11
აგვ
2017

#თაობა: Eko & Vinda Folio-ს მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში

11 აგვ 2017

ხშირი არ არის, როდესაც ქართული მუსიკალური სივრცის წარმომადგენლებს სამშობლოს გარეთ იწვევენ. თუმცა, ამ მხრივ ყველა მუსიკალური პროექტი შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურობს. ამჯერად, გთავაზობთ მცირე ინტერვიუს Eko & Vinda Folio-სთან, რომლებიც ახლახან დაბრუნდნენ საქართველოში.

M: გავიგეთ ,რომ ქვეყნის გარეთ ყოფილხართ წარმოდგენილები. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, სად იყავით და რასთან დაკავშირებით?

ეს იყო ფესტივალი ,,ავტორთა კითხვის თვე’’, რომელიც მეჩვიდმეტე წელია ტარდება და წელს საქართველოს მასპინძლობდა, ეს ფესტივალი 2000 წელს დაარსდა ჩეხეთში, წელს კი ოთხი ქვეყანა მოიცვა, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, – აღნიშნულ ქვეყნებში განსხვავებულ სივრცეებში იმართებოდა პოემა ,,შიში(ნი)’’-ს კითხვა, ხოლო შემდეგ პროექტ Eko & Vinda Folio-ს მუსიკალური პერფორმანსი.

M: ცნობილ ლეიბლზე EP-ს გამოშვების შემდეგ გქონდათ თუ არა მოწვევა რომელიმე უცხოური ფესტივალიდან?

ამჯერად, აქტიურად ვმუშაობთ ალბომზე, უცხოურ ფესტივალებისთვის მზად ალბომის შემდეგ ვიქნებით, რომლის დარელიზებაც შემოდგომაზე იგეგმება.

M: რა ტიპის აუდიტორიასთან მოგიწიათ შეხვედრა უცხოურ მიწაზე?

აუდიტორია ერთმანეთისგან განსხვავებული იყო, პერფორმანსს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანი ესწრებოდა, როგორც ახალგაზრდები, ასევე ხანდაზმულებიც, ისინი ამ ფესტივალის ხშირი სტუმრები იყვნენ და მათთვის ეს მუსიკა საინტერესო აღმოჩდა.

M: რამდენად რთული იყო თქვენი როგორც ქართულენოვანი ბენდისთვის სათქმელის მიტანა ამჟამად უკვე სხვა ქვეყნის აუდიტორიისთვის?

გვქონდა შემოთავაზება, რომ კონცერტის დროს პარალელურად სიმღერის ტექსტების თარგმანიც ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ მუსიკას ვფიქრობ რომ თარგმანი არ ჭირდება, ქართული ენა, ჩვენ შემთხვევაში, ახალი ინსტრუმენტია უცხოელი პუბლიკისთვის, რომელსაც ინდივიდუალური რიტმი და მუსიკალური ჟღერადობა აქვს. ამაში ისინი დარწმუნდნენ.

M: რამდენად შეუწყო აღნიშნულმა გასვლამ ახალი კონტაქტების შეძენას, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ უკვე ამ მხრივაც განვითარდეთ?

ბევრი საინტერესო ხალხი გავიცანით,  იქაური მუსიკოსები, პროფესორები,მთარგმნელები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები რომელსაც, ლიტერატურა და მუსიკა აერთიანებთ, მათთვის ეს ერთგვარი სიურპრიზი იყო. დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს.



განხილვა