
ადამიანის მუსიკალური გემოვნება, წლებთან ერთად, იცვლება და საბოლოო სახეს, ალბათ, ცხოვრების განსხვავებულ პერიოდებში იღებს. ერთია, ბავშვობის მთავარი ინსპირაციები, შემდეგ კი ინფორმაციულ ნაკადთან შეჯახების შედეგად, ახალი მუსიკალური მოგზაურობების დრო დგება. მარკეტერი წარმოგიდგენთ #თაობის წარმომადგენელს, სპორტულ ჟურნალისტსა და მელომანს, გიორგი ზურაბიშვილს და მის 10 რჩეულ ტრეკს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
Pink Floyd – Shine On You Crazy Diamond
პინკ ფლოიდი იყო მუსიკაში ჩემი პირველი ნამდვილი სიყვარული. მახსოვს, სულ რაღაც 10 წლის ვიქნებოდი, როდესაც მამაჩემმა პირველი კასეტა მომიტანა. ეს იყო Pink Floyd-ის „Wish You Were Here“. პირველივე სიმღერამ ძალიან იმოქმედა – ასეთი მისტიური, ინსტრუმენტალური ჟღერადობა იქამდე მოსმენილი არ მქონდა. იმ დღის მერე დიდი დრო გავიდა, გემოვნებაც ბევრჯერ შემეცვალა, მაგრამ Pink Floyd-ი დღემდე ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინსპირაციად რჩება.
Led Zeppelin – Since I’ve Been Loving You
მახსოვს პირველად ამ სიმღერას ვაკეში, ბიძაჩემის სახლში მოვუსმინე. მამაჩემს და ბიძაჩემს ფირფიტების დიდი კოლექცია ქონდათ, რომელიც დიდწილად 70-იანი წლების როკ მუსიკისგან შედგებოდა. ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაც აქედან დაიწყო. ადრეულ ასაკში მოვისმინე ჩემთვის დღემდე საყვარელი ჯგუფები: Pink Floyd, Genesis, Yes, Dire Straits, Jethro Tull, The Who, Led Zeppelin და სხვა. „Since I’ve Been Loving You“ იყო იყო პირველი სიმღერა, რომელმაც ჩემში მუსიკისადმი ზედაპირულობა დაანგრია და პირდაპირ სულში შეაღწია.
Bob Dylan – Senior (Tales Of Yankee Power)
ბობ დილანი იყო პირველი არტისტი, რომელმაც სიმღერის ტექსტებისადმი ინტერესი გამიჩინა. მუსიკისა და პოეზიის სასწაული სინთეზი ბავშობიდანვე დავაფასე და ამაში ყველაზე დიდი დამსახურება სწორებ ბობ დილანს აქვს. ალბათ, ჩემი ჰიპ-ჰოპის სიყვარულიც აქედან მოდის. ჰიპ-ჰოპ კულტურაც ხომ პოეზიისა და მუსიკის ერთგვარ შერწყმას წარმოადგენს.
Funkadelic – Good Thoughts, Bad Thoughts
ჯორჯ კლინტონის „Parliament Funkadelic”-ი, განსაკუთრებით კი მათი გიტარისტი, ედი ჰეიზელი, ჩემთვის მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსპირაციაა. „Good Thoughts, Bad Thoughts“ კი, ჩემი აზრით, საუკეთესო კომპოზიციაა, რომელიც ამ ჯგუფს შეუქმნია.
Pete Rock – Play Dis Only At Night
ჩემი ჰიპ-ჰოპის სიღრმისეული სიყვარული სწორედ პიტ როკიდან იწყება. 2000-იანი წლების დასაწყისში პირველად მოვისმინე პიტ როკის ინსტრუმენტალური ალბომი “PeteStrumentals” და აქედან მოყოლებული ჰიპ-ჰოპ კულტურა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პირველად სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ჰიპ-ჰოპი მხოლოდ რეპი არ არის, მასში მუსიკალური კომპონენტიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია და ის შეიძლება ძალიან ღრმა, ემოციური მოგზარუობა იყოს.
Slum Village – Untitled (Fantastic)
თუ სიღმისეულობაზე და ემოციურობაზე ვსაუბრობთ, ვერავინ შეედრება ჩემთვის ყველა დროის საყვარელ მუსიკოსს, ჯეიმს დეუიტ იანსის (იგივე Jay Dee, იგივე J Dilla). ეს მუსიკოსი ჩემთვის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე დიდ ინსპირაციაა. Slum Village-ის ალბომი „Fantastic Vol. 2” კი ალბათ დილას გენიალურობის საუკეთესო მაგალითია.
https://www.youtube.com/watch?v=0BOJH-G0T3I
The Pharcyde – Drop
The Pharcyde – “Labcabincalifornia” ჩემი ყველა დროის ყველაზე საყვარელი ალბომია. ჯეი დილას დამსახურება აქაც დიდია. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიმღერას, არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც პირველად “Drop”-ის ვიდეო კლიპი ვნახე. ეს არის შემოქმედებითობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ვიდეო.
https://www.youtube.com/watch?v=N4QZ89VCrIs
A Tribe Called Quest – Jazz (We’ve Got)
ჩემი საყვარელი ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიცია. ჯაზის და ჰიპ-ჰოპის იდეალური ნაზავი. მუსიკის ამ ორი მიმდინარეობის შერწყმას ჩემთვის არაფერი შეედრება.
Gang Starr – Moment Of Truth
ბობ დილანზე ვწერდი და გურუ არის ჩემთვის ჰიპ-ჰოპის ბობ დილანი. სასწაული ლირიკოსი, შეუდარებელი ხმით და დიჯეი პრემიერის გემრიელი ბიტებით. არაფერი შეედრება “Gang Starr”-ის დუოს. “Moment Of Truth” ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერაა. ასეთ საინტერესო და პოეტურ ტექსტ იშვიათად წაიკითხავ და მოისმენ.
Pharaoh Sanders – Harvest Time
ჰიპ-ჰოპი ძირითადად ჯაზის სემპლებით აწყობილი მუსიკაა და შეიძლება ითქვას რომ ზოგადად ჰიპ-ჰოპი ჯაზიდან აღმოცენებული კულტურაა. ჩემთვის კი პირიქით მოხდა, ჰიპ-ჰოპმა შემაყვარა ჯაზი. ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია კი იყო დიდი ფარაო და მისი საოცარი კომპოზიცია “Harvest Time”.











