი ინტერესი ყოველთვის მქონდა და ბაბუამ მუსიკალურ სკოლაში მიმიყვანა იმისთვის, რომ მხოლოდ სიმღერების დაკვრა მესწავლა. საშინლად არ მიყვარდა ნოტები და ხშირად ვაცდენდი გაკვეთილებს, თუმცა სახლში მუდმივად ვაწყობდი რაღაც მელოდიებს და მსიამოვნებდა.

ყოველთვის გული მწყდება, რომ არ მაქვს ისტორია, არ მყავს ბავშვობის საყვარელი არტისტები, კასეტები და ფირფიტები. თუმცა მქონდა Petrof-ის პიანინო, რომელთან ერთადაც ოთახში ვიყინებოდი ხოლმე, მყავდა Hip-Hop ჯგუფი და ვცდილობდი, რაც მიყვარდა მეკეთებინა.  ცუდი მახსოვრობა მაქვს, ბავშვობიდან ბევრი კადრი არ მახსოვს, თუმცა ის შეგრძნება, რაც მქონდა ჩემი პიანინოს მიმართ, დღესაც უცვლელად მიმეორდება, როდესაც ბებოსთან ჩავდივარ.

 

M: მუსიკის შექმნის პროცესზე რომ ვისაუბროთ – გაქვს რაიმე კონკრეტული დრო, გარემო, სადაც ეს ყველაფერი ბევრად ადვილად მოქმედებს?

მუსიკის დასაწერად გარემო და კონკრეტული დრო არ მჭირდება/მინდა. ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ და შინაგანად დიდი ენერგია მაქვს ხოლმე, რომელსაც ფიზიკურად ვერ დავხარჯავ. მომენტებში რაღაც შეგრძნება მაქვს, როდესაც ვხვდები, რომ ძალიან მინდა პროგრამა გავხსნა. შემდეგ ყველაფერი თავისთავად  ხდება… აი ამ შეგრძნებას რა ჰქვია არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ვარჩევ სხვებისგან.


M:
შენი მუსიკა უფრო Downtempo-ა და განსხვავდება დღეს თბილისში პროდიუსერებსა და მუსიკოსებში დომინანტური სტილისგან – რას ანიჭებ ყველაზე დიდ მნიშვნელობას კომპოზიციაში – ჰარმონია, მელოდია, რიტმი…

ამაზეც არ მაქვს ზუსტი პასუხი, რადგან ძალიან ჩამოუყალიბებელი ვარ. პირადად მე ეს აღარ მაწუხებს. ხასიათისა და მომენტალური ინტერესის მიხედვით ვაკეთებ იმას, რაც მინდა. სხვადასხვა ჟანრია, ხანდახან ჟანრსაც ვერ ვარჩევ და არ ვიცი რას ვანიჭებ უპირატესობას. ხან დრამით ვიწყებ, ხან ჰარმონიით, ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთავარია, გულწრფელად ვაკეთო და მარტო ვიყო სახლში.

ჰო, პასუხი ვიპოვე, ყველაზე დიდ მნიშვნელობას კომპოზიციაში, ანუ ადამიანში გულწრფელობას ვანიჭებ.

M: ვინ არიან ადგილობრივად ის ადამიანები პროფესიულ წრეში, ვისთანაც ურთიერთობა და კომუნიკაცია შენთვის ბევრის მომცემია – როგორც საქმიანობაში, ასევე პიროვნულად?

დაახლოებით 14 თვეა, რაც მუსიკას ვწერ და ტექნიკურადაც და პიროვნულადაც ბევრი ადამიანი დამეხმარა, რომ საკუთარი თავი გამომეხატა.თუკი ადამიანებს მივყვები შორს წავალ, მაგრამ თუკი დავფიქრდებით, რა არის ბევრის მომცემი ჩემთვის და რა დამეხმარა გათავისუფლებაში Songwriting & Music Production კურსი იყო. ჩემმა ჯადოსნურმა ადამიანებმა, ნიკა მაჩაიძემ და ნატალია ბერიძემ დამანახეს, რომ რასაც ვაკეთებდი უნდა მეკეთებინა, თავი არ უნდა შემეზღუდა. ზოგადად ამ სფეროში ჩემს გარშემო საოცარი ხალხია და მათგან ბევრს ვსწავლობ, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.

M: როგორ ფიქრობ, ამ ეტაპზე, გაქვს ყველანაირი პირობა, რომ მუსიკა შენს აუდიტორიამდე მიიტანო? როგორ იყენებ ინტერნეტს შენი მუსიკის გასაცნობად?

ყველანაირი პირობა არ მაქვს ამისთვის, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ არც ვიმსახურებ მასშტაბურ აუდიტორიამდე მისვლას. თუკი რაღაც ძალიან მარტივად ხდება, საინტერესო არ არის. ამ ეტაპზე, მხოლოდ Soundcloud-ზე ვტვირთავ მუსიკას, არ ვიცი Youtube-ზე რატომ არ ვცდილობ იმავეს, ალბათ ვიზუალის არქონის გამო. მინდა Production-ზე უკეთ ვიმუშავო, ასევე Live-ზე.

 

M: რა მიზნები გაქვს ალბომის გამოშვების მიმართლებით? როგორ ფიქრობ, არის საქართველოში ის ვითარება რომ მუსიკოსი მხოლოდ ამ ტერიტორიაზე აქტიურობით შემოიფარგლოს?

იმდენად სხვადასხვანაირი განწყობის მუსიკა მაქვს, ჯერჯერობით ვერ ვუთანხმდები საკუთარ თავს ალბომზე. თუმცა, ბევრი მუსიკა დამიგროვდა, რომელიც არ გამისაჯაროვებია და მინდა საერთო კონტექსტი ვუპოვო. ამჟამად, მე და Sophie Villy ვმუშაობთ საერთო ტრეკზე.

ამ ბოლო დროს, სულ ქართველ მუსიკოსებს ვუსმენ, წარმატებით მიდიან წინ და მხოლოდ ამ ტერიტორიის ფარგლებში არ აქტიურობენ. რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისთვის…

ბოლო პერიოდია ნატალია ბერიძის ტრეკებს ვუსმენ ქუჩაში. ყველაზე მეტად თბილისთან მისი მუსიკა ასოცირდება ჩემთვის.

 


5 იანვარს! ადიზესის ინსტიტუტის სემინარი – „როგორ განვახორციელოთ ეფექტური ცვლილებები კომპანიაში“

#თაობა: 2017 წლის ფლეილისტი!