ონლაინ სივრცე ხშირად ერთადერთი ადგილი ხდება, სადაც ქართველ მუსიკოსებს „თვითრეალიზაცია“ და „თვითაქტუალიზაცია“ უწევთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ცუდის მანიშნებელია, ვინაიდან ხშირად ეს ხდება საფუძველი მათი წინსვლისთვის. #თაობა ამის შესახებ ქართველ ელექტრონული მუსიკის პროდიუსერს Hamatsuki-ს ესაუბრა.
M: ვინ არის Hamatsuki და საიდან ეს სახელი?
Hamatsuki არის მამუკა ცხადაია, სახელი იაპონიიდან ნამდვილად არ მოდის.

M: ქართულ სივრცეში რთულია იპოვო ადამიანი, ვინც ბავშვობიდან მიიღო ინსპირაცია ელექტრონულ მუსიკაზე, ვინაიდან საცეკვაო მუსიკამ დიდი ნაბჯებით სულ რამდენიმე წელია, რაც შემოაბიჯა ჩვენს რეალობაში. რამ იქონია პირველად შენზე გავლენა, რამაც მუსიკით დაგაინტერესა?
არ მახსოვს მომენტი, როცა მუსიკა არ მაინტერესებდა, შესაბამისად, არც ის მახსოვს, რამ გამოიწვია ეს დაინტერესება. ბონბონერში მოგებული მოცარტის სიდიდან ლუი არმსტრონგამდე ყველაფრის სმენა მომწონდა რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. ინსტრუმენტებთანაც შემეძლო საათების გატარება და ადრეულ ასაკშიც მიყვარდა ჩემი ,,მელოდიების” შექმნა. თუმცა პირველი დიდი ინტერესი ჰიპ-ჰოპმა გამოიწვია.
M: შენი მუსიკა Lo-Fi ესთეტიკისა და ცოტა სევდიანი ნარატივის მატარებელია, ამასთანავე, მნიშვნელოვან როლს ანიჭებ სათაურებსაც – რა არის ამის მამოძრავებელი?
სახელები უბრალოდ მომენტებია იმ პერიოდიდან, როდესაც Hamatsuki დავიწყე, ძირითადად ვარქმევ იმას, რაზეც ვფიქრობ, ან რაც მოცემულ მომენტში ზუსტად ასახავს განწყობას. ალბათ მომწონდა მსმენელისთვის სახელით მიმართულების მიცემა, თუმცა, ეს მიდგომაც ნელ-ნელა იცვლება. სევდიან ნარატივს რაც შეეხება, უბრალოდ ასე გამოდის.

M: შენ, როგორც ბევრი სხვა, ინტერნეტის შვილი ხარ, სწორედ ამ ინსტრუმენტის სწორად გამოყენებამ მოგცათ საშუალება რომ გეკეთებინათ მუსიკა, შემდეგ კი გაგევრცელებინათ თქვენი ნამუშევარი – რას ურჩევდი სხვა პროდუსერებს ამ მიმართულებით?
ვურჩევდი, რომ არ იფიქრონ რელიზებზე და მსმენელის პოვნაზე, მგონია, როცა იმას აკეთებ, რაც მოგწონს, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც მოგისმენენ და გაიზიარებენ შენს მუსიკას. რა თქმა უნდა, გააჩნია რა არის არტისტის პრიორიტეტი, მაგრამ მგონია, რომ დღეს ყველა ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ შენი მუსიკა გაუზიარო მსმენელს.
M: ქართულ მუსიკალურ სცენაზე ვისაუბროთ – ვისთან მეგობრობ ყველაზე მეტად, ან ვისთან გაქვს საერთო მუსიკალური ხედვები აქ?
ბევრთან ვმეგობრობ , ამიტომ არ იქნება სწორი ვინმე გამოვარჩიო. მეგობრული გარემო და არტისტებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა ალბათ აუცილებელია ადგილობრივი სცენის განვითარებისთვის. ვფიქრობ , რომ ყველას ინდივიდუალური მუსიკალური ხედვა აქვს, თუმცა მყავს მეგობრები ვისთანაც ამ ხედვას ვიზიარებ.
M: ბავშვობის ნოსტალგიაზე რომ ვისაუბროთ, გინდა თუ არა ამ ყველაფრის მუსიკით გადმოცემა და არის თუ არა ეს ხაზი შენთვის მნიშვნელოვანი?
არ მიფიქრია კონკრეტულად რისი გადმოცემა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის. ალბათ უფრო მინდა , რომ ჩემი მუსიკა ჩემს ცხოვრებას მიყვებოდეს და არ იყოს ღრმა წარსულის მოგონებებზე ორიენტირებული.
M: მუსიკის კეთების რა საშუალებები გააჩნია რიგით თბილისელ პროდუსერს? ისევ კომპიუტერული მუსიკა თუ ანალოგურ სინთეზატორებსაც უგებთ გემოს?
,,თუ მონდომებულია ყველგან ისწავლის”. ეს ფრაზა შეიძლება ამ სფეროსაც მოერგოს. არიან ადამიანები ვისგანაც გამიგია, რომ ანალოგური სინთეზატორების და სხვა ტექნიკის შეძენის შემდეგ გამოუვათ იმის გაკეთება, რაც უნდათ და ხშირ შემთხვევაში თავს აჯერებენ, რომ შეუძლებელია გატეხილი ლეპტოპით და იაფი ყურსასმენებით მუსიკის კეთება. მე ასე არ ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ გიარის გარეშეც შეიძლება შენი მუსიკალური იდეების გადმოცემა. თუმცა, რა თქმა უნდა, ხარისხის და შესაძლებლობების დონეში განსხვავება არის. ხშირად ვუგებთ სინთეზატორებს გემოს, რადგან სცენა დიდი არ არის და ხშირად ერთ ინსტრუმენტს ბევრი არტისტი იყენებს, ესეც მეგობრული გარემოს კიდევ ერთი პლიუსია.
M: დაუტოვე მარკეტერს ტრეკი #თაობის ფლეილისტისთვის…










