5
Dec
2017

#თაობა – გიო ფიცხელაური – ბითის კეთებისას ყველაზე დიდ დროს დრამის პროგრამირებას ვუთმობ

5 Dec 2017

ჰიპ-ჰოპ მუსიკა საქართველოში კვლავ პოპულარობის პიკშია, თუმცა აღსაღნიშნავია, რომ ხარისხიანი მუსიკალური პროდუქტის გამოკვეთა კვლავ ჭირს. #თაობა წარმოგიდგენთ ინტერვიუს ახალგაზრდა თბილისელ პროდიუსერთან გიო ფიცხეილურთან.

M: პირველ რიგში, გაგვაცანი შენი თავი…

გიო ფიცხელაური, ბითმეიქერი.

M: არის ჰიპ-ჰოპი შენი მუსიკალური ინტერესის მთავარი წყარო თუ…

თუ საქმე კეთებას ეხება, ძირითადად ჰიპ-ჰოპს ვაკეთებ, მაგრამ ინტერესის დონე ჰიპ-ჰოპსა და სხვა ჩემს საყვარელ ჟანრებს შორის თითქმის ერთნაირია. ჰიპ-ჰოპის გარდა, განსაკუთრებული ინტერესი მაქვს ბოსა ნოვას მიმართ და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, ამ ჟანრის ტრეკებიც გავაკეთო. დაგეგმილი მაქვს მიქსტეიპის გამოშვება, რომელშიც მხოლოდ ბოსას ჟანრის ინსტრუმენტალები შევა.

M: ვინ არიან ის ადამიანები, პროდიუსერები თუ MC-ები, რომლებმაც საწყის ეტაპზე შენს მუსიკალურ განვითარებაზე გავლენა იქონიეს?

ბითმეიქერობის საწყის ეტაპზე, მუსიკის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, თუმცა ჰიპ-ჰოპ პროდიუსერების წყალობით, სხვადასხვა ჟანრებს ვეზიარე. მაგალითად, Pete Rock-ის გავლენა ჩემს მუსიკალურ გემოვნებაში ძალიან დიდია. დიდი გავლენა იქონია J Dilla-მაც, მაგრამ არ ვგულისხმობ მხოლოდ მის მუსიკას – მისი საქმისადმი ერთგულება და თავდადება დღემდე სამაგალითოა ჩემთვის.

 

M: რითია ქართული ჰიპ-ჰოპ სცენა შენთვის საინტერესო და რამდენად ადვილად სამუშაოა აქ მოღვაწე პერსონებთან ურთიერთობა?

სიმართლე გითხრა, ქართული ჰიპ-ჰოპ სცენა ადრე უფრო მომწონდა. ახლა ყველა მეინსთრიმზეა გადასული და აშკარად ეტყობა პროდუქტს, იმისთვის არის შექმნილი, რომ აუცილებლად პოპულარული გახდეს. ზოგი ამას განვითარებას ეძახის, ხოლო მე კი ეს საქმეში გაუთვითცნობიერებლობად მიმაჩნია. ასეთ ხალხთან არ ვურთიერთობ და არც მათთან თანამშრომლობის სურვილი მაქვს.

M: მუსიკას კონსერვატორიაში სწავლობ, შესაბამისად, ეს შენთვის მხოლოდ დროებითი გატაცება არ არის. გვითხარი, შენი აზრით, რა აკლია დღევანდელ კონსერვატორიას და როგორ არის მორგებული იგი შენნაირი ინტერესის მქონე ადამიანზე?

დღევანდელ კონსერვატორიას, პირველ რიგში, აკლია თანამედროვე მუსიკის მიმართ პატივისცემა. მორგებული ნაწილობრივ არის. მუსიკასთან სიახლოვე, სტუდიაში ყოფნა და ასეთი რაღაცები თავისთავად კარგია, მაგრამ პროფესიასთან საკმაოდ დაშორებული საგნები – გამაღიზიანებელი.

M: შენი Remixtape EP-ს მოსმენა Soundcloud ზეა შესაძლებელი, სადაც ქართველი არტისტების ტრეკების რემიქსებს გვთავაზობ. როგორია შენი მიდგომა თავად Remix-ების მიმართ გიყვარს კეთება თუ მთლიანად შენს იდეაზე დაფუძნებული პროდუქცია გირჩევნია?

ორივე პროცესი სხვადასხვანაირად სასიამოვნოა. რემიქსის გაკეთებისას უნდა იპოვო ისეთი სემფლი, რომელიც ტექსტის ხასიათს მოერგება და ეს პროცესს საინტერესოს ხდის.

M: როგორ ფიქრობ, რა არის ის ფაქტორი და ხელწერა, რაც სხვა ლოკალური პროდიუსერებისგან განგასხვავებს?

ბითის კეთებისას ყველაზე დიდ დროს დრამის პროგრამირებას ვუთმობ. ქართულ ჰიპ-ჰოპის ხშირი მსმენელი არ ვარ, მაგრამ თვალს მაინც ვადევნებ და ხშირად ვამჩნევ პროდიუსერებს, რომლებიც იყენებენ გამზადებულ, უკვე პროფესიონალურად დამუშავებულ „დრამ-ქითებს“, რაც ჩემთვის მიუღებელია. მარტივია გადმოწერო, მაგალითად, “DJ Premier Drum Kit” და ამის მერე მას არაფერი აღარ სჭირდება, თუმცა ამას მსმენელის ყური ვერ ამჩნევს. ერთადერთი არ ვარ, ვინც ამას არ იყენებს, მაგრამ დრამის დამუშავებისთვის ყველა ჩვენგანს სხვადასხვანაირი სტილი და ტექნიკა აქვს.

M: ცნობილია, რომ ჰიპ-ჰოპ პროდიუსერები უამრავ გამოუქვეყნებელ მასალას ინახავენ თავისთვის. შენთანაც მსგავსადაა საქმე? ცდილობ თუ არა შენივე პროდუქციის არამხოლოდ ლოკალური, არამედ თუნდაც რეგიონალურ მასშტაბზე დაეხმარო სხვადასხვა MC-ს?

გამოუქვეყნებელი მასალა, როგორც თითქმის ყველა ბითმეიქერს, მეც ძალიან ბევრი მაქვს და ოდესმე ალბათ დავახარისხებ და რამდენიმე ინსტრუმენტალურ მიქსტეიპსაც გამოვუშვებ. ჯერჯერობით, მხოლოდ ლოკალური MC-ებისთვის მაქვს ბითები მიცემული და რამდენიმე მათგანი ალბომზეც მუშაობს.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისთვის…

 



განხილვა