18
Jul
2018

„ღიმილი, რომელიც აქამდე არ არსებობდა“ – მაკა ბატიაშვილი, #თაობა

18 Jul 2018

1993 წელს, ქვეყანაში მიმდინარე ომებისა და ახლადდაწყებული სოციო-ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მაკა ბატიაშვილი სამხატვრო აკადემიაში აბარებს. ასე იწყება ქართველი არტისტის ისტორია – ხელოვნება, რომელიც ამჟამად უკვე მოიცავს ფერწერას, გრაფიკას, ვიდეო არტსა თუ დოკუმენტურ კინოს.

რასაკვირველია, მაშინ ეს არ ითვლებოდა სერიოზულ საქმედ, არ აღიქმებოდა პროფესიად. ნახატი არ იყო ის, რაშიც შენ დიდი შრომა და დრო ჩადე. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ადამიანებს ძალიან ადვილად შეეძლოთ ნახატის ჩუქება ეთხოვათ“.

„თავიდან, ეს იყო ჩემთვის გართობა და სიამოვნება“, – გვიყვება ის. როგორც ბევრი ახალგაზრდა, სტუდენტობის პირველ წლებში, მაკაც ვერ აცნობიერებდა, რამდენად სერიოზული არჩევანი გააკეთა. საქმე სიამოვნებად დარჩა, მხოლოდ პასუხისმგებლობა დაემატა, რომელსაც ხელოვანი აუდიტორიისა და საკუთარი შემოქმედების წინაშე გრძნობს. საიმოვნებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის კვალდაკვალ, მაკას მიღებული აქვს ჯილდო – World Master Award in Arts and Culture 2015. მისი პერსონალური გამოფენები წარმოდგენილი იყო ნიდერლანდებში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, გერმანიაში, ხოლო ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, აშშ, გერმანია, იტალია, ამერიკა, თურქეთი, სომხეთი, ჩინეთი, კორეა და ა.შ.

M: რას გრძნობ შენი ნამუშევრების გამოფენისას?
პირველ რიგში, კარგად ვხედავ მათ, იმიტომ, რომ ჩემს სახელოსნოში ძალიან ცუდი განათებაა. ძალიან სასიამოვნოა გამოფენის შედეგად მიღებული კომპლიმენტები, მაგრამ მე კრიტიკა უფრო მაინტერესებს, რაც ჩვენთან, თითქმის, არ არსებობს. მქონდა პაუზები, რასაც ახლა ძალიან ვნანობ, ალბათ, ეს ერთფეროვანი პერიოდის ბრალი იყო, რადგან სწორედ ხშირი გამოფენები და იმის შეგრძნება, რომ მნიშვნელოვანი გამოფენა გაქვს წინ, გაძლევს ძალას, იმუშაო და არ ეკითხები შენს თავს, ხარ, თუ არა ამის განწყობაზე. 

ვეთანხმები ჩვენში ფართოდ გავრცელებულ აზრს რომ ხატვა არ არის ქარხანაში მუშაობა და ის არ უნდა გადაიქცეს რუტინად. მეც ვთვლი, რომ მუშაობის მიღმა არის გარემო სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მის ნაწილად ყოფნა და მასზე დაკვირვება ჩემთვის ასევე შემოქმედებითი სამუშაოა“.

ადამიანის ზღვრულობა და ყოველდღიურობა მაკა ბატიაშვილის შემოქმედების ორი ძირითადი მახასიათებელია, თითოეული ნამუშევრის შესრულებამდე კი მაკა მომავალი „პერსონაჟის“ პროტოტიპების ქცევებს აკვირდება: „იმის მიხედვით ვაკვირდები ადამიანებს, თუ რას ვხატავ – მათ ქცევებს. მაგალითად, პორტრეტს ვხატავდი – გოგონას პირსინგებით და ვაკვირდებოდი ამ ვიზუალის ადამიანებს“.

M: რა არის ის ძირითადი სათქმელი/ემოცია, რომლის გადმოცემაც გინდა შენი ნახატებით?
საინტერესო ის არის, რომ ჩემს სათქმელს, თუ ემოციას სხვები (ვისაც ჩემი ნახატები უყვარს), უფრო კარგად ხედავენ, ვიდრე მე, რადგან მუშაობის პროცესისას ათასნაირი სათქმელი და აზრი შეიძლება მოგივიდეს თავში. ძირითადი კი არის ერთი, რომ სიცოცხლე სევდიანია, მაშინაც კი, როცა ბედნიერი ხარ, მაგრამ ეს არის ტკბილი და სასიამოვნო სევდა.

M: როგორია შენი სუბიექტური რეალობა და შინაგანი მდგომარეობა, რომელიც შემოქმედებით პროცესს ერთვის თან? განსხვავდება თუ არა ის იმის მიხედვით, თუ რას ხატავ?
გამოგიტყდებით, მე ჩემი ნახატის განწყობას საერთოდ ვერ აღვიქვამ, აქედან გამომდინარე, არ ვიცი აისახება, თუ არა ის ნამუშევარზე. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტური აზრის მოსმენა, ჩემი შემოქმედების შესახებ. ძალიან მომთხოვნი და კრიტიკული ვარ ტექნიკურ შესრულებასთან დაკავშირებით, არ ვაჩერებ მუშაობას, სანამ ისე არ იქნება, როგორც მე მინდა. ხან იდეა მაქვს, წლები გადის და ვგრძნობ, რომ ჯერ არ არის ამის დახატვის დრო. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ შოთა იათაშვილმა დაწერა 21 საუკუნის ღიმილის შესახებ, ღიმილი რომელიც აქამდე არ არსებობდა და ის შეიქმნა აიფონთან ერთად, როდესაც სასიამოვნო მესიჯს იღებენ და თავისთვის ოდნავ იღიმებიან, საოცრად იდუმალი და მოზომილი მიმიკაა. რამდენიმე წელი ვაკვირდებოდი ამ ღიმილს, სხვებსაც, ჩემს თავსაც და ერთი თვის წინ დავხატე.

M: რა არის ძალა, რომელიც ხატვას „გაიძულებს“? რის გამო ვერ შეწყვეტდი ამ საქმიანობას ვერასდროს?
ყველაზე დიდი ძალა არის შთაბეჭდილება, მიღებული ვიზუალური გამოსახულებით, თუ ზემოთ ხსენებული ტექსტიდან. შთაგონება მიღებული აჟიტირებული და ინფორმაციით ინტოქსირებული სამყაროდან, რომელიც შემდეგ სიჩუმეში, ჩემ სამუშაო ოთახში ხორციელდება.



განხილვა