რას შეიძლება უფრო მეტად დაეკავშირებინა ჩინეთი და საქართველო ერთმანეთთან, ვიდრე „აბრეშუმის დიდ გზას“, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი, მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარისა და ჩრდილოჩინური დიალექტების საერთო სახელწოდება – მანდარინს და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (FTA) ჩინეთ-საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას? – #თაობა წარმოგიდგენთ ინტერვიუს სინოლოგ ნატალია მაისურაძესთან, რომელიც პეკინში, პირველი ქართული ენის სახელმძღვანელოს ჩინურ ენაზე გამოცემის ინიციატორი და ავტორია და ასევე, ლიუ ძუნ ჭოუს, იგივე ლაო ჯონ ჯაოს პირდაპირი შთამომავალი, ვის სახელთანაცაა დაკავშირებული საქართველოში ჩაის კულტურის მოშენება.
თუმცა, სანამ, უშუალოდ, ნატალიასთან ინტერვიუზე გადავიდოდეთ, გთავაზობთ მოკლე ექსკურსს მისი გენეალოგიის წარმომადგენელთა მცირე ნაწილის შესახებ: ლიუ ძუნ ჭოუ იყო ნატალია მაისურაძის ბებიის, (დედის დედის), მალი ლიუ ყანდარელის ბაბუა (მამის მამა). 1890 წელს, 23 წლის ლიუ საქართველოში მოიწვიეს ჩაის გამოსაყვანად, რომელმაც აჭარაში სხვადასხვა ჩაის ნერგები ჩამოიტანა და გამოიყვანა სპეციალური ჯიში, რომელმაც შეძლო ამ ნიადაგზე არსებობა და დღესაც, ქართული ჩაი არის სწორედ ლიუ ძუნ ჭოუს გამოყვანილი „ლაო ჩა“ (ლაო მისი გვარია, ხოლო ჩა – ჩინურად ჩაის ნიშნავს). წიგნში „ჩაის კულტურის სათავეებთან საქართველოში“, რომელიც შეიქმნა მისი მემუარებისა და დღიურების მიხედვით, ვკითხულობთ, რომ ჩაისთან ერთად, მან ჩამოიტანა სხვა ბევრი მცენარე, მაგალითად: კივი, ფეიხოა, მანდარინი, ბამბუკი, პალმა, ასევე, ჯონჯოლი, რომელსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ, სავარაუდოდ, მისი სახელი დაარქვა – ჯონ ჯაო – ჯონჯოლი.რაც შეეხება ნატალიას ბებიას, მალი (გუანვენ) ლიუ ყანდარელს, ის ნახევრად ჩინელია, ჩინეთში დაიბადა და 22 წლის ასაკში საქართველოში ჩამოვიდა სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად, შემდეგ გაიცნო მხატვარი, კერამიკოსი, გობელენის ოსტატი გივი ყანდარელი (რომლის სახელი შესულია გობელენის მსოფლიო ენციკლოპედიაში), რომელთან ერთადაც ოჯახი შექმნა და შედეგად, საქართველოში დარჩა. 25 წლის წინ სწორედ მალიმ დაიწყო საქართველოში ჩინური ენის სწავლება აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში. სწორედ მან გამოზარდა ქართველი სინოლოგები და სინოლოგიის სკოლა საქართველოში.
M: ნატალია, სად მიიღეთ განათლება, როგორც ჩინური ენის სპეციალისტმა, სინოლოგმა?
2007 წელს დავამთავრე აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, რომელიც დღეს უკვე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ნაწილია. მივიღე აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი (ბაკალავრი, მაგისტრის ხარისხი), კერძოდ, ჩინური ენის სპეციალისტი, ანუ სინოლოგი ვარ. შემდეგ ჩინეთში გავაგრძელე სწავლა, 2 წელი ენის დონის ამაღლების კურსებზე, თიენძინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარე მაგისტრატურაზე, ადმინისტრაციის მენეჯმენტზე.
M: მოგვიყევით თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობაზე ჩინეთში, რამდენად რთული აღმოჩნდა, სამშობლოსგან შორს, ახალი ცხოვრების დაწყება?
ჩინეთში, ჯამში, 10 წელი ვიცხოვრე, საქართველო ყოველთვის მენატრებოდა, მაგრამ ვფიქრობ, სხვებთან შედარებით, მე ნაკლებად გამიჭირდა იქ ყოფნა, რადგან ჩვენთან ოჯახში ჩინეთი და ჩინური არასდროს იყო უცხო ხილი, ბავშვობიდან დავდიოდი პეკინში ოჯახის წევრებთან ერთად, სადაც გვყავს ახლო ნათესავები. ამიტომ ჩინეთი ჩემთვის, როგორც მეორე სამშობლოა.
2010-14 წლებში, 4 წლის განმავლობაში, პეკინის უნივერსიტეტში, რომელიც ჩინეთში წამყვანი უნივერსიტეტია და მსოფლიოს უნივერსიტეტთა 50-ეულში შედის, ვასწავლიდი ქართულ ენას. სანამ სწავლებას შევუდგებოდი, ძალიან ვღელავდი, რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩინეთში, და თანაც ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტში, დაიწყო ქართულის სწავლება.
M: ჩინურ ენაზე ქართული სახელმძღვანელოს გამოცემის ინიციატივა რას უკავშირდება, როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი და რამდენად სწორი აღმოჩნდა თქვენი ეს ნაბიჯი?
ქართული ენის პროგრამა იყო არჩევითი საგანი ბაკალავრებისა და მაგისტრებისთვის, რაც სწავლების ერთწლიან პროგრამას მოიცავდა. პირველ წელს, ქართული ენის შესწავლით მხოლოდ ორი სტუდენტი დაინტერესდა, თუმცა მომდევნო წლებში ეს ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. იმისდა მიუხედავად, რომ პეკინის უნივერსიტეტში სტუდენტები გამოირჩევიან ინტელექტითა და განვითარებით, მათ მაინც უჭირდათ ქართული ენა, განსაკუთრებით კი ქართული ენის გრამატიკა.
ჩინური ენის სტრუქტურა ძალიან განსხვავდება ქართულისაგან, რადგან ჩინურ ენას იდეოგრაფიული დამწერლობა აქვს, გრამატიკაში კი სიტყვები არ იცვლება მორფოლოგიურად პირის, რიცხვის, დროისა და ბრუნვის მიხედვით. ამასთან ერთად, გვიწევდა ინგლისურ ენაზე ქართული სახელმძღვანელოებით სწავლა, რაც რთული გასაგები იყო ჩინელებისთვის, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, სპეციალურად ჩინელი მოსწავლეებისთვის შემექმნა ქართული ენის სახელმძღვანელო, რომელიც იქნებოდა ადაპტირებული ჩინური ენის მატარებლებისათვის. სამი წელი ვიმუშავე და 2016 წელს, პეკინის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოვეცი პირველი ქართული ენის სახელმძღვანელო ჩინურ ენაზე, რომელიც დღეს ჩინეთში წიგნების მაღაზიებსა და ინტერნეტ მაღაზიებში იყიდება.
M: რა მასალას მოიცავს სახელმძღვანელო?
ამ სახელმძღვანელოში არის მარტივი და ყოველდღიური მოხმარების დიალოგები და ტექსტები, მარტივი (დაწყებითი) გრამატიკა, 1500-მდე სიტყვა, თავისი აუდიო მასალით. ასევე, ყოველი გაკვეთილის ბოლოს, ჩინურ ენაზე, არის საქართველოს ისტორია, კულტურის შესახებ ცნობები, მაგალითად: ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში და წმ. ნინო, ძველი კოლხეთი, დმანისი, მითები საქართველოს შესახებ, თბილისი და ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი, ტურისტული ადგილები საქართველოში, ქართული ღვინო, ილია ჭავჭავაძე, ფიროსმანი, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა საინტერესო თემები. დღეს საქართველოშიც უკვე არის მოთხოვნა ამ წიგნზე, რადგან ბევრი ჩამოსული ჩინელი მასწავლებელი ინტერესდება ქართული ენის შესწავლით.
M: ამჟამად, სად ხართ, რას საქმიანობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამჟამად, საქართველოში ვარ და ჩინურ ენას ვასწავლი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამასთან ერთად, ვამეცადინებ ჩინელებს ქართულ ენაში. უკვე წლებია, სინოლოგი ზურა მამნიაშვილის ინიციატივით, აქტიურად ვმონაწილეობ ქართველ წამყვან სინოლოგებთან ერთად (ზურა მამნიაშვილი და თათია სიორიძე) ჩინურ-ქართული ლექსიკონის შედგენაზე. ამის გარდა, უკვე ერთი წელია, ვთარგმნი საქართველოს ისტორიას (უძველესიდან უახლესამდე) ჩინურ ენაზე, რომელსაც მალე გამოვცემ.
სამომავლოდ, ვფიქრობ, კიდევ იქნება ჩინეთის უნივერსიტეტებიდან ინიციატივა ქართული ენის შესწავლის შესახებ, რადგან დღითი დღე იზრდება ჩინეთის დაინტერესება საქართველოს მიმართ. ჩინეთის პრეზიდენტი სი-ს 2016 წლის ახალი პროექტის, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რაც ნიშნავს აბრეშუმის გზის ქვეყნების ეკონომიკურ და კულტურულ დაახლოებას, მოითხოვს, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა უფრო გამკვრივდეს, რისთვისაც ჩინეთი და ჩინელები ძალიან აქტიურობენ.