in

#140ნაბიჯიწარმატებისკენ – ახალგაზრდა ქართველი მსახიობის გზა ბრიტანეთის საუკეთესო სასწავლებლისკენ!

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ჩვენი ყურადღება ახალმა კამპანიამ მიიპყრო. ახალგაზრდა მსახიობი მარიკა ხუნდაძე ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტში მიიღეს, რისთვისაც საჭირო ფინანსების მოპოვებაში მეგობრები და კომპანიები ეხმარებიან.

bog
bog-mob

M: პირველ რიგში, მოკლედ გვითხარი შენ შესახებ…

მე ვარ მარიკა ხუნდაძე, 23 წლის, მსახიობი. დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და დრამის უნივერსიტეტი. სწავლების 4 წლის მანძილზე მივიღე მრავალფეროვანი გამოცდილება, ვიმუშავე იმ მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. ვიყავი რეჟისორ ანდრო ენუქიძის ჯგუფში, მქონდა შეხება ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან ნინო კასრაძე და ნანუკა ხუსკივაძე. ამ ეტაპზე, ბოლო ნახევარი წელია, ვმუშაობ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში, სადაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიმიწვია სამხატვრო ხელძღვანელმა ანდრო ენუქიძემ.

M: მსახიობობა ბავშვობის ოცნება იყო თუ შემდეგ გამოიკვეთა ეს ინტერესი შენში?

მსახიობობაზე პატარობიდან ვოცნებობდი, თავს უბედნიერესად მაშინ ვგძნობდი, როცა შუქი მიდიოდა და ოჯახის და სტუმრების მთელი ყურადღება ჩემზე გადმოდიოდა. ამ დროს ვითვისებდი სხვადასხვა როლებს და ვდგამდი პატარა წარმოდგენებს. ადრეული ასაკიდანვე ასევე მიზიდავდა კინოხელოვნება, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა მამაჩემმა. რადგან ხედავდა როგორი გატაცებით ვდგამდი სპეკტაკლებს, მეუბნებოდა, რომ თუ ოდესმე მინდოდა წარმატებული მსახიობი ვყოფილიყავი ჩემი განათლება უნდა გამემდიდრებინა სხვადასხვა წიგნებისა და ფილმების პერსონაჟებით. ამ ყველაფერმა ჩამომიყალიბა უდიდესი პატივისცემა ბრიტანული თეატრისა და დრამატურგიის მიმართ. სწორედ ამიტომ, გულში ყოველთვის ოცნებად მქონდა ერთხელ მაინც მეცადა საკუთარი თავი ამ სამყაროში. ეს სურვილი კიდევ უფრო გამიღვივა ერთმა გავლილმა საზაფხულო 2 კვირიანმა კურსმა LAMDA-ში (London Academy of Music and Dramatic Arts), სადაც დავინახე სრულიად სხვა პროფესიული მწვერვალები და განვითარებისთვის აუცილებელი ნაყოფიერი გარემო. ამის შემდეგ, უკვე სერიოზულად დავიწყე მზადება ინგლისის რამდენიმე საუკეთესო უნივერსიტეტში მოსახვედრად.

M: გვითხარი შენი ამჟამინდელი გამოწვევის შესახებ – რომელ სასწავლებელში მოხვდი და რა სირთულეები შეგხვდა?

როგორც ვახსენე, წელს აქტიურად შევუდექი უნივერსიტეტებისთვის მზადებას. მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადავქექე ყველაფერი, წავიკითხე უამრავი ბლოგი და სტატია. აღმოჩნდა, რომ ბრიტანელებსაც 4-5 ცდა ჭირდებათ პროგრამაში მოსახვედრად და შარშან მიღების მაჩვენებელი, სულ რაღაც, 1% იყო. აქედან გამომდინარე, მითუმეტეს, რომ ვიყავი უცხოელი აპლიკანტი, შევეგუე, რომ მოხვედრის შანსი თითქმის არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ვიცოდი, მხოლოდ სინჯებზე წასვლითაც კი უზარმაზარ გამოცდილებას მივიღებდი. შევავსე საბუთები, ჩავაბარე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტრურებელი გამოცდა, შევაგროვე სარეკომენდაციო წერილები, დავწერე სამოტივაციო ესსე და გავგზავნე აპლიკაცია. ამ პირველი სტადიის გადალახვის შემდეგ, უკვე დამიბარეს ეტაპობრივ სინჯებზე ლონდონში, სადაც შემამოწმეს ინდივიდუალურად, გავიარე გასაუბრება და აგრეთვე ჯგუფური ვორქშოფი. აღმოჩნდა, რომ სასწაულებივად გამიმართლა და ამ 3 ეტაპის გადალახვის შემდეგ, მიმიღეს ინგლისში პირველ ადგილას მყოფ უნივერსიტეტში Royal Central School of Speech and Drama.

M: როგორ ცდილობ ფინანსების მოძიებას და ვინ გეხმარება ამაში?

მოხვედრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაზე რთული ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის. სწავლის საფასური 23 000 გირვანქა სტერლინგია. დედაჩემი, რომელმაც ბოლო საშუალებების მოძიებით გამიშვა სინჯების 2 რაუნდზე, ვერაფრით ვეღარ გაწვდება სწავლის და ცხოვრების ხარჯებს, ამიტომ მომიწია დაფინანსების გარე წყაროების მოძიება. პირველად მივმართე განათლების სამინისტროს, სადაც სამწუხაროდ რეგისტრაცია სამაგისტრო დაფინანასების პროგრამაზე დასრულებული იყო. ასევე დავუკავშირდი კულტურის სამინისტროს, სადაც მითხრეს, რომ არ აფინანსებენ ასეთ გრძელვადიან კურსებს. ასე დავრჩი კერძო სექტორის, ფილანტროპებისა და მეგობრების იმედად. ჩემმა მეგობრებმა შექმნეს gofundme-ის გვერდი (https://www.gofundme.com/hit-the-road-marika), სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დახმარება და დონაციის ჩარიცხვა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს და უცხო ადამიანებს, რომლებიც ასე აქტიურად აზიარებენ გვერდს და უანგაროდ მიდგანან მხარში. არასოდეს დავივიწყებ ამ სიკეთეს და მაქსიმალურად ვიშრომებ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს არ გავუცრუო იმედები. ამ გვერდის შექმნის შემდეგ, ჩემმა მეგობრებმა წამოიწყეს გამოწვევა #140ნაბიჯიწარმატებისკენ. თუ მოვახერხებთ და ჩავრთავთ 140 კომპანიას, რომლებიც ჩარიცხავენ მხოლოდ 500 ლარს, მივაღწევთ სამიზნე თანხას.

M: როგორც გავიგე, რამდენიმე კომპანიამ მიიღო უკვე გამოწვევა შენს დასახმარებლად – გვითხარი მათზე.

გამოწვევა დავიწყეთ გუშინ და მუშაობს შემდეგნაირად: ჩვენ გამოვიწვიეთ რამდენიმე კომპანია, რომლებიც თუ მზად არიან მიიღონ გამოწვევა აზიარებენ ამ პოსტს და იწვევენ თავიანთ მეგობარ კომპანიებს. ამ ეტაპზე, გამოწვევა მიიღო სპორტულმა დარბაზმა “წრე”, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, “წრემ” კი გამოიწვია millenial hub, bikes.ge და Redberry. ჩვენი მხრივ, ამჟამად, გამოწვევაზე პასუხს ველოდებით TBC ბანკისა და სილკნეტისგან. იმედია, რაც დრო გავა, მეტი კომპანია ჩაერთვება ამ გამოწვევაში.

M: როდისთვის იწყება სწავლა, რა დროისთვისაც ფინანსები უკვე გენერირებული უნდა იყოს?

სწავლა იწყება 3 სექტემბერს, ხოლო სრული თანხა უნდა გადავრიცხო 6 აგვისტომდე.

M: ბოლოს, რას ეტყვი ადამიანებს, ვისაც შენი მხარდაჭერა უნდა, ასევე, რას ურჩევ მათ, ვისაც მსგავსი ოცნებები აქვს?

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც უკვე დამეხმარა და ახლაც მხარში მიდგას. თუკი ვინმეს სურს რაიმე სახის მხარდაჭერა, შეუძლია ესტუმროს gofundme-ის გვერდს და ჩარიცხოს ნებისმიერი თანხა ან უბრალოდ, გააზიაროს ეს გვერდი. თუ რომელიმე კომპანია სურვილს გამოთქვამს, გამოწვევის ფარგლებს გარეთ, უფრო დიდი თანხით დამეხმაროს, ეს უფრო დამაახლოვებს იმ მიზანთან, რომლისკენაც მივიწევ.

და ბოლოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც პროფესიულად განვითარება სურს, ვურჩევ არ დანებდეს, კონცენტრირდეს მიზანზე და მაქსიმალურად იშრომოს მის მისაღწევად. უფრო კონკრეტულად კი, თუ ვინმეს უცხოეთში სწავლის გაგრძელება აინტერესებს, ან რაიმე კითხვები აქვს საბუთებსა და აპლიკაციის პროცესთან დაკავშირებით, შეუძლია მომმართოს და გამოცდილებიდან გამომდინარე, ვეცდები მაქსიმალურად დავეხმარო.

კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა ყველას დახმარებისთვის და თქვენ – დაინტერესებისთვის!

როგორ გავზარდოთ სასტუმროს გაყიდვები OTA მარკეტინგული სტრატეგიით?

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს!