in

#თაობა – ქართული კლუბური სივრცის ისტორია – ნაწილი I – Bero


ქართულ ელექტრონულ მუსიკას დიდი ხნის ისტორია აქვს, დადა დადიანის და ირაკლი ჩარკვიანის პირველ ელექტრონულ ექსპერიმენტებს მოჰყვა ბევრი სხვა არტისტიც. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სივრცეები სადაც ეს მუსიკა გაჟღერდებოდა. კლუბები თბილისში 90’იანი წლების ბოლოს გამოჩდნენ და მალევე მიიზიდეს ახალგაზრდობა. მარკეტერი გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს ქართული კლუბური სივრცის ისტორიის კვლევისთვის, რომლის პირველი სტუმარიც კლუბ „მტკვარის“ დამფუძნებელი და DJ, ბეროა.

M: სალამი ბერო, პირველ რიგში როდისთვის გაიხსენებდი შენს ცხოვრებაში შემოჭრილ ელექტრონულ მუსიკას?

როგორც მახსოვს, 2001 წელს დავიწყე ელექტრონული მუსიკის მოსმენა. მომწონდა ელექტრო და ჰაუსი, უფრო დიფ და ტექჰაუსი. მაგ პერიოდში, 3 წელი ვიცხოვრე მოსკოვში, სადაც სწავლის პარალელურად ვახერხებდი კლუბებში სიარულს. მიუხედევად იმისა, რომ მოსკოვში ცხოვრების დროს მე და ჩემი მეგობარი თახო მაღრაძე (Taho) სემპლებით ვაკეთებდით თრექებს და დილეტანტურ დონეზე ნორმალური ალბომიც ჩავწერეთ 2003-ში, მაინც ეს ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო, იმ დრომდე სანამ ჩემ ძველ პროფესიას თავი დავანებე.

M: საიდან დაიწყებდი ათვლას ქართული საკლუბო სივრცის ისტორიისთვის?

იმის გამო, რომ მე თბილისში 2004-ში დავბრუნდი და მანამდე სულ რამდენიმეჯერ ვიყავი თბილისის კლუბებში, ჩემთვის ათვლა იწყება აჭარა მუსიქ ჰოლის ბოლო პერიოდიდან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღვნიშნავდი ბერლინ კლუბს, სადაც ყოველ პარასკევს გიო ბაქანიძე უკრავდა. ამ ივენთებმა და კერძოდ, გიო ბაქანიძემ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქართველი ქლაბერების გემოვნების ჩამოყალიბებაში.

მერე გაიხსნა კლუბი Switch, სადაც ერთ-ერთი რეზიდენდი მეც ვიყავი და ბევრი ძალიან მაგარი ივენთი მახსენდება. Switch-ის მთავარი სულის ჩამდგმელი იყო გუგა ახალაძე, რომელიც ასევე  „აჭარა მუსიქ ჰოლის“ პრომოუტერი იყო თბილისშიც და ბათუმშიც.

როგორც ხშირად ხდება, როცა ელექტრონული მუსიკის კლუბებმა ხალხში პოპულარობა მოიპოვა, გამოჩნდნენ გამოუცდელი პრომოუტერები და ბიზნესმენები, რომლებმაც არასწორი ინვესტიციები გააკეთეს და ამით გააფუჭეს გარემო. უხარისხოდ ჩატარებული ერთჯერადი ივენთები, კლუბი ნაით ოფისი და ა.შ. საბოლოოდ ამ სფეროს რამდენიმე წლით გაყინვის მიზეზად იქცა.

M: 90’ იანი წლების ბოლოსთვის არსებული მატერიალურ/ტექნიკური ბაზა რამდენად მზად იყო რომ ის რაც 70 წლის მანძილზე გამოვტოვეთ ეს ყველაფერი მალევე აგვეთვისა?

ამ 70-მა წელმა, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის მენტალიტეტზე, თუმცა, სულ არსებობდნენ ვიწრო წრეები და ოჯახები რომლებიც ინარჩუნებდნენ “Open Mind“-ს. ამდენ ხნიანი ინფორმაციული ვაკუუმის, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხელმიუწვდომლობის და 90-იანებში დამკვიდრებული ძველბიჭურ-ქურდული მენტალიტეტის მიუხედავად, გამოჩნდნენ არტისტები, რომლებმაც ამ ყველაფრის ფონზე ძალიან ბევრი მოახერხეს.

M: რა დაბრკოლებები იყო პირველ რიგში ადამიანთა გონებაში, რასაც ეს ახალი მუსიკა უნდა მიეღო ცნობიერებისთვის?

ბანალური იქნება, ალბათ, თუ ვიტყვი, რომ სიახლის მიღების შიში, ავტორიტეტებისადმი მიმბაძველობა და ზოგადი სტრესული გარემო იქნებოდა მთავარი მიზეზები.

ყოველ წელს მატულობს ელექტრონული მუსიკის მსმენელების და ქლაბერების რაოდენობა. მოკლე დროში ძალიან მაღალ დონეს მიაღწია მოწინავე კლუბების ხარისხმა, შესამაბისად მატულობს მოთხოვნა მუსიკის ხარისხზე რაც სამწუხაროდ ლოკალური სცენისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. მართალია გამოჩნდნენ ლოკალური არტისტები რომლებიც თავისი ხარისხით არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს წამყვან არტისტებსაც, თუმცა ჩემი აზრით კლუბების განვითარება ამ ეტაპზე უფრო წინ არის ვიდრე პროდაქშენი ან დიჯეინგი.

პრინციპში ლოგიკურიც არის, ჯერ კლუბები ვითარდება, ხალხს ეძლევა საინტერესო არტისტების ლაივში და კარგ ხმაზე მოსმენის საშუალება. ამით ზუსტად ის მსმენელი ვითარდება, რომლისგანაც უნდა ჩამოყალიბდეს ახალი არტისტი.


საგაზაფხულო ფასები არქიში

როგორი იქნებოდა ავტომობილი, რომ არა ქალბატონები და მათი გონება? – Fiat–ის ვიდეორგოლი