7
Jun
2018

#თაობა: მაიკო შუბითიძე – ხატვა ჩემი შინაგანი სამყაროა, ის მეორე მე, ჩუმად რომ არის ხოლმე

7 Jun 2018

ვინ იცის, როდის აღმოაჩენ შემოქმედებით პოტენციალს საკუთარ თავში? ან რა ფორმა, ფერი, თუ ხმა ექნება შენი თვითგამოხატვის პროდუქტს? რას გამცნობს, საკუთარი მეს შესახებ, შემოქმედებითი აქტი? – დღეს გავიცნობთ 28 წლის ეკონომისტ მაიკო შუბითიძეს, რომლის ცხოვრებაშიც, სულ რაღაც, 1 წლის წინ იფეთქა ავანგარდისტული სტილის მხატვრულმა ნიჭმა, სიამოვნებით მიჰყვა ამ პროცესს და თავიდან ფეხებამდე ჩაეშვა მის სიღრმეებში. ხვალ კი, 8 ივნისს, 2 დღით, იარტ გალერიში, უზნაძის 13 ნომერში, მაიკო შუბითიძის პერსონალურ გამოფენაზე, ნახატების საშუალებით გამოხატული ემოციების გაზიარება ნებისმიერ მსურველს, ცოცხლად შეეძლება.

წრეზე ვხატავ – ჩემი ნახატები რომ ამოაბრუნო, სხვადასხვა რაკურსიდან, სხვადასხვა რამეს აღმოაჩენ. შეიძლება ქალს ხედავდე, მაგრამ შემოაბრუნო და ჩიტი დაინახო, ან სპილო. მოკლედ, ჰიჩკოკი ნახატებია იმიტომ, რომ სულ რაღაცას პოულობ. ამიტომ, ძირითადად, საკიდიც ორი აქვს, როგორც ვერტიკალურის, ისე ჰორიზონტალურის.

M: როგორ დაიწყე ხატვა?
ზოგადად, ყოველთვის ვხატავდი, მაგრამ ჩემთვის – მეცადინეობის, საქმის კეთების დროს. თუმცა, ჩემი ბოლოდროინდელი საქმიანობა ჩემი სახლის კედლის მოხატვით დაიწყო. და რომ გამომივიდა, მივხვდი, რომ მინდოდა, ქაღალდზეც მეხატა. თავიდან ვხატავდი ტუშით, შავ-თეთრ ნახატებს, შემდეგ უკვე გადავედი ფერადებზეც. ვმუშაობ ფუნჯით, ნემსითა და სამედიცინო ინსტრუმენტებით. ერთი თვეა, გადავედი ტილოზე და ვმუშაობ ზეთის საღებავებით, აკრილით და ნელ-ნელა, გზადაგზა ვსწავლობ ამ ყველაფერს. ჩემით ვატარებ ექსპერიმენტებს და სიმართლე გითხრა, არ მინდა, რომ ამ ეტაპზე ვინმე ჩაერიოს. რადგან ვფიქრობ, ჩემს ხასიათს რომ შევიძენ, მერე უკვე ტექნიკაზე შემიძლია, კონსულტაციისთვის მივმართო ვინმეს. ცოტა მეშინია სხვასთან მისვლა, რადგან მგონია, მისი გავლენის ქვეშ მოვექცევი. ამიტომ, ვერიდები და ჩემით ვიგონებ რაღაცებს, ვწვალობ, რომ მივაღწიო რაღაცას. თუმცა, რეალურად, ასე უფრო საინტერესოც არის. 

არასდროს მივლია ხატვაზე და ალბათ, ეს ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებ, არის ჩემი ემოცია, რასაც ვერ ვამბობდი აქამდე და ახლა, ჩემი ნახატების საშუალებით გამოვხატავ სათქმელს. არ ვიცი, ოღონდ, კონკრეტულად, რისი გამოძახილია. ვერ გეტყვი. 

M: როდის ხატავს მაიკო შუბითიძე?
არასდროს შემიძლია ხატვა, ოდნავ მაინც თუ ცუდ განწყობაზე ვარ. ზოგისთვის ხატვა არის თერაპია, რომ ის ნეგატიური ემოციები ამ პროცესში გადაიტანოს, თუმცა მე, ამ შემთხვევაში, არაფერი გამომდის. ურთიერთობებია, დიალოგები, ფიქრი, სიტუაციები და ამ სიტუაციებიდან გამომდინარე, რაღაც კონკრეტული მეხატვინება ხოლმე.

ხატვა არის იდეალური, უნიკალური პროცესი და მირჩევნია, სიმშვიდეში ვხატო. სრულ სიწყნარეში. და ამიტომაც, კიდევ უფრო ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემი შინაგანი სამყაროა, ის მეორე მე, ჩუმად რომ არის ხოლმე. შემიძლია, ყველაფერზე ვთქვა უარი და თავიდან ბოლომდე გადავეშვა ამ პროცესში.

ისე, ფერების ცოტა მეშინია იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ დავსვი ისეთი, როგორიც მინდა. შავ-თეთრი მირჩევნია ნახატზე იმიტომ, რომ ყველას შეუძლია, თავისი ფერი დაადოს. საკუთარ წარმოსახვაში.

M: დაუტოვე თაობას ნახატი…
მერაბ აბრამიშვილის „სემირამიდა“. არ ვიცი, ვგიჟდები და იმიტომ…  მამშვიდებს მისი თითოეული ნამუშევარი. ცოტა ფერმკრთალია ხომ მისი ნახატები?! მაგრამ სიღრმეში შევყავარ და მასეირნებს, თუნდაც, სემირამიდას ბაღებში.



განხილვა