მარკეტერი ქართულ ჰიპ-ჰოპ კომუნის მდგომარეობასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერევიუს MC Cutkill-თან.
M: პირველ რიგში, გაგვეცანი, როდის დაიწყო შენი და მუსიკის ურთიერთობა, იყო, თუ არა ეს თავიდანვე ჰიპ-ჰოპ მუსიკა?
ამიკო ნინუა, 33 წლის – MC/მუსიკოსი თბილისიდან. ჩემი და მუსიკის ურთიერთობა დაიწყო 12 წლის ასაკში, როდესაც მიშო ურუშაძემ მაჩუქა 2 Pac-ის “Me Against The World” და Notorious BIG-ის “Ready To Die”, მაგ დროისთვის არ მქონდა არაფერი, რაზეც შეიძლებოდა, რომ მომესმინა ზემოთ აღნიშნული არტისტები. ასე რომ, მიწევდა მეგობრის მაგნიტოფონით სარგებლობა. იმ დღეს, როდესაც ეს საჩუქრები მივიღე, ჩავედი ჩემს მეგობართან და ვთხოვე, ჩაერთო რომელიმე დისკი, ჩავრთეთ 2 Pac და გამოვშტერდით, ისე მოგვეწონა. მერე მახსოვს, შუქი წავიდა და იმ დღეს ვეღარ გავაგრძელე მოსმენა, მაგრამ მთელი ღამე ვფიქრობდი, როდის დადგებოდა დილა, რომ გამეგრძელებინა მოსმენა. მეორე დღის განმავლობაში ვუსმენდით 2 Pac-სა და Biggie-ს, ეს იყო უდიდესი სიამოვნება, რომელიც კი ოდესმე განმიცდია, დღემდე ჰიპ-ჰოპი ჩემი საყვარელი მუსიკის ჟანრია.

M: რა იყო მთავარი ინსპირაცია, რომ ურბანულ კულტურას დაუკავშირე თავი? მსგავსი გარემო თბილისში? პროტესტი? განსხვავებულობის განცდა?
მაშინ არც კი ვიცოდი, რა იყო რეპი, უბრალოდ, 12 წლის ბიჭი ვიყავი, რომელსაც მოეწონა ამ მუსიკის ჟღერადობა, მანამდე საერთოდ არ ვიყავი დაინტერესებული მუსიკით, ვთამაშობდი ფეხბურთს და ვაპირებდი სპორტს გავყოლოდი, უბრალოდ, მომწონდა, როგორ კითხულობდნენ მელოდიაზე. ეს ჩემთვის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, ბევრი რამ არც კი მესმოდა ჰიპ-ჰოპის შესახებ, უბრალოდ, ვიცოდი, რომ ჩემს ყურს ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებდა, მაგრამ მალევე VII არხმა ამერიკული MTV გაუშვა, სადაც გადიოდა Yo! MTV Raps, უკვე ვიდეო კლიპებში ვნახე 2 Pac-იც და BIG-იც, საბოლოო ჯამში, მხოლოდ რამდენიმე გადაცემის ნახვა შევძელი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ის მუსიკა იყო, რომელიც მე ძალიან მომწონდა და არამარტო მუსიკა, ვიზუალურმა მხარემაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში.
M: რომელ შემსრულებლებს გამოარჩევდი შენი ტინეიჯერობის პერიოდში, რომლებმაც შენს შემდგომ სტილზე მოახდინეს გავლენა?
BIG-იც და 2 Pac-მა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამ მუსიკის სიყვარულის ჩამოყალიბებაში და ალბათ, არამარტო ჩემთვის, მაგრამ მოვასვენოთ ორივე და დავიწყოთ იმ დროიდან, როდესაც ჰიპ-ჰოპით სერიოზულად დავინტერესდი. ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს შემდეგმა არტისტებმა: Guru Jazzmatazz, Cypress Hill, A Tribe Called Quest და De La Soul, ასევე უკვე ზრდასრულ ასაკში MF Doom.

M: რაღაც პერიოდის განმავლობაში, შენ იყავი წევრი ჯგუფისა Re Beat, რომელიც Drum n Bass მუსიკას უკრავდა. იყო ეს უბრალოდ ექსპერიმენტი, თუ სერიოზულად ფიქრობდი ამ მიმართულებაზეც, რატომ დაიშალეთ?
გვქონდა რაღაც გეგმები, ყველას ძალიან მოგვწონდა, რასაც ვაკეთებდით, განსაკუთრებით, მე და ნიკა წერეთელი ვაქტიურობდით, რომ ამ პროექტისგან რამე გამოსულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, კარგი არაფერი გამოვიდა ამ ყველაფრიდან. მაშინ ყველას საკუთარი პროექტი ჰქონდა და საბოლოო ჯამში, ათასი გაუგებრობის გამო, ეს ჯგუფი დაიშალა.
M: როგორ შეაფასებდი ამჟამინდელ ჰიპ-ჰოპ კომუნას ქვეყანაში, ბევრისთვის წინსვლა აშკარაა 10 წლის წინანდელ თემებთან შედარებით. შენ როგორ უყურებ ამ საკითხს?
ნელ-ნელა საქართველოში გამოჩდნენ ნიჭიერი არტისტები, რომლებიც მართლა ღირებულს აკეთებენ და მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენ მათ, აი, მაგალითად, Afu-Ra-ს კონცერტზე, სადაც ბიჭები გაცილებით მაგრად გამოვიდნენ, ვიდრე ივენთის ჰედლაინერი. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე დ ამათ, რასაც ჰქვია, დაადუღეს იქაურობა. 10 წლის წინ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ბიჭები ასეთ ხარისხს დადებდნენ, ყველა თვალსაზრისით. იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ჰიპ-ჰოპი ნელ-ნელა ფეხზე დგება.
M: ხშირად ხდება, როდესაც ბენდთან ერთად (მიშო ურუშაძე & co) გიწევს გამოსვლა, როგორ ფიქრობ ინსტრუმენტალური მუსიკის დამატება რამდენად დიდ დრაივს აძლევს ლაივშესრულებას?
Live შესრულება, იგივე ბენდთან ერთად, ყოველთვის კარგია, მაგრამ ბოლო დროს, კლასიკურ ვარიანტს ვამჯობინებ: DJ, ორი დეკი, მიქშერი და მიკროფონი. ისე, რასაკვირველია, ძალიან მაგარია ეს ყველაფერი, მით უმეტეს, ისეთ ვირტუოზებს როცა უსმენ ლაივში, როგორებიც არიან: The Roots ან იგივე De La Soul და საერთოდ ლაივს რაღაც განსაკუთრებული ჯადოსნური vibe დაყვება ხოლმე თან, ასე რომ ჰიპ-ჰოპი ყველა ფორმით ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, მე და მიშო კიდევ არაერთხელ შემოგთავაზებთ ჩვენს ნამუშევრებს, ჩვენსავე ჩვეულ სტილში. ასევე, ხშირად გამოვდივარ გიორგი ზურაბიშვილთან ერთად და ეს პროექტიც გაგრძელდება.

M: მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ამ საქმეში ხარ, ჯერჯერობით მხოლოდ გარკვეულ ტრეკებსა და ლაივზე კეთდება აქცენტი შენს შემოქმედებაში. რას ფიქრობ თავად რელიზზე და როდის უნდა ელოდოს ხალხი შენგან ალბომს?
ის ნამუშევრები, რაც აქამდე მქონია და ახლები, რაც ჩავწერე, რომ შევაერთო, ალბათ, ორ სრულყოფილ ალბომს გამოვუშვებ, მაგრამ ყოველთვის რაღაც მაფერხებს, არ ვიცი ეს რისი ბრალია, ალბათ, ჩემი სიზარმაცის, რომ თავი ვერ მოვაბი ვერაფერს, მაგრამ გპირდებით, ახლო მომავალში, გამოვასწორებ და დავდებ. ალბომს ვწერ ბევრ ძალიან საინტერესო არტისტთან ერთად, ნელ-ნელა დაიდება ტრეკები, ასევე ვმუშაობ მაქს მაჩაიძესთან ერთად და სულ მალე კლიპიც დაიდება “Blast-ის“ ტრეკზე, ასე რომ, წინ ბევრი საინტერესო რამ გელით.
M: ბოლოსთვის დაუტოვე მარკეტერს ტრეკი #თაობის ფლეილისტისთვის?










