30
May
2018

#თაობა: Mr. Pol – მაქსიმალურად ვცდილობთ გავაგონოთ ხალხს, რა შეგვიძლია ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს

30 May 2018

უამრავი ახალგაზრდა მუსიკოსი თუ პროდიუსერი, ამ ეტაპისთვის, საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს, თუმცა ინტერნეტ კომუნიკაციის ეპოქაში მათი მუსიკა ჩვენამდე ადვილად აღწევს. #თაობა წარმოგიდგენთ ლეიბლ „Sneaky Bastards”-ის დამფუძნებელსა და პროდიუსერს Mr. Pol-ს.

M: მოკლედ გვითხარი შენს შესახებ…

მე ვარ ნოდო უგულავა, 18 წლის, დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 12 წლის ასაკში წამოვედი ნიუ-იორკში სასწავლებლად და მას მერე აქ ვატარებ უმეტეს დროს.

M: რა ასაკიდან და როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა მუსიკასთან?

მთელი ბავშვობა ჯაზის, სოულის, როკის, კლასიკისა და სხვა ჟანრების გარშემო გავიზარდე. სულ მიყვარდა ყველანაირი მუსიკა. ოჯახშიც სულ მუსიკა ისმოდა – დედაჩემის მხრიდან თითქმის ყველა პიანისტი იყო, ყველას სისხლში გვქონდა მელოდია. როგორც კი ამერიკაში ჩამოვედი, დავიწყე სხვადასხვა ინსტრუმენტებთან ექსპერიმენტების ჩატარება, მერე 13 წლის ასაკში დავიწყე ჰიპ-ჰოპის კეთება და 15 წლიდან გავიცანი ჰაუსი, რომელმაც ძაან მიმიზიდა.

M: შენი მუსიკა ორიენტირებულია ჯაზის, ფანკისა და ჰაუს მუსიკის პასაჟებზე. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მელოდიურობა საცეკვაო მუსიკაში?

ჩემი აზრით, საცეკვაო მუსიკას უნდა ჰქონდეს სოული, რეალურად, სოულმა უნდა აგაცეკვოს. ეს ყველა ჟანრი შავკანიანების წამოწყებულია, რომლებიც განთქმულები არიან სოულის ქონაში, მეც ამ ფენომენმა მიმიზიდა, რაშიც მელოდია და რითმა ძალიან დიდი ფაქტორია.

M: ამჟამად რითი გიწევს მუსიკის კეთება, Hardware/Software?

ყველაფერს ვიწერ Ableton-ში, დღეს ძალიან განვითარებული და გაადვილებულია კომპიუტერული პროგრამები, მაგრამ ხშირად ვხმარობ Drum Machine-ებს და სინთეზატორებს, მაგალითად: Tr-09, SE-02, Korg Poly-61, Sp-303 და .შ.

M: რა იყო ლეიბლ Sneaky Bastards-ის დაარსების მიზანი, რაზე მიუთითებს სახელწოდება და ვის აერთიანებს ის ამჟამად?

ჩუმჩუმელა ნაბიჭვრები, რაც უფრო უმიზნებს უცნობ ქართველ მუსიკოსებს. ძალიან ბევრი მაგარი პროდიუსერი და მუსიკოსი გვყავს, ძალიან ბევრ ჟანრში, ვისზეც ბევრმა არ იცის. მე გადავწყვიტე რამენაირად გამეცნო ისინი ხალხისთვის. კი, ჯერ წინ კიდევ დიდი დროა, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვცდილობთ გავაგონოთ ხალხს, რა შეგვიძლია ქართველ ახალგაზრდებს.

M: თბილისში ელექტრონული მუსიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, როგორ ფიქრობ, რა აკლია ამ ქალაქს ჟღერადობის თვალსაზრისით და სად ხედავ თქვენი ლეიბლის როლს ამ ყველაფერში?

თბილისში იმდენად პოპულარული ხდება, რომ ცოტა მეშინია ფასი არ დაეკარგოს. ეს სცენა მთლიან მსოფლიოში ანდერგრაუნდია, ჩვენთან კი პოპ კულტურაა – რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რადგან ჩვენთან ეს არასდროს არ ყოფილა და მგონია, რომ ამ ტემპით თუ ვიარეთ, თბილისი თავის ჟღერადობასაც გააჩენს ელექტრონულ მუსიკაში. ლეიბლის როლი, მარტივად, არის პროდიუსერების მხრიდან მრავალფეროვნების გაჩენა თბილისის ელექტრონულ მუსიკის სცენაზე.

M: გვითხარი და გვირჩიე რამდენიმე მუსიკოსი/პროდიუსერი, რომლებსაც ამჟამად ხშირად უსმენ, რა გამოარჩევთ მათ?

გააჩნია, რის ხასიათზე ვარ, ყველა ჟანრში არის რაღაც, რაც შეიძლება მოგეწონოს.

ჯაზში ყველაზე მეტად, ალბათ, ვაფასებ Miles Davis-სა და Herbie Hancock-, რადგან მათ კარიერაში ისმის, როგორ შეცვალეს და აიყოლიეს მთლიანი ჟანრის სცენა ელექტრონულ ჟღერადობაზე. ელექტრონულ მუსიკაშიც ძალიან ბევრნი არიან. ბოლო დროს, Techno-ში ხშირად ვუსმენ Jeff Mills-სა და Underground Resistance-ს, როგორც ჟანრის პიონერებს, ამათ მუსიკაში, რაც არ უნდა მძიმე იყოს, სულ ისმის სოული. ძველების გარდა, დღევანდელ პროდიუსერებში მიყვარს: Max Graef, Henry Wu, Steven Julien (Funkineven), Harvey Sutherland და .შ.

M: რით განსხვავდება Bugz პროექტის მუსიკა Mr. Pol-ისგან?

Bugz არის Mr. Pol-ისგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნება მუსიკის მხრივ. სხვა ელექტრონული ჟანრები, რაც მიყვარს რომლებსაც უფრო დაბის  ჟღერადობა აქვს Bugz-ის პროექტში, მარტივად რომ ვთქვათ, ერთად არის თითქოს ჩატენილი და ხანდახან ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ ამერიკის და სხვადასხვა ექსპერიმენტური მუსიკის გავლენაც მოყვება.

M: აშკარად განიცდი ჩიკაგოს ჰაუს სცენის გავლენას, მათ გარდა, ვინ არიან შენი მთავარი ინსპირატორები მუსიკალურ სამყაროში?

გააჩნია, რას ვუსმენ იმ პერიოდში, მაგალითად, ერთი EP მაქვს Exper The Iment, სადაც ძირითადად J Dilla-, Dibiase-სა და ჰიპ-ჰოპ ელემენტების ძალიან დიდი გავლენაა, სხვა პროექტებზე უფრო ჟანრებისგან განვიცდი გავლენას, ვიდრე ვინმე კონკრეტული მუსიკოსისგან, სულ ვცდილობ სხვადასხვა ელემენტების აღებასა და გამოყენებას.

M: რამდენიმე ტრეკში შევნიშნე ქართული სემპლები და ელემენტები, როგორ ფიქრობ, რამდენად კარგად შეიძლება შეერწყას აფრო-ამერიკული საცეკვაო კულტურა ადგილობრივ ჟღერადობას?

ბევრი ძალიან კარგი ძველი მუსიკა გვაქვს ქართველებს, რაც არასდროს არ მქონდა ადრე მოსმენილი, სულ ის ისმოდა, რაც არ მომწონდა, მაგრამ მერე კარგად გამოვიძიე სხვა მუსიკოსები და ბენდები და მივხვდი, რამხელა გავლენა ჰქონდა ჯაზს და ფანკს მათზე და ალბათ, სწორედ მაგიტომ არ ისმოდა ეგრე ხშირად. ამიტომ როგორც რამე ამერიკულ ჯაზს დავასემპლებდი, ზუსტად ისე შევხედე ამასაც.

M: ქართულ სცენას თვალს ადევნებ ალბათ თვალს, ვინ არის შენთვის გამორჩეული მუსიკოსი და რატომ?

ძალიან ბევრნი არიან, უფრო ელექტრონულ და საცეკვაო ჟღერადობაში. დღეს სულ ვუსმენ Agoosh, Dj Tomwildculture, IC122, Tsitel Angelo, Micro Bax, ერეკლე გეწაძე, Hatsvali და კიდევ ძალიან ბევრს. ამათ გარდა ჰიპჰოპშიც ძალიან გავძლიერდით და ეს დიდხანს არ მოხდებოდა, რომ არა LTFR-ის ტომი KayaKata, Hikari, Toyshen და დანარჩენები.

M: გამოუშვით Agoosh-ის პირველი EP, თუმცა უამრავი დაურელიზებელი ტრეკი მოიპოვება შენს საუნდქლაუდზე. რა არის გეგმები ამ მიმართულებით?

როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრი პროდიუსერია, ვცდილობ, ადრე თუ გვიან, ბევრი ოფიციალურად დავარელიზოთ, მაგრამ პრემიერები სულ არის საუნდქლაუდზეც და Sneaky Bastards-ის Youtube-ზეც.

M: დაუტოვე თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…

 



განხილვა