ხშირად ხდება, როდესაც ახალგაზრდა მუსიკოსი და პროდიუსერი, რომელიც საკმაოდ ბევრს მუშაობს თავის თავზე, არსად ჩანს, არც რეალურ და არც ვირტუალურ სივრცეში. ასეთებს მხოლოდ ღრმა და დეტალური ინტერნეტ ხეტიალისას თუ წააწყდებით. გთავაზობთ #თაობის ინტერვიუს 20 წლის ელექტრონული მუსიკის პროდიუსერთან თბილისიდან – IC122.
M: პირველ რიგში, გაგვაცანი შენი თავი…
გამარჯობა. მე ვარ სანდრო თავართქილაძე. 20 წლის. დამწყები მუსიკალური პროდიუსერი და ასევე დამწყები ვიზუალური არტისტი თბილისიდან.

M: როდიდან დაინტერესდი ზოგადად მუსიკით და ვინ იყვნენ ამის პირველადი ობიექტები?
5-6 წლიდან, მამაჩემის მეშვეობით. ე.წ. “პირატული ზბორნიკებიდან”, რომელიც მშრალ ხიდზე იყიდებოდა. პირველადი ობიექტები ზუსტად მახსოვს ჯერ Moby იყო, შემდეგ Gorillaz და ამის შემდეგ Café del mar-ის კრებულები, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი გზა გავიარე.
M: აკავშირებდი თუ არა ბავშვობიდან შენს თავს მუსიკასთან, თუ იმ პერიოდში ეს მხოლოდ სმენის დონეზე შემოიფარგლებოდა?
არასოდეს ყოფილა მოსმენა ჩემი მთავარი მიზანი. რაც არ უნდა ყოფილიყო მოსმენისას ყველანაირი სახის მუსიკას თუ სიმღერას ვყვებოდი სიმღერით და მომავალში ვფიქრობდი რომ მეც შევასრულებდი რაიმე ჩემსას, მაგრამ 15-16 წლის ასაკში დავკარგე ხმა როგორც ხდება ხოლმე, ამის გამო ცოტა მოგვიანებით ხელში გიტარა ავიღე და მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ვუკრავ. ასე რომ, კი, არაცნობიერად თუ ცნობიერად, ყოველთვის ვაკავშირებდი ჩემს თავს მუსიკასთან.
M: როდის ჩაწერე პირველი ტრეკი, რა პროგრამა გამოიყენე მის შესაქმნელად? მოიძიება თუ არა იგი შენს გამოშვებულ რელიზებში?
პირველი ტრეკი 2013-ში ჩავწერე Guitar Rig-ით, აკუსტიკური გიტარითა და კომპიუტერის მიკროფონით, Insomnia Mziuri ჰქვია და იუთუბზე შეგიძლია ნახო.
ხოლო ელექტრონული მუსიკა Intrinsic Value იყო, რომელიც ასევე 2013-ში ჩავწერე. სწორედ ამ ტრეკმა მომცა იმედი, რომ რაღაც უფრო სხვანაირის გაკეთებაც შემეძლო, ვიდრე გიტარისგან გამოდიოდა. ეს ტრეკი ჩემს Bandcamp-ზე დევს თავისივე სახელწოდების EP-ში.
ჩემი დღევანდელი და თუნდაც, 2 წლის წინანდელი მუსიკა ძალიან განსხვავდება იმისგან, რითიც დავიწყე მოღვაწეობა.
M: პირადად ჩემთვის, შენი მუსიკა „Dreamy” ესთეტიკის მატარებელია. რა ახდენს ჩაწერის პროცესში გავლენას ყველაზე მეტად? პირადი ემოცია, გარემო თუ სხვა მახასიათებლები?
ყველაზე მეტად ალბათ ჩემი ნევროტულობა. არასოდეს მაქვს მოსვენება როდესაც მუსიკას ვქმნი და საკუთარ თავზე 0 კონტროლი მაქვს. არ შემიძლია ერთ ტრეკზე 6 საათზე მეტი დავხარჯო, თუ მოდის რამე იდეა, მოდის და იმ მომენტშივე ვაკეთებ. ყოფილა შემთხვევა, მიკეთებია ტრეკი თვეობით, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ მომწონებია და წამიშლია. შთაგონება ამის შემდეგ უკვე ინსტრუმენტებია, თუ რა მაქვს ხელთ და რა შემიძლია მივიღო VST პლაგინისგან. პირადი ემოცია მთავარია, სწორედ ის მაძლევს ალბომის იდეას, რომელსაც შემდეგ უკვე ვაყალიბებ და ვუძებნი ადგილს ანუ სად მოხდებოდა ამის გამომჟღავნება: კლუბში, ბუნებაში თუ ოთახში, საღამოს, ჩაისთან ერთად. რაღაც დოზით მუსიკალური გარემოც ახდენს ზეგავლენას, რადგან მუსიკით იმას ვაკეთებ, რაც მე კონკრეტულ მომენტში სხვა არტისტებისგან მაკლია.
მაგალითად, “Fantasize Forms”-ის დაწერა რომანტიულ სიზმრებში განცდილმა გრძნობებმა მიბიძგეს, თითოეული ტრეკი პატარა პაემანია კაფეში ან სასიყვარულო სცენა კრემისფერ მყუდრო ოთახში, რომელიც შენს არარსებულ გამოგონილ პარტნიორთან ხდება და ეს ძალიან უცნაურია. ეს მომენტები ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ გაღვიძებისას ძალიან ხასხასა მოგონება გრჩება. ტრეკების ხანგრძლივობა ძირითადად ძალიან მოკლეა, მაგრამ სავსე. ვფიქრობ, აქ არტისტების უმეტესობა ატმოსფერულობაზე გააკეთებდა აქცენტს, გაწელავდა ტრეკს და არ შეავსებდა მიქსოლიდიური თუ დორიანული გამებით მას, მაგრამ მე საპირისპიროდ მოვიქეცი, რადგან მაკლია ასეთი მუსიკის მოსმენა.
Stargazer II-ს რაც შეეხება, ის პატარა კლუბში ხდება, ოღონდ ეიფორიასთან ერთად ნოსტალგიაც ახლავს, თითქოს მომავალში დედამიწიდან შორს უკიდურეს კოსმოსში მოგზაურობ, არაფერი არ გაკლია, ახალ-ახალ სანახაობას აწყდები მაგრამ ადამიანები გენატრება. შექმნის პერიოდშიც ასე იყო, მეგობრებს ძალიან იშვიათად, თითქმის საერთოდ ვერ ვნახულობდი. როგორც ჩანს, ჩემი ცხოვრების პატარა პერიოდიც იკვეთება ამ ალბომში.
სწორად აღნიშნე Dreamy, სწორედ სიზმრებიდან ვიღებ საწყის ბიძგს. რადგან ძირითად შემთხვევაში სიზმარში განცდილი, რეალობაზე მძაფრია.
აქვე რჩევა: აზრიანი და მძაფრი სიზმრების სანახავად ადრე უნდა დაიძინოთ!
M: ვიცი, რომ რამდენიმე გვერდითი პროექტი გაქვს. რა განსხვავებაა მათსა და IC122 ს შორის?
განსხვავება ისაა, რომ IC122 უფრო ექსპერიმენტალისტი ტიპია ელექტრონული მუსიკის კუთხით, ხოლო დანარჩენი პროექტები თავიანთ დინებაში დგანან და თავიანთი უცვლელი დატვირთვა აქვთ.
“ფარღალალა” ჯაზზე ორიენტირებული ჯგუფია, სადაც ბასზე და გიტარაზე ვუკრავ.
ასევე არის Boroti Roboti, რომელიც გასართობად შევქმენი და ძირითადად, 90-იანების რეივ მუსიკის ნოსტალგიაა.
დიდი ხანია უკვე, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სამომავლოდ მე და ლუკა დგებუაძე (Mindstreaming) ვაპირებთ ერთობლივი ალბომის ჩაწერას, კომპოზიციები მზად გვაქვს. ორი სახის ტრეკი იქნება, ერთში მხოლოდ სოლო პიანო, მეორეში სოლო აკუსტიკური გიტარა. ველოდებით შესაფერის მომენტს ჩასაწერად.
M: რაც შეეხება უკვე მუსიკის უფრო ფართო აუდიტორიაზე გატანას. გქონია თუ არა ლეიბლებთან დაკონტაქტება. თუ არა, რატომ? და აქვე, რა მედიუმზე ხედავ შენს მუსიკას მომავალში (ციფრული, კასეტა თუ ფირფიტა)?
არა, არასოდეს. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადად ახალი მუსიკალური სივრცეების ათვისებაზე ვფიქრობ, ამიტომ ალბათ ვერ ვიქნები ერთი ყაიდის ტიპის მუსიკის დამწერი, როგორიც ლეიბლებს სჭირდებათ. ყოველთვის ძალიან მიჭირს ჩემი დაწერილი ტრეკების ერთად თავმოყრა, რადგან ისინი ყოველთვის ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბევრჯერ გამიგზავნია დემო უცხოურ ლეიბლებზე, მაგრამ პასუხი არასოდეს მომსვლია. ვფიქრობ, საქართველოში არ არის ისეთი ლეიბლი, რომელსაც ჩემი სტილის მუსიკა დააინტერესებს, ჩემი აზრით ჩვენს ქვეყანაში ფართო აუდიტორიაზე მუსიკის გატანის გზა, ამჯერად, მხოლოდ ცოცხალი შესრულებაა.
ისე, მე თვითონ დამიბეჭდავს ჩემი ალბომის Stargazer II-ის 30 ცალი კომპაქტ დისკი, რომელიც მეგობრებში უფასოდ დავარიგე და ერთხელ ძალიან მესიამოვნა, როდესაც მეგობრის მანქანაში ჩავჯექი და აღმოვაჩინე, რომ სიდი-ჩეინჯერში ჩემი ნაჩუქარი დისკი ედო.
მირჩევნია, ციფრულ სივრცეში იყოს ჩემი მუსიკა, რადგან დღესდღეობით, ყველას მიუწვდება ხელი ამ მედიუმზე და ყველაზე მარტივი გზაა მოსასმენად, არ გჭირდება ზედმეტი ნივთის ფლობა. მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესო იქნებოდა Fantasize Forms-ის ფირფიტაზე ხილვა, რადგან ფირფიტა ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუსიკის გავრცელების ფორმაა, ჩემს ალბომსაც ძველი ჟღერადობა აქვს, ძირითადად, Yamaha DX-ის გაციფრულებული ხმებია გამოყენებული, მაგრამ მაღალი ტემპი და დროში ზუსტად ჩასმული სინთეზატორის წამყვანი პარტიები, მგონია, თითქოს მოულოდნელ და უჩვეულო შთაბეჭდილებას დატოვებს მასზე, ვინც პირველად მოისმენს ჩემს მუსიკას ფირფიტიდან.
M: გარდა მუსიკის წერისა, ხშირად არც თბილისის სხვადასხვა ვენიუზე გხედავენ. ეს შენი გადაწყვეტილება და ტაქტიკაა, თუ ადგილობრივი ფრომოუთერების უყურადღებობა?
ჯერჯერობით, მხოლოდ შექმნაზე ვარ ორიენტირებული, მინდა მაქსიმალურად დახვეწილი, ჩემთვის დამახასიათებელი და კარგად დამუშავებული მუსიკა გავაკეთო, ამის შემდეგ, წესით, მივალ ცოცხალ შესრულებამდეც.

M: როგორ შეაფასებ თავად ადგილობრივ მუსიკალურ სცენას? ვისთან მეგობრობ და როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია კავშირები?
ძალიან საინტერესოა ქართული ელექტრონული მუსიკის სცენა, თუმცა გრადაცია სტილის მიხედვით, ვფიქრობ, ცოტა ჭირს. არიან კარგი არტისტები და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი ადამიანი აღმოჩნდება, რომლებიც არ სხედან ჟანრის ჩარჩოებში და ჩემნაირად, საძინებლის ოთახიდან ქმნიან მუსიკას.
ჩემი აზრით, არტისტების მეინსტრიმ ჯგუფი საკმარის ძალისხმევას არ დებს, რომ ისეთი ხმა მიიღოს, როგორიც ზუსტად ჩაჯდება ტრეკის ესთეტიკაში, მაგალითად, არის კომპოზიციები, რომელშიც საინტერესო ხმები ისმის, მაგრამ საერთოდ კონტექსტიდან ამოვარდნილი ქიქი მთელ სილამაზეს აფუჭებს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
ერთადერთი მუსიკოსი მეგობარი მყავს, რომელთან ერთადაც დავიწყე მუსიკის კეთება, ეს არის Mindstreaming ანუ ლუკა დგებუაძე. ხშირად ავდივარ ხოლმე ლუკას სახლში, ერთმანეთის დაწერილ მუსიკას ვუსმენთ და ვუზიარებთ აზრებს, მე სხვანაირად ვუსმენ, ის სხვანაირად. როდესაც ორივე ადამიანი მუსიკას აკეთებთ, საუბარიც სხვანაირია და მხოლოდ „კარგიათი“ არ შემოიფარგლება.
სხვა თანამედროვე მუსიკოსებთან, ჯერჯერობით, არ მაქვს ურთიერთობა და ვერ ვიტყვი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კავშირები, მაგრამ ვფიქრობ მხოლოდ მისასალმებელია ბევრ პროდიუსერთან ურთიერთობა, თუნდაც, კოლაბორაციის თვალსაზრისით.
M: როგორ უყურებენ შენს საქმიანობას სახლში, მეგობრებში? რამდენად დიდ დროს უთმობ მუსიკას და სხვა რა საკითხებით ხარ დაინტერესებული?
ჯერჯერობით, მშობლებისგან ხელი არ შემშლია არაფერში. მეგობრებს ძირითადად მოსწონთ, მაგრამ მათთვის თავიდან ცოტა რთულია ხოლმე გაგება. ძველი ალბომიდან გამომდინარე, იმედი აქვთ, რომ ახალი მუსიკაც იმავე სტილის იქნება, მაგრამ ყოველთვის უქარწყლდებათ მოლოდინები და მოსმენისას ძალიან საინტერესოა მათი სახის დანახვა.
ბოლო სამი წელიწადია, ძალიან დიდ დროს ვუთმობ მუსიკის კეთებას, დღე არ გავა, რომ რაღაც პატარა დრაფტი მაინც არ შევქმნა, რომელიც მომავალში შეიძლება ტრეკად დაექსპორტდეს, მთლიანობაში, 9 საათის მუსიკა მაქვს შექმნილი, მაგრამ კლასიფიცირება ძალიან რთულია. ყველა წერს კარგ და ცუდ მუსიკას და ვფიქრობ, პროდიუსიერისთვის მთავარი გამოწვევა სწორი სელექციაა.
გარდა პროდიუსერობისა, ვარ ჰობისტი ფრილანსერი UI/UX დიზაინერი, 14 წლისამ პირველი ჯამაგირი სწორედ ამ საქმიანობით გამოვიმუშავე. ხანდახან ვწერ მუსიკას ტელე-რეკლამებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობ, რომ ადვილად გამომივა, ჩემი ძმის სრულმეტრაჟიანი ფილმისთვისაც დამიწერია მინი საუნდტრეკი, მეგობართან ერთად ჩართული ვარ სტარტაპში. ვიღებ ფოტოებს ზენიტ 122-ზე.
მუსიკის კეთებასთან ერთად, ასევე სხვადასხვა ფოტოების დამუშავებით ვქმნი აბსტრაქტულ კოლაჟებს, რომლებსაც შემდეგ ალბომის ყდად ვიყენებ. 26 ივნისს Vodkast-ზე გამოვა Mindstreaming-ის ფირფიტა სახელად Conflict 1, რომელსაც ყდა მე გავუკეთე, პირველად იბეჭდება ვინილზე ჩემი გაკეთებული ნამუშევარი და ცოტას ვნერვიულობ.
ჯერჯერობით, საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობ, მომავალში იმედია უკეთესი იქნება.
M: ბოლოს, დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…
ეს ალბომი, თამამად ვიტყვი, სამყაროსგან ბოძებული საჩუქარია და ჩემთვისაც ძალიან დიდი შთაგონებაა, გირჩევთ, არ დაიზაროთ და აუცილებლად მოუსმინოთ.












