18
Apr
2018

#თაობა: ახალ ქართულ კომპილაციურ ალბომში ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერები ერთიანდებიან!

18 Apr 2018

1 მაისს, ქართულ ელექტრონული მუსიკის ლეიბლზე Dream Machine Records ახალი კომპილაციური ალბომი გამოიცემა, რომელიც 15 ქართველი არტისტის მიერ შექმნილი კომპოზიციებისგან შედგება.

“კომპილაციის მიზანი სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების მქონე ქართველი არტისტების ერთ ალბომში გაერთიანება იყო“, – ლეიბლის თანადამფუძნებელი გიორგი ჟვანია, რომელიც ამ ალბომში Cillian-ის სახელით არის წარმოდგენილი, აღნიშნავს, რომ განსხვავებულ საკლუბო თუ საფესტივალო სივრცეებთან ასოცირებული არტისტების ერთად შეკრება საინტერესო გამოწვევა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ Dream Machine Records დაახლოებით 6 თვის წინ შეიქმნა, ამ პლატფორმაზე უკვე 4 რელიზია გამოცემული. ლევი ბერიშვილი, იგივე DJ tomwildculture, ლეიბლის შექმნის მთავარი ინიციატორი იყო და ლეიბლის სადებიუტო რელიზიც მას ეკუთვნის. მას შემდეგ Lo Fi და ჰაუს ჟღერადობაზე ორიენტირებული პლატფორმა Cillian, Dophe, Trotsky და DJ tomwildculture-ის ნამუშევრების მასპინძელი გახდა. 2018 წლის პირველი სიახლე კი სწორედ ახალი კომპილაციაა.

„ალბომის კონცეფცია თავიდანვე ნათელი და ოდნავ გულუბრყვილო იყო. გვსურდა ის ყოფილიყო ქართული ხასიათის თუ შტრიხის მატარებელი: მელანქოლიური, რიტმული და ამავდროულად, ჰიპნოტურიც.“  – ლეიბლის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის მუსიკალური თავშეყრა არტისტებს შორის კომუნიკაციას უფრო საინტერესოსა და ეფექტურს გახდის.

ქართულ სპეციფიკაზე აქცენტი შეიმჩნევა ალბომი გარეკანზეც, სადაც რაჭის რეგიონის პეიზაჟია გამოსახული. კომპილაციის პირველი მხარე DJ tomwildculture, Toke, Sportmanship, Sevda, Iazikzazubami, Generali Minerali, Kvanchi და Hamatsuki-ის კომპოზიციებს მოიცავს. მართალია ნამუშევრები ერთი მუსიკალური ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან, მაგრამ ადვილად შევამჩნევთ არტისტებისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ შტრიხებსაც, რის გამოც ალბომი ბევრად უფრო საინტერესო ხდება.

მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა კომპილაციის მეორე ნაწილშიც, რომლის მუსიკალური ხასიათიც Beridze, Levan Shanidze, Digital Groove Affair, Hatsvali, Rydeen, Trotsky და Cillian-მა განსაზღვრეს. გარდა Lo Fi ორიენტაციისაა, ცალკეულ ტრეკებში შეიმჩნევა ჰაუს მუსიკის საუკეთესო ტრადიციების, ესიდის და მსუბუქი ელექტრონიკას გავლენაც. მელოდიურ პასაჟებსა და სტანდარტულ, საცეკვაო რიტმულ სექციაზე აქცენტი კი მეტნაკლებად ყველა ნამუშევარში შეიმჩნევა. ალბომის შეძენა როგორც CD დისკის, ასევე კასეტის ფორმატში იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით, მისი ციფრული ვერსიის გავრცელებაც იგეგმება.

Dream Machine Records-ის უახლოეს გეგმებში ლეიბლისადმი მიძღვნილი საკლუბო ღამეებისა და პოდკასტების სერიის დაწყებაც შედის. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ DMR თავისი სადებიუტო ვინილ რელიზის გამოსაცემადაც ემზადება.



განხილვა