15
Sep
2017

#თაობა – I.G.O.: “ჰიპ-ჰოპი მუსიკისა და პოეზიის სინთეზი, შესაბამისად, ხელოვნებაა”

15 Sep 2017

ქართულ მუსიკალურ სცენაზე ყოველთვის რთული იყო ავთენტურობის შენარჩუნება, სფეროში მოაღვაწე ადამიანებისთვის უპირველესს არ წარმოადგენდა ინდივიდუალურობის წარმოჩენა. თუმცა ამ მხრივაც გაიზარდა #თაობა და შესაბამისად გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელთან, კოლექტივ DigMassive-ის წევრთან – I.G.O.-სთან.

M: პირველ რიგში, გაგვეცანი და გვითხარი, რასთან არის კავშირში შენი სასცენო სახელი I.G.O?

მოგესალმებით. I.G.O არის აბრევიატურა შემდეგი ფრაზისა:  “Immortal Gene’s Outcome”  – “უკვდავი გენის  შედეგი”, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, თუ საიდან მოვდივართ და ვისი გორისანი ვართ.

M: რამ განაპირობა შენი ჰიპ-ჰოპ კულტურით დაინტერესება? მოზარდობის ასაკში ხომ არ გქონდა იმედგაცრუება ადგილობრივი სცენით?

ჰიპ-ჰოპ კულტურა ეს არის ხელოვნება, უწინარეს ყოვლისა. მე პირადად პოეზია ძალიან მიყვარს და ყოველთვის მინდოდა მეტად ჰარმონიული რამ შემექმნა იმ ასპექტში,  რასაც მუსიკისა და პოეზიის სინთეზი ეწოდება. მე რა მაგალითი მოვიყვანო თუ არა უდიდესი შოთა რუსთაველის ინსპირაციისა, რომელსაც სიყრმიდან მიკითხავდა მამაჩემი და როდესაც მივედი იმ ასაკამდე რომ დავინტერესდი ამ უდიდესი ნაწარმოების პოეტიკით (“ვეფხისტყაოსანი”), მე განცვიფრებული დავრჩი, თუ რაოდენ დიდია მასში მუსიკალურობა და არა მარტო…  და აი, ამ ყველაფერმა განაპირობა ალბათ  ჩემი ამ კულტურით დაინტერესებაც. მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი (ბევრს ეშლება ეს): უბრალო ლექსის და შაირის სტრუქტურა განსხვავდება ერთმანეთისგან, ხშირ შემთხვევაში.

უბრალოდ როდესაც ტექსტზე მუშაობს ადამიანი, ის მაქსიმალურად უნდა იყოს შერწყმული იმ მუსიკასთან, რომელზეც იწერება უშუალოდ ნაწარმოები,  რომ იქ დისონანსი ძალიან  ცუდად ხვდება შემდგომ ყურს და ამას არ უკვირდებიან. ხშირ შემთხვევაში  საქმეც ამაშია, ჩემი რჩევა იქნება, რომ მეტი უნდა უსმინონ მუსიკას და მეტი უნდა იკითხონ, რადგან როდესაც გროვდება გონებაში რესურსი, ის თავისას იზამს და არტისტსაც  შეეტყობა საკუთარი სტილისტური მახასიათებლები აუცილებლად და ჩამოუყალიბდება უკვე დროთა განმავლობაში სტილიც და ხიბლი მიეცემა უცილობელ  მის შემოქმედებას.

რაც შეეხება ადგილობრივ სცენას და იმედგაცრუება მქონია თუ არა, გეტყვით, რომ არც  მაშინ და არც დღეს  სახარბიელო სიტუაცია არ გვაქვს ნამდვილად, მოზარდობის პერიოდში ვერ ვიტყვი, რომ ვუსმენდი აქტიურად (კონკრეტულად, ჰიპ-ჰოპს), მაშინ ქართულ ხალხურ სიმღერებს ვასრულებდი ჩვენი სოფლის ანსამბლთან ერთად და  ძირითადად ვუსმენდი  (“ნაციონალურ საგანძურს”) – ჰამლეტ გონაშვილს ანსამბლი “რუსთავი” და ასე შემდეგ.
„ქართულ ჰიპ ჰოპი ” თუ შეიძლება იმ დროის, შემოქმედებას ეწოდოს?!  ეგ ჩემთვის ჰიპ-ჰოპი არ იყო  და არც არის, რა საკვირველია უბრალოდ აკეთებდნენ ადამიანები იმას რასაც ეკრანზე ნახავდნენ, მაშინ ინფორმაციული ვაკუუმი იყო. მთლიანობაში დიდად არ უნდა გავაკრიტიკოთ  იმ დროის შემსრულებლები, რომლებიც ცდილობდნენ რაღაცის გაკეთებას, დღესდღეობით, უკეთესობა შეინიშნება, თუმცა დღესაც არ სურს ხალხს გონების დაძაბვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უკვე მზა მასალა უდევთ თვალწინ, რომელსაც  სწორად გამოყენებაღა სჭირდება. ჩემთვის არც მაშინ და არც დღეს ხელი არ შეუშლია ხსენებულ გარემო ფაქტორებს, როდესაც ადამიანს გწადია შინაგანად, გააკეთო რაც გსურს –  მის განხორციელებას წინ ვერაფერი აღუდგება. უბრალოდ აღსანიშნი ფაქტია ის, რომ ჩვენ  ბაზა რომ გვქონოდა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დღეს ალბათ  უფრო მაღალ საფეხურზე იქნებოდა კულტურა, ჩემი აზრით.

M: ვიტყოდი რომ ქართულ ჰიპ-ჰოპში ერთ-ერთი ავთენტურ და „ეროვნულ“ მუსიკალურ პროდუქტს აკეთებ, ვინმესგან იღებ გავლენას თუ ეს რაიმე პირადი კონცეფციაა?

ეს რასაკვირველია, ჩემი პირადი კონცეფციაა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი ინსპირაციის უშრეტი წყარო იყო და არის უდიდესი შოთა რუსთაველი, რომელმაც დამანახა მე ენა, რომელიც არის ზეჰარმონიული, თუ დაეუფლები მას, ქართული ენა უდიდესია, უამრავი შესაძლებლობის მქონე, გადაავლეთ თვალი ბარათაშვილს, გალაკტიონს, ვაჟას,  გურამიშვილს, კონსტანტინე გამსახურდიას, მანდ სიღრმისეულად ჩანს ენის შესაძლებლობები,”წავედი – გავედი” არ არის ენის ზღუდე. დასანანია უბრალოდ, რომ არავის აინტერესებს სიღრმე, არა მხოლოდ ენაზეა აქ საუბარი, სხვა დანარჩენზეც გული არ მისდის მავანს, ატმოსფერო შეიცვალა ისევ და ისევ ჩვენი მეოხებით სულ სხვა ფასეულობანი ამოტივტივდნენ და სწავლა განათლება მიწასთან არის გართხმული, შესაბამისად ადამიანს რაიმე მარტივი იზიდავს ყოველთვის რისადმი  ლტოლვასაც  გონების დაძაბვას არ საჭიროებს…

M: შენ Digmassive-ის პატარა კოლექტივის წევრი ხარ, როგორ აღწერ ამ ერთობის საერთო შეხედულებას? რაზე დგას Digmassive და გეგმავთ თუ არა უახლოეს მომავალში გაზრდას?

Digmassive არის იდეა, რომ მსმენელამდე მივიდეს მეტი მრავალფეროვნება უცვლელი გეზით და სათქმელი, რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანის, იმ პრობლემებზე, რაც გვიდევს წინ, არის ამ კულტურაში და თითოეულ ადამიანში, რომ რუტინა დაირღვეს!

გაზრდას, როგორც ასეთი, შემოქმედებით ასპექტში ვაპირებთ, თითქმის ყველა წევრი მუშაობს საკუთარ ალბომზე მეც, მათ შორის, რიგით მეორე ალბომზე ვმუშაობ, კოლაბორაციულ ალბომს რაც შეეხება, მიდის დილემა კონცეფციაზე და უახლოეს მომავალში, მსმენელს მივაწვდით ცნობებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

M: ლირიკულად რომ გავშალოთ შენი მოღვაწეობა, როგორც ჩანს, ქართულ ლიტერატურას ეტრფი. ხომ არ არის გეგმაში რომ კონცეპტუალურ ალბომად აქციო სხვადასხვა მწერლების მიმართ მიძღვნილი ტრეკები?

როგორც ასეთი, კონცეპტუალურ ალბომად აკინძვა არ მიფიქრია შემდეგი სახის ნაწარმოებების, თუმცა მორიგ ალბომში აუცილებლად შევა რამდენიმე მსგავსი სახის ნაწარმოები, რომლესაც  არ დავასახელებ შეგნებულად, ჯერჯერობით.

M: მოდი, გავცდეთ თქვენს კოლექტივს და ზოგადად ქართულ სცენაზე ვისაუბროთ, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ახალგაზრდა თაობაში ამ ეტაპზე. როგორ ფიქრობ, რა არის ამ ყველაფრის განმაპირობებელი, ხარისხი თუ პირიქით, მასობრივ პუბლიკაზე გათვლილი პროდუქტი?

რასაკვირველია, პუბლიკაზე გათვლილი პროდუქტი და არც არის გასაკვირი, რომ მას უკვე უამრავი მსმენელი ჰყავს. როგორც აღვნიშნე, პუბლიკა მეტად მარტივია და მასზე გავლენის მოხდენა უმარტივესია. ხალხს “პური და სანახაობა” იზიდავს, როდესაც მასას მიაწვდი მასზე მორგებულ პროდუქტს ის უკვე “ჯიბეში გყავს“ და რასაკვირველია, მოზარდთა უმეტესობა ადევნებს ამ ყველაფერს თვალყურს, მათი ყურადღების მიქცევა პრობლემას არ წარმოადგენს არანაირად, ყველაფერი გაუფასურებულია და პრეტენზია რომ გვქონდეს, თუ რატომ უსმენს ხალხი უნიათობას, თუ გადავხედავთ საღი გონებით, დავინახავთ ყველაფერს. ამ ყველაფრის შეცვლა რადიკალურად, ვფიქრობ, ძალიან ძნელია, რადგან ატმოსფერო შემდეგნაირია დედამიწაზე, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის იმ ადამიანებს, რომლებიც ვიღწვით იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა დაინტერესება ჰპოვოს ხელოვნებისადმი და არა მარტო…

M: ბოლო დროს, ხშირად ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში მყოფ სცენაზე მოხშირდა ერთმანეთისადმი Diss ტრეკები, უთანხმოებები და დაპირისპირებები. მიგაჩნია, რომ ეს ავთენტურია? და რამდენად ხელს უწყობს ზოგადად კომუნის წინსვლას?

პირველ რიგში, შემთხვევით ვისარგებლებ და ვიტყვი და ხაზი მინდა გავუსვა, ყველამ სათანადოდ გაიგოს ეს, რომ არანაირი Diss კულტურა არ არსებობს! და შეეშვან უნდა რაღაც უნიათობის და უკმეხობის პროპაგანდას. ხალხს, რომელსაც არააქვს ცნობა კულტურის შემოგარენზე, ის შეცდომაში შედის ავტომატურად და 100% დან 90% დღეს ასეთია და შეცდომაში შესული ადამიანი იმავე შეცდომის პროპაგანდას გასწევს და ეს რაზე მიუთითებს? ისევ და ისევ ქვევრში ჯდომაზე, სხვა არაფერზე და ეს განვითარებაში არ იწერება და არ ითქმის ეს განვითარებად!

რაც შეეხება უთანხმოებებს, ეს არტისტების პირადულია  და არტისტები რომ ჰქვიათ შემოქმედებითად უნდა მიეგოს თითოეულ მათგანს ერთმანეთისადმი მეობის და ადამიანობის ფარგალში და არა ლანძღვა-გინებით და უშვერი სიტყვებით მოხსენიებაა მიზანშეწონილი, მე ეს არანაირი განვითარება არ მგონია და ვინც თვლის, რომ ეს განვითრებაა კულტურის, მწარედ ცდება.

ერთ რამეს დავძენ, ვისაც ჰგონია, რომ  მხოლოდ ერთ ჟღერადობაზე რახან არის ადამიანი მოღვაწე და ის სხვას არაფერს უსმენს და არა ჰგონია რა მის გარდა, მტკნარი სიცრუე გახლავთ ეს უბრალოდ, ხარისხი უნდა შეინიშნებოდეს ნებისმიერ ჟანრში და ყველანაირი ნაწარმოები მოსმენადია არამხოლოდ ჟანრზეა აქ საუბარი აქ საუბარია ნებისმიერ რამესზე ხარისხი, უწინარეს ყოვლისა!

M: დაუტოვე მარკეტერს ტრეკი #თაობის ფლეილისტისთვის…

ძალიან დავიბენი ამ შეკითხვაზე  და რომელი ერთი უნდა ამოვარჩიო უბრალოდ მიჭირს არჩევანის გაკეთება (უცილობელ  ანსამბლი რუსთავის ნაწარმოებს “ჭონა”-ს) ვიტყოდი… თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რახან საქმე ჰიპ-ჰოპ კულტურას ეხება, ალბათ მაინც…

 



განხილვა