2
Feb
2017

#თაობა: Micro Bax -„თითო უარი ჩემთვის დამატებითი სტიმულია, რომ უკეთესი მუსიკა ვაკეთო“

2 Feb 2017

„ყველა მუსიკოსი უნიკალურია თავისებურად. ზოგი კარგი და ზოგი ცუდი გაგებით. ალბათ, ხასიათია ის მთავარი დეტალი, რაც ყველაზე მეტად გამოგვარჩევს ერთმანეთისგან“, – მარკეტერი წარმოგიდგენთ ბექა (ბაქი) ლორთქიფანიძეს — იგივე Micro Bax-ს, რომელიც ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში განსხვავებული იმითაც არის, რომ პროფესიით ფინანსისტია და „გალფის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტში მუშაობს. რაც შეეხება მის მუსიკალურ განათლებას, მხოლოდ სამ წელს ითვლის.

M: ბაქი – Micro Bax – რას ნიშნავს ეს სახელი და რატომ დაირქვი?
იმ პერიოდში, როდესაც Micro Bax დავირქვი, ძირითადად, მაიკრო ჰაუსის კეთებით ვიყავი გატაცებული. სიტყვა „მაიკროც“ ამიტომ ფიგურირებს ჩემს ,,ნიკ ნეიმში“. „ბაქს“ ჩემი სახელიდან, ბაქიდან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მაიკრო ჰაუსს იშვიათად ვაკეთებ, ეს სახელი მაინც შემომრჩა, თუმცა ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, მაინც შევცვლი.

M: ელექტრონული მუსიკის რა ჟანრში ხარ, რამდენი ხანია, რაც ქმნი მუსიკას და სად კეთდება ეს ყველაფერი?
უმეტესად, კეთების პროცესში, ჰაუსისკენ მიმდის გული. ამიტომაც, ჩემი ტრეკების უმრავლესობა ამ ჟანრშია. ზოგადად, მუსიკას დიდი ხანია, ვაკეთებ (ალბათ, 10-11 წელია), თუმცა ყოველთვის თავს ვიკავებ ზედმეტი აქტიურობისგან საჯაროდ, სანამ იმ ხარისხს არ მივაღწევ, როგორიც მიზნად მაქვს. ჩემი მუსიკა კეთდება ჩემს საძინებელ ოთახში. ვიყენებ ლეპტოპს, მიდი ქიბორდს, სტუდიურ მონიტორებსა და Drum Machine-ს, რომელიც ცოტა ხნის წინ მაჩუქა მეგობარმა.


M:
 როგორია შენი მუსიკალური გემოვნების განვითარების ეტაპები, ვინ  იყვნენ გავლენის წყაროები?
იმდენი რამისთვის მაქვს მოსმენილი და იმდენი არტისტი მყავს გამოვლილი, რომ არც ვიცი, რომელმა მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა. ალბათ, კომპლექსურად, ყველამ ერთად. ბავშვობიდან, განსაკუთრებით მიყვარს Marvin Gaye და Kool And The Gang. გემოვნება არასდროს შემცვლია, უბრალოდ, საყვარელი არტისტების რიცხვს დროდადრო ემატებოდნენ ახლები. კონკრეტულად, ელექტრონულ მუსიკაშიც უამრავი არტისტი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება და ზეგავლენა მაინც რამდენიმემ მოახდინა, მაგალითად: Theo Parrish, Atom TM, Jeff Mills, Akufen, Glenn Underground, Robert Henke, Thomas Fehlmann

M: ქართველი ელექტრონული მუსიკოსებიდან ვის გამოარჩევდი?
დღესდღეობით, საკმაოდ ბევრი საინტერესო არტისტია ქართულ საკლუბო სცენაზე. გამოყოფა ძალიან მიჭირს. ზოგ მათგანს დიდ პატივს ვცემ. არტისტის ნაცვლად, ტრეკს გამოვარჩევ:

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=WMOncXCgG1M[/embedyt]
M:
 სად ხდება შენი მუსიკის რეალიზაცია?
კონკრეტულად, არსად. შემოთავაზებებზეა დამოკიდებული.

M: ვინ და როგორ უნდა შეუწყოს ხელი ქართული ელექტრონული მუსიკის განვითარებას, ვისი მხარდაჭერაა საჭირო?
ზოგადად, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ერთადერთი ხელშეწყობა მასში არჩარევაა. ეს არის, ალბათ, ერთადერთი სფერო, რომელში ჩარევაც ავტომატურად ნიშნავს ხელის შეშლას. ის თვითონ მიხედავს საკუთარ თავს.

M: რას ფიქრობ თბილისის ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიასა და მსმენელზე?
მილიონიან ქალაქში არის 5-6 კლუბი რომელიც ყოველ weekend-ზე ხალხს ვერ იტევს. კვირა არ გადის, რომ თბილისში რომელიმე ცნობილი არტისტი არ ჩამოვიდეს. ბოლო პერიოდში, ალბათ, თვე არ გადის, რომ თბილისის ქლაბინგზე რომელიმე სერიოზულ გამოცემაში არ დაიწეროს. ამიტომ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოს მასშტაბით. დროთა განმავლობაში, იხვეწება საუნდი, უმჯობესდება კლუბის მენეჯმენტი და ,,იზრდება’’ მსმენელიც. ამ ეტაპზე, ყველაფერი ძალიან სწორად და კარგად ვითარდება.

M: შენ როგორ დაახასიათებდი საკუთარ მუსიკას?
მე პირადად, ჩემმა მუსიკამ შეიძლება, ამაცეკვოს მაშინაც, როდესაც ყველაზე მეტად არ ვარ ცეკვის ხასიათზე. სპეციალურად არ ვაკეთებ ასეთ მუსიკას, თავისთავად გამომდის. არაფერი რთული ჩემს ტრეკებში არ არის, თუმცა ნებისმიერი მარტივი ჰარმონიაც კი, ალბათ, მაინც განსხვავებულია სხვა არტისტების მუსიკისგან. ჩემი ხასიათის ნაწილი ყოველთვის არის ჩემს მუსიკაში. ანუ, შემიძლია, ვთქვა რომ თითოელ ჩემს ტრეკში ვარ მე, რაღაც დოზით. დღეს ვაკეთებ მუსიკას რომელიც, მეტწილად,  ჩემში და ალბათ, სხვაშიც დადებით ემოციას იწვევს, ხვალ არ ვიცი, რა იქნება.

M: რა გეგმები აქვს Micro Bax-ს ?
გეგმაში მაქვს, რომ იმ ლეიბლებზე გამოვიდეს ჩემი მუსიკა, რომლებსაც მე ვუსმენ. ჯერჯერობით, მხოლოდ უარს ვიღებ, მაგრამ ვიცი, რომ უარი ამ ყველაფრის ნაწილია და ძალიან კარგი არტისტები, წლების განმავლობაში, იბლოკებოდნენ სხვადასხვა ლეიბლზე. ამიტომ, თითო უარი ჩემთვის დამატებითი სტიმულია, რომ უკეთესი მუსიკა ვაკეთო და ამას მტკივნეულად ნამდვილად არ ვიღებ.

M: და ბოლოს, დაუტოვე მარკეტერს ტრეკი ფლეილისტისთვის

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=qzK1l4RiVNs[/embedyt]



განხილვა