15
May
2017

#თაობა: ნიკოლოზ ბიონიკა – არასდროს არის სწავლა დაგვიანებული და არც გაუმართლებლობის შემთვევაში ღირს ხელების ჩამოშვება

15 May 2017

ქართული ვიზუალური ხელოვნება ვითარდება, თუმცა, არიან არტისტები რომლებიც არ ტრიალებენ გარკვეულ წრეებში, თავიანთ საქმეს ჩუმად და პროფესიონალურ დონეზე აკეთებენ. #თაობა ნიკოლოზ ბიონიკას ესაუბრა.

M: ვინ არის ნიკოლოზ ბიონიკა და საიდან წამოვიდა ეს სახელი?

ნიკოლოზ ბიონიკა ქარის წისქვილებთან მებრძოლი ოპტიმისტია. ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს,  რომლებსაც ბევრი წინაღობა და განსაცდელი შეხვედრიათ ცხოვრებაში, ყველაზე მეტი ოპტიმიზმი ახასიათებთ.  გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი და ფილოსოფოსი ბლეზ პასკალი ამბობდა, რომ განსაცდელში ყოფნა ქრისტიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ასევე მოდერნიზმის მამამთავრად წოდებული მარსელ პრუსტი თვლიდა, რომ მხოლოდ სევდა აძლიერებს სულს.

სევდა და მწუხარება თმას აჭაღარავებს, სახეს აბერებს, მაგრამ სულს არა.

რაც შეეხება სახელს,  ბიონიკა,  თუ სწორედ მახსოვს ძველბერძნული სიტყვა „ბიონი“-დან იღებს სათავეს, რაც თარგმანში ნიშნავს ცოცხალს. ისე კი, თუ სიტყვის თანამედროვე შესატყვისს გამოვიყენებთ, ბიონიკა მეცნიერებაა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების აგებულებისა და ფუნქციების შესწავლის საფუძველზე წყვეტს საინჟინრო პრობლემებს.

M: როდიდან დაინტერესდი ხელოვნებით, გისწავლია თუ არა რომელიმე მიმართულება სასწავლებელში თუ თვითნასწავლი ხარ?

უშუალოდ ხატვით საკმაოდ გვიან დავინტერესდი, დაახლოებით 24 წლის ასაკში, მანამდე სკოლაში, როგორც ყველა ნორმალური ბავშვი ტანკობანას ვთამაშობდი (ტანკებსაც ხომ უნდა ხატვა) და პოპულარული მუსიკალური ჯგუფების სახელებს ვწერდი მერხებზე. რაც შეეხება სწავლას,  ეს ცოტა დიდი ისტორიაა, ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია ჩემი ხელოვნებით დაინტერესება, იყო ბევრი უსიამოვნო და მხიარული მომენტები, მათი მოყოლით არ შევაწყენდი მკითხველს თავს, ეგ სხვა დროს იყოს.

მაგრამ იმას მაინც აღვნიშნავდი, რომ თვითნასწავლი ვარ. იმ პერიოდში მსურდა ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში, „ნიკოლაძეშიც“ ვცადე ბედი, მაგრამ არ მიმიღეს, მითხრეს, რომ ჩემნაირი ბევრი ჰყავთ ნანახი, ამიტომ გადავწყვიტე თავად ამეთვისებინა ჩემი პროფესია და ვფიქრობ ბევრი თუ არაფერი, რაღაც მაინც გამომდის. ვიცი, არც ისე თავმდაბლური პასუხია ეს თვითნასწავლობაზე ხაზის გასმა, მაგრამ როგორც ოპტიმისტი, ამით სხვებსაც მოვუწოდებდი იმას, რომ არასდროს  არის სწავლა დაგვიანებული და არც გაუმართლებლობის შემთვევაში ღირს ხელების ჩამოშვება. მაგალითისთვის ვიტყოდი, რომ პირველ მხატვრებს არც საღებავების დიდი არჩევანი ჰქონდათ და არც კომპიუტერი, მაგრამ როცა ალტამირის მღვიმეში პიკასომ  60 ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანების ნახატები ნახა,  განაცხადა, რომ  ამ პერიოდის შემდეგ, ჩვენ ბევრი არაფერი გვისწავლია მხატვრობაში. იმ ადამიანებს არც სამხატვრო აკადემიები დაუმთავრებიათ და არც მხატვრული სახელოსნო ჰქონიათ, მაგრამ მაინც სრულიად გაბედულად ხატავდნენ იმას, რასაც გრძნობდნენ და ხედავდენ.

M: რამდენად კარგად იცნობ თანამედროვე ქართულ ხელოვნებას, გაქვს თუ არა კავშირები და რა პრობლემას ამჩნევ ამ კომუნას პროფესიული თვალსაზრისით?

თანამედროვე ქართულ ხელოვნებას, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ცუდად ვიცნობ, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. კავშირებს რაც შეეხება, ნაკლებად მიზიდავს ხელოვანი ადამიანების „ტუსოვკებზე“ სიარული, ჩემთვის  ეგრეთ წოდებულ,  „უბრალო ხალხთან“ ურთიერთობა გაცილებით საინტერესოა, რადგან ჩემი აზრით მათ უფრო მეტი თავგადასავლები და გაცილებით ჯანსაღი აზროვნება აქვთ, ვიდრე ექსცენტრიულ ადამიანებს.  როგორც ერთი კარგი ადამიანი იტყოდა: „უცნაურობა მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს აოცებთ და არა უცნაურებს.“

M: რომელ ქართველ არტისტებს (ხელოვანებს) გამოარჩევდი და რამდენად იმოქმედეს მათ შენს მიმართულებაზე?

ვიცი, ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ გამოვარჩევდი ფიროსმანს, არა უბრალოდ როგორც მხატვარს, არამედ როგორც პერსონას.  ძალიან მომწონს ვან გოგიც და რატომღაც ამ ორი ადამიანის ცხოვრებას ვაკავშირებ ერთმანეთთან. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ორივე, ასე ვთქვათ, მისტიკოსი იყო.  ვან გოგს  საერთოდ  მღვდლობა სურდა, სანამ ხატვას დაიწყებდა.  ქადაგებდა კიდეც ქრისტიანულ ეკლესიაში,  ეს ყოველივე ძმისადმი გაგზავნილ  წერილებშია აღწერილი.  რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იმოქმედეს გიგანტებმა ჩემი მხატვრობის სტილზე, რთული სათქმელია, ბევრი მხატვარი მომწონს და  ყველას რაღაც საინტერესო აქვს,  რაც, რა თქმა უნდა, ჩემზეც გავლენას ახდენს. მე საერთოდ არ მჯერა იმის,  რომ არსებობენ  ისეთი მხატვარები, დიზაინერები ან თუნდაც ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე ადამიანები, რომლებსაც სხვისი გავლენა არ ჰქონიათ და სხვისგან რაიმე კონკრეტული დეტალი არ აუღიათ. ცოდნა ხომ მთელი კაცობრიობის მონაპოვარია? ერთი მხატვარი აკოპირებს მეორეს, მეორე წინამორბედს, ისიც უფრო ძველს  და ასე, ალტამირის მღვიმემდე.

M: მუსიკაზე რომ გადავიდეთ. გარდა დიზაინისა, საკმაოდ საინტერესო ბლოგი გაქვს, როდის გაჩნდა ამ ბლოგის იდეა. როგორც ვიცი, 2000-იანებში საკმაოდ ბევრი დრო დახარჯე რომ პლატფორმა შეგექმნა მსგავსი გემოვნების მქონე ადამიანებისთვის?

ასე ოფიციალურადაც ვერ შევხედავდი ამ საკითხს, უფრო მოყვარულის დონეზე ვაზიარებ იმას, რაც მომწონს და  მაინტერესებს, ასევე შეიძლება ითქვას ბლოგზეც, რომელიც კონცეპტუალურ ხელოვნებას ეძღვნებოდა. ამ ბლოგებს ალბათ უფრო პირადი სივრცის დატვირთვა აქვთ, ვიდრე კომერციული. რასაც ვაქვეყნებდი  ჩემს არტ ბლოგზე, იქიდან თავადაც ბევრ რამეს ვსწავლობდი. ისევე, როგორც ამჟამინდელ მუსიკალურ ბლოგზე, უბრალოდ ვაზიარებ იმას, რასაც პირადად ვუსმენ.
მოკლედ რომ ვთქვა, ამ ბლოგებს პლატფორმის დატვირთვა არ აქვს და არც ჰქონიათ, მაგრამ როგორც იტყვიან, ზოგჯერ შესაძლოა მოყვარულები უფრო მეტად ერკვეოდნენ ამა თუ იმ საკითხში,  ვიდრე პროფესიონალები. ყველაფერი ხომ სწორედ მოყვარულობიდან იწყება.

M: რამდენად ხშირად გიწევს თანამშრომლობა უცხოურ კომპანიებთან/სააგენტოებთან და რა განსხვავებას ამჩნევ მათ და ქართულ ბიზნეს რეალობას შორის?

ძირითადად, უცხოელებთან მიწევს თანამშრომლობა, ქართველებისგან საკმაოდ ცოტა შემოთავაზება მაქვს, არ ვიცი, ეს რისი ბრალია, პირადი ანტიპათიის თუ ცუდი ავტო-პიარ მენეჯმენტის.

ქართველ და უცხოელ დამკვეთს შორის ნამდვილად არის განსხვავება, პირველ რიგში ფასში. საქართველოში, საშუალო სირთულის ლოგოს დაკვეთაში არც ისე სახარბიელო ფასებს გთავაზობენ, იმ დროს, როცა უცხოურ საიტებზე ლოგოტიპის მინიმალური საფასური 200 დოლარიდან იწყება, მაგრამ სამართლიანობისთვის მაინც უნდა ითქვას, რომ ყოფილა შემთხვევები, ქართველებსაც გადაუხდიათ ნორმალური საფასური.

M: ვიცი, რომ დიზაინის მრავალმხრივ განხრას მისდევ, ძირითადად რაზე მუშაობ ამჟამად და სად არის შესაძლებელი შენი შემოქმედების ნახვა ინტერნეტში?

ამჟამად, ნიუ-იორკში ბაზირებული მაკიაჟის ფირმისთვის კონტრაქტით ვხატავ ილუსტრაციებს და რუსული ფირმისთვის ვამზადებ სრულ კორპორაციულ დიზაინს.

ნამუშევრებს რაც შეეხება, მათი ნაწილის ნახვა შესაძლებელია ჩემს ფეისბუქ გვერდზეც და სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზეც: Trendland, Fubiz, Behance, Weand The Color, Triangulation, The Inspiration Grid, Feinripp, Journal Du Design, Design Plus Magazine, Packaging Of The World

M: გიფიქრია როდისმე თუ არა ქართული პლატფორმის ჩოყალიბებაზე, რომელიც აქ მოღვაწე მულტიდისციპლინალურ არტისტებს გააერთინებდა?

არა, მსგავსი ჩანაფიქრი არ მქონია, რადგან, როგორც აღვნიშნე, არც ისე კარგად გამომდის არტისტებთან და მხატვრებთან თანამშრომლობა.  ისე ვარ მიჩვეული კოლექტივებისგან განზე ყოფნას, რომ თითქმის ცხოვრების კრედოდ მაქვს ქცეული განმარტოება. მომწონს როცა ჩემთვის წყნარად,  ყველასგან დამოუკიდებლად ვფიქრობ და ვმუშაობ.  რატომღაც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი და ბედნიერი, მხოლოდ მარტოობაში ვარ.  ვიმედოვნებ, ამ სიტყვების შემდეგ, მკითხველი მიზანთროპად არ ჩამთვლის.

M: დაუტოვე მარკეტერს ტრეკი #თაობის ფლეილისტისთვის:



განხილვა