11
იან
2018

We Got The Jazz – ბექა გოჩიაშვილის ამერიკული ბენდი და დაუვიწყარი დღე „რესპუბლიკაში“

11 იან 2018

რთულია დღეისთვის წინ მიმავალ, მრავალფეროვნებით გამორჩეულ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში ვინმე გააოცო ან რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი შექმნა მუსიკალური მოვლენის მიმართ. ყოველკვირეულად ქალაქს უამრავი მუსიკოსი, DJ თუ მათი მოსმენით დაინტერესებული ტურისტი სტუმრობს. ადგილობრივად კი მსმენელს ისეთი არჩევანი აქვს, რაც რამდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო.

იმის მიუხედავად რომ აკუსტიკური მუსიკის დაღმასვლა მთელს მსოფლიოში შესამჩნევია, მაინც არსებობს ის თავისუფლების კუნძულები, სადაც მუსიკალური ვირტუოზობა ისევ დაფასებულია.

ამ სახით კი, გვაქვს რამდენიმე სტილობრივი, თუ გარკვეულ სცენაზე დაფუძნებული მუსიკალური კომუნები, რომლებიც ექპერიმენტებით, ძველი მიდგომების ახლებური წარმოჩენით ცდილობენ კვლავ აქტუალური გახადონ სივრცე, სადაც მოღვაწეობენ და აუდიტორიასაც შესთავაზონ მუსიკალური ალტერნატივა დომინანტი მიდგომების მიღმა.

თუ თქვენ მუსიკალურ მაღაზიებს ესტუმრებით და ჯაზ სექციას თვალს გააყოლებთ, შეამჩნევთ, რომ განთავსებული ალბომების უმეტესობა ათწლეულების წინ ჩაიწერა. ეს კი საკმაოდ დიდი საფიქრალს აჩენს – რა მდგომარეობა აქვს თანამედროვე ჯაზ მუსიკას?

კოლტრეინის, ქაუნთ ბეისის თუ პოლ ჩემბერსის მიერ შესრულებული სტანდარტები ყველასთვის საინეტრესოა, მაგრამ ნუთუ ეს იყო მაქსიმუმი და ჯაზის მუსიკალურმა განვითარებამ თავი ამოწურა? ამ კითხვაზეც პასუხი ძალიან მარტივია – არა! ჯაზი, როგორც თანამედროვე აფროცენტრული მუსიკის საფუძველი ისევ ვითარდება, ტალანტები ისევ არსებობენ – უბრალოდ საჭირო გაშუქებისა და სააშკარაოზე გამოტანის გარეშე, ინფორმაციულად გადატვირთული ადამიანებისთვის რთული აღმოჩნდა XXI საუკუნეში ამ მუსიკის მდგომარეობის უკეთესად შეცნობა.

მუსიკა იცვლება და ეს ისტორიულ კონტექსტში სწორიცაა, სხვა შემთხვევაში ალტერნატივი მისი „სიკვდილია“. უფრო მეტი მუსიკოსი იყენებს ელექტრონულ ჟღერადობასა და ინსტრუმენტებს, რამაც ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში სათავე დაუდო მუდმივად ცვლილებად სტილებს, როგორიცაა: Nu Jazz, Jazztronica და სხვა.

ახალ თაობას აფროცენტრული მუსიკისთვის ახალი სისხლი და ახალი მიდგომები მოაქვს. დაწყებული გრეგორი პორტერიდან, გაგრძელებული ნაკლებად ცნობილი მუსიკოსებით, რომლებიც ჯაზ მუსიკალური სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები არიან, დღეისთვის ჯაზ მუსიკა სავსეა იმ ადამიანებით, რომლებიც პატივს მიაგებენ ისტორიას, თუმცა მეორე მხრივ ორიგინალურ მუსიკას ქმნიან.

უამრავმა neo-bop შემსრულებელმა განიცადა გავლენა სხვა მუსიკალური სტილების გავლენა და შერწყმა. ხშირად, წარსულში ლეგენდარული მაილს დევისიც კი, ხშირად გაკიცხვის საგანი ხდებოდა მისი ექსპერიმენტების გამო, რა დროსაც მას კულტურული ფესვების დავიწყებაში სდებდნენ ბრალს. ეს პერიოდულად ადამიანთა იდეოლოგიაში გადაიზარდა და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მოხდა ახალი თაობისთვის ადგილის დათმობა.

მაგალითისთვის – ესპერანსა სპოლდინგს შეუძლია ერთ დღესაც ბენდთან ერთად არენბისა და როკის ჯაზ მუსიკასთან შეწყმით გამოვიდეს გამოვიდეს, სხვა მხრივ კი იგი ვეტერან მომღერლებთან ჯაზ ტრიოსაც შექმნას.

იგივე მიდგომა აქვს რობერტ გლასპერსაც – მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს არც ნირვანას სიმღერების ქავერ ვერსიების შექმნა, არც ჰიპ-ჰოპ პროდიუსერის J Dilla-სადმი მიძღვნილი კომპოზიციები, მეორე მხრივ კი, ჯაზ ტრიოს სახით სტაბილურად მოღვაწეობს უფრო ტრადიციული ჟღერადობის მქონე მუსიკოსებთან.

ორივე არტისტი უკვე საკმაოდ ცნობილია ჯაზ წრეებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ უკანასკნელისთვის გრემის ჯილდოზე.

აქვე არიან სხვებიც: კამასი ვაშინგტონი, სტეფან ბრიუნერი და ოტის ბრაიუნი – რომლებიც სრულიად უარყოფენ მუსიკის „სიწმინდის“ იდეას და მთლიანად მის განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჯაზის „გარდაცვალებაზე“ ხშირად ლაპარაკობს, ადვილი შესამჩნევია მისი ახალი სისხლი, რომელიც შვილობილი ჰიპ-ჰოპ მუსიკიდან გადმოედინება დასახმარებლად (ამის აღსაღნიშნავად კენდრიკ ლამარის 2015 წლის ალბომიც კი საკმარისია.)

საქართველო კი ამაყია, რომ ბექა გოჩიაშვილის სახით ჯაზის ახალ ტალღაში ჩვენი ქვეყნის ხმა ისმის. ჯულიარდის სტუდენტს უკვე არამხოლოდ ახალი თაობის მუსიკოსები იცნობენ, არამედ მისი შესრულების მანერა უკვე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ჯაზის ლეგენდებისთვის. სტენლი კლარკისთვის, იგი მაილს დევისისა და ლეგენდარული დრამერის, ტონი უილიამსის შემდეგ საუკეთესო დებიუტანტი ახალგაზრდა მუსიკოსი აღმოჩნდა. ჩიკ კორეა და გარი პიკოკი კი მას დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

წლების განმავლობაში იგი ბენდის ცვალებად წევრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა სამშობლოს და მისი შესრულება, თავდადება ყოველი გამოსვლის დროს გასაოცარ ენერგიას ანიჭებდა მსმენელს. მისთვის რთული არ არის როგორც კლასიკური ბიბოპ ჟღერადობის სტანდარტები, ასევე თანამედროვე მსმენელზე მეტად ორიენტირებული იმპროვიზაციების შესრულება. მისი მუსიკალური სიმწიფე როგორც შესრულებაში, ისევე არანჟირებაში ყველასთვის შესამჩნევია.

სტენლი კლარკისა და მისი ლეგენდარული ჯგუფის (Return To Forever), წევრების ყურადღებაც ბექამ სწორედ მისი თავისუფალი აზროვნებით მიიპყრო – სწორედ Return to Forever იყო 70-იან წლებში ჯაზ ფიუჟენ სტილის მედროშე და გოჩიაშვილიც სწორედ მათი მუსიკალური ფილოსოფიის გამგრძელებლად შეიძლება მივიჩნიოთ.

7 იანვარს,  Silk Road Group-ი მსმენელს ახალ საინტერესო სივრცეს და მუსიკალურ საღამოს დაპირდა, შეასრულა კიდეც. მულტიფუნქციურ სივრცე – „რესპუბლიკაში“, ბექა გოჩიაშვილის ახალი ბენდის საღამო დაიგეგმა. 6 კაციანი ბენდი ახალგაზრდა, თუმცა საკუთარი ხელწერის მქონე დასამახსოვრებელი მუსიკოსებისგან შედგებოდა.

20:00 საათისთვის დაპირებული მუსიკალური მოგზაურობისთვის ორსართულიანი სივრცე მთლიანად შეივსო. დასაწყისისთვის დალასელი მუსიკოსი, ერიკა ბადუს ფავორიტი ფრენკ მოკა შეეცადა აუდიტორიის შემზადებას. აფროცენტრულ სამოსში გამოწყობილ მუსიკოსს, მალევე ბენდის სრული შემადგენლობა შეუერთდა.

აქვე ავღნიშნავ ჩემს პირად მოლოდინს დრამერ მაიკ მიტჩელისადმი – ასევე დალასელი, უკვე 6 წელზე მეტია რაც შტატებში ჯაზ წრეების ფავორიტია. მუსიკალური ოჯახიდან წამოსული მიტჩელი ჯერ კიდევ საკუთარი უნიკალური ჟღერადობის ძიებაშია, სადებიუტო ალბომის ჩაწერის შემდეგ, სადაც იგი თავისუფალ ჯაზს, ჰიპ-ჰოპსა და ბიბოპს ერთმანეთს გენიალურად უზავებდა, 23 წლის მიტჩელი სხვადასხვა ბენდის შემადგენლობით ხშირად უკრავდა წვეულებებზე და საქართველოშიც ერთი მისიით ჩამოვიდა – აუდიტორიას მის უწყვეტ გრუვზე ეცეკვა.

დაკვრის სტილი და შესრულების ტექნიკაშოუს განმავლობაში მკვეთრად იცვლებოდა, თუმცა ფუძე მაინც ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის თანამედროვე ჟღერადობის ზღვარზე გადიოდა, როგორც წინა თუ მისი თაობის კოლეგა ჯაზ დრამერები (კარიმ რეგინსი, ქრის დეივი) – მიტჩელი სწორედ იმ თაობას მიეკუთვნება, რომლის ბავშვობაც ჰიპ-ჰოპ სამყაროს ოქროს ხანას დაემთხვა.

ჰიპ-ჰოპზე საუბრისას კი საქმეში მალევე ჩაერთო MC რასარ ამანი – შოუს მთავარი ხმა. მისი რეჩიტიტავის ლირიკული ნაწილი ალბომში ოცნებებს, სიკვდილსა და თავიდან დაბადებას ეხება – 7 იანვარს კი ქართულ აუდიტორიის წინაშე შესაბამისად ნაცნობი მუსიკალური ფორმით წარსდგა.

ბენდთან ერთად მან სხვადასხვა ცნობილი ჰიპ-ჰოპ ჰიტი წაიკითხა და ქავერი შეასრულა, მათ შორის – G Funk დასავლეთ სანაპიროდან – სნუპ დოგის კლასიკა Ain’t No Fun (Nate Dogg, Kurupt, Warren G), განგსტა რეპის ჰიმნი Dr.Dre-ს Chronic-ის ალბომიდან, Let Me Ride, სნუპ დოგისა და ფარელი უილიამსის ცნობილი ჰიტი – Drop It Like It’s Hot და სხვა.

სწორედ ეს სამეული – მოკა-მიტჩელი-ამანი ქმნიდნენ იმ აფროცენტრულ განწყობასა და გრუვს, რომელზეც როგორც ჩანს ქართული აუდიტორია საკმაოდ მოწყურებული აღმოჩნდა. საღამოს განმავლობაში ნაკლებად შესამჩნევი აღმოჩნდნენ ბასისტი მატ რემსი და ფლეიტისტი ელენა პინდერჰიუგსი, თუმცა მათი  წვლილი საერთოდ მუსიკალური ფონის შექმნაში მაინც დასაფასეველი იყო.

რაც შეეხება თავად ბექა გოჩიაშვილს – Nord-ის სინთეზატორთან მოკალათებული ქართველის იმპროვიზირება და ჩართულობა გასაოცარი იყო. მისი funky ჟღერადობა, ბენდის სხვა წევრებთან შეთამაშება და აუდიტორიაზე მორგება მიტჩელის დრამინგთან ერთად საღამოს მთლიან მუსიკალურ ფონს ქმნიდა.

აუდიტორიის ჩართულობას ფრენკ მოკა შოუს დასაწყისიდანვე ცდილობდა, 1 საათის შემდეგ კი სცენის წინ არსებული სივრცე სხვადასხვა ასაკის მსმენელმა მთლიანად აითვისა. ენერგია და ემოციური ფონი რაც ამ დროს დარბაზში ტრიალებდა სიტყვებით რთულად გადმოიცემა, თუმცა საღამომ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რამდენად მნიშვნელოვანი და განსხვავებულია დღეისთვის მსმენელისთვისაც მუსიკოსების ცოცხალი შესრულება.

საღამოს გაგრძელება თბილისელ მუსიკოსს და DJ-ს, მიშო ურუშაძეს მიენდო. მუსიკალური მრავალფეროვნებით გოჩიაშვილის ამერიკული ბენდის მიერ დატოვებული vibe, რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გააგრძელა.

ჩვენი მხრივ კი, კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვიამაყოთ ბექას წარმატებით, რომელიც მაგალითი უნდა გახდეს სხვა დამწყები ქართველი მუსიკოსებისათვის – ნიჭით, შრომით და საკუთარი საქმის სიყვარულით ყველაფერი მიიღწევა.



განხილვა