10
Feb
2017

#თაობა: ლევან შანიძე – შემოქმედებითი განცდა აუდიოშიც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც სხვა მედიებში

10 Feb 2017

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და ინფორმაციული ველის გაშლამ ყველას მისცა საშუალება თავისი თავი მოსინჯოს მუსიკალური მიმართულებითაც. ხშირად ვხვდებით, რომ ადამიანები საკმაოდ პატარა ასაკიდანვე ერთვებიან მუსიკალურ ინდუსტრიაში, ინტერესებიდან გამომდინარე. #თაობის სტუმარია ქართველი მუსიკოსი ლევან შანიძე.

M: ვინ არის ლევან შანიძე და რას საქმიანობს?

ფორმალურად სტუდენტი ვარ. ფილოსოფიას ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში. ძირითადად სტუდენტობით და მუსიკით ვარ დაკავებული, თუმცა პერიოდულად ვიზუალურ ხელოვნებას და გრაფიკულ დიზაინსაც ვეხები.

M: რა იყო თავიდან, რამაც მუსიკასთან დაგაკავშირა? იყო ბავშვობიდან თუ არა ეს ყველაფერი შენთან ახლოს?

მუსიკის აქტიური სმენა ცოტა გვიან დავიწყე (12-13 წლისამ). თავიდან სამოცდაათიანი წლების პოპულარულ როკ ჯგუფებს ვუსმენდი. მოგვიანებით, სკოლის მეგობრებმა ჯგუფი გავაკეთეთ, პარალელურად, დრამის სწავლა დავიწყე მუსიკალურ სკოლაში. ამ პერიოდშივე დავიწყე კომპიუტერული პროგრამით მუსიკის გაკეთება. ვცდილობდი ისე ამეწყო, რომ  სარეპეტიციოში ინსტრუმენტებზე გადაგვეტანა. ელექტრონული მუსიკით ნელ-ნელა დავინტერესდი, კეთების მეთოდიც შემეცვალა.

M: რა ინსტრუმენტებს იყენებ ჟღერადობის მისაღებად? თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერი და პროგრამებია?

ინსტრუმენტებს არ ვიყენებ, მხოლოდ კომპიუტერს და პროგრამებს, თუმცა კონკრეტულ-ინსტრუმენტული ხმების გამოყენება მომწონს, „სემპლების“ სახით.

 

M: გავლენებზე რას გვეტყოდი, მუსიკა საკმაოდ მრავალფეროვანი გაქვს ანუ არ იკეტები ერთ ჟღერადობაში. შესაბამისად, გავლენაც ალბათ ესეა…

იყო პერიოდები, როცა მიბაძვის მძაფრი სურვილი მიჩნდებოდა Aphex Twin, Burial, Four Tet-ის მოსმენისას. თუმცა, ზოგადად, ჟანრული ინტერესი არ მქონია. შეიძლება, ცალკეული ტრეკები რომელიმე ჟანრისკენ იხრებოდეს, მაგრამ ამას არ ვაკონტროლებ, პროცესს თვითონ მიჰყავს მიმართულება. რამდენად მეტყობა არ ვიცი, მაგრამ არაელექტრონულ მუსიკასაც გარკვეული გავლენა აქვს – მერედიტ მონკი; ჯონ ზორნი; აფრიკული, მონღოლურ-ტიბეტური ეთნომუსიკა.

M: არის თუ არა მუსიკა ხელოვნების ერთადერთი მიმართულება, სადაც შენი თავის მოსინჯვა გინდა?
ზოგადად, ხელოვნებით დაინტერესებული ვარ. თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-T) გავიარე არაფორმალური კურსი და მომეცა შესაძლებლობა სხვადასხვა მედიუმში მომეცადა თავი, თუმცა, აქტიური და გაცნობიერებული გეგმები არ მაქვს. შემოქმედებითი განცდა აუდიოშიც ისეთივე სასიამოვნოა როგორც სხვა მედიებში.

 

M: თუ გაქვს საშუალება რომ შენი შემოქმედება მსმენელს გააცნო offline სივრცეში? არის თუ არა შენი მუსიკისთვის მოსახერხებელი კლუბის გარემო?

პერიოდულად არის შემოთავაზებები სხვადასხვა სივრცეებიდან: გამოფენები, ბარები, გადაცემები. ლაივ პროგრამის კეთებისას მუდმივად ვცდილობ კონტექსტის გათვალისწინებას, თითოეული ღონისძიებისთვის  ახალ პროგრამას ვაწყობ. ისე გამოდის ლაივ პროგრამები და ის ცალკეული ტრეკები რასაც ვავრცელებ ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვაა (უმეტესწილად). კლუბიდან მქონია შემოთავაზება, დამიკრავს და ამ პრინციპით მოსახერხებელია გარემოც.

M: რაც შეეხება რელიზს, ქართველი მუსიკოსებისთვის და პროდიუსერებისთვის ადვილია ტრეკის შექმნა, მაგრამ რთულდება ამ ყველაფრის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა და ლეიბლებთან მოლაპარაკება. შენ რაას გეგმავ ამ მიმართულებით?

აპრილისკენ დაგეგმილია მცირე ტირაჟით კასეტის გამოცემა ერთ-ერთ პოლონურ ლეიბლზე, თუმცა ვნახოთ რა იქნება. შუა პროცესში შეწყვეტა რამდენჯერმე გამომიცდია და ამიტომ ვამჯობინებ წინასწარ ბევრი არ ვილაპარაკო.

M: დაუტოვე მარკეტერს ტრეკი #თაობის ფლეილისტისთვის…

 



განხილვა