27
Nov
2017

#თაობა: Nikolozi – მინდა ისეთი მუსიკა შევქმნა, რომლის ნახვასაც მუსიკალურ მაღაზიაში თავადვე ვცდილობ

27 Nov 2017

90-იან წლებში, რთული სოციალური ფონის პირობებში, საქართველოს დატოვება საკმაოდ ბევრს მოუწია. 20 წლის შემდეგ, ბევრმა მათგანმა უცხო ქვეყანაშიც დაიმკვიდრა თავი და საკმაოდ საინტერესო საქმიანობას ეწევა. #თაობა წარმოგიდგენთ ინტერვიუს Nikoloz-თან, სიდნეიში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსთან.

M: პირველ რიგში, მოკლედ გვითხარი შენ შესახებ…

სალამი, მე ვარ ნიკოლოზ მელაძე, მუსიკოსი და პროგრამული ინჟინერი. როდესაც პროგრამირებით არ ვარ დაკავებული, ელექტრონულ მუსიკას ვქმნი, სახელით – Nikolozi. მუსიკას საშუალო სკოლის პერიოდიდან ვაკეთებ. ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროფესიონალური DJ-ინგითაც ვიყავი დაკავებული. ამ დროისთვის კი უფრო მუსიკის შექმნაზე ვარ ორიენტირებული. 2013 წლის შემდეგ მუსიკას ჩემსავე ლეიბლზე Muzikozi ვარელიზებ.

M: როდისმე ცხოვრობდი თბილისში? როდის გადახვედი ავსტრალიაში?

თბილისში დავიბადე. 1998 წელს, როდესაც  15 წლის ვიყავი, ჩრდილოელ მეზობელთან დაძაბული ურთერთობის გამო, ჩემი ოჯახი ახალ ზელანდიაში, ოკლენდში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. იმდენად, რამდენადაც ახალი ზელანდია მიყვარს, სიდნეი უფრო საჩემო ქალაქი აღმოჩნდა, შესაბამისად 9 წელია უკვე აქ ვარ.

M: როდის მოხდა პირველად, როდესაც მუსიკით დაინტერესდი და რა იყო ამ ყველაფრის ძირითადი ბიძგი?

ჩემი მშობლები ფიზიკოსები არიან და ამასთან ერთად, დედა მუსიკოსიცაა. მუსიკა ყოველთვის ჩვენი სახლის ნაწილი იყო. ამ გადმოსახედიდან მეცნიერება და მუსიკა ორივე ჩემი ცხოვრების განუყრელი ელემენტები არიან. ბავშვობაში 6 წლის განმავლობაში ვიოლინოზე ვუკრავდი, რაც იმ პერიოდისთვის მეზიზღებოდა.

როდესაც თინეიჯერი ვიყავი ტრანს მუსიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ელექტრონულმა ბგერებმა რეალურად შემიპყრეს. ეს ის დროა, როდესაც Mp3 ფაილებმა ინტერნეტი მოიცვა და კომპიუტერი საკმარისად მძლავრი გახდა, რომ მუსიკალური პროგრამები ემუშავებინა. ერთი მხრივ, Mp3 ფაილებს ვიწერდი, რათა ბოლო DJ მიქსები მომესმინა მთელი მსოფლიოდან, მეორე მხრივ კი მუსიკალურ აპლიკაციებს ვიყენებდი, რათა საინტერესო მუსიკა თავადვე შემექმნა, ვფიქრობ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

M: რა სახის მუსიკით ხარ ძირითადად დაინტერესებული და ვინ არიან ის მუსიკოსები, რომელთა შემოქმედებასაც აფასებ?

საკმაოდ გახსნილი ვარ ყველანაირი მუსიკისთვის, შესაბამისად ერთ კონკრეტულ სტილს არ მივდევ. ჩემთვის ყველანაირი კარგი მუსიკა კარგია. ყოველთვის ვეძებ ახალ მუსიკას, რომელიც განსხვავებულად და უნიკალურად ჟღერს. დიდი მუსიკალური ბიბლიოთეკა მაქვს, მაგრამ  შემთხვევითობით რამდენიმე არტისტს გამოვარჩევ: UNKLE, Kiasmos, Bicep, Daughter, Maya Jane Cole, Clint Mansell, Beach House, Nicolas Jaar, Bonobo, SURVIVE, Jamie xx, Simian Mobile Disco, Trent Reznor და სხვა.

M: როგორია მუსიკალური სცენა სიდნეიში და მიიჩნევ, თუ არა თავს მის ნაწილად?

არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ოკლენდიდან სიდნეიში გადმოვედი: ამინდი და მუსიკალური კულტურა. სიდნეიდან უამრავი საინტერესო მუსიკოსი წამოვიდა ბოლო წლებში: Flume, Flight Facilities, Jagwar Ma, Seekae, Nick Murphy და სხვა. ვფიქრობ, ავსტრალიელებს უყვართ ელექტრონული მუსიკა, შესაბამისად აქ უამრავი ფესტივალი და ლაივ შესრულება იმართება სხვადასხვა ვენიუზე. რეალურად სიდნეიში გართობა ძალიან უყვართ, ზოგჯერ ზედმეტადაც კი.

არ ვფიქრობ, რომ აქაურ სცენას მივეკუთვნები, ვინაიდან ცოცხლად არ ვასრულებ ჩემს კომპოზიციებს. თუმცა ვფიქრობ, რომ გეგმებში არსებობს მსგავსი ჩანაფიქრიც.

M: რა გსმენია თანამედროვე ქართული მუსიკის შესახებ და რას ფიქრობ მასზე?

სიმართლე გითხრა, არ მიძებნია ქართველი მუსიკოსების შესახებ ინფორმაცია. შეიძლება ეს ინტერვიუ გახდეს ამ ყველაფრის ბიძგი, თვალი გადავავლე თქვენს #თაობის რუბრიკას და რამდენიმე საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე, მომეწონა Samsø და Korz/გიორგი ცაგარელის ლაივ შესრულება.

M: პროცესინგის შესახებ, რა ინსტრუმენტების იყენებ მუსიკის შესაქმნელად და როგორ გირჩევნია მუშაობა: ინდივიდუალურად თუ სხვა მუსიკოსთან კოლაბორაცია?

ჩემი ძირითადი ინსტრუმენტი იდეების განსახორციელებლად არის ROLI Rise 49, რომელსაც კომპიუტერში ჩართული Logic Pro-თი ვუკავშირდები ან iPad Pro-ში ჩართული GarageBand-ით.  ჩემს ამჟამინდელი მუსიკის დიდ ნაწილს Logic Pro-თი ვაკეთებ. მაგრამ ვინაიდან  მუსიკალური აპლიკაციები IOS სისტემაზე უფრო და უფრო ვითარდება, ჩემს პროცესებში iPad-ის უფრო მეტი ჩართვა მინდა. ჩემთვის სენსორულ ეკრანთან ინტერაქცია უფრო ნატურალურად ჩანს, ვიდრე მაუსის და კლავიატურის გამოყენება. რეალურად არამხოლოდ მუსიკის კეთებაში, არამედ სხვასხვა საშუალებების შექმნითაც ვარ დაინტერესებული, რომლებიც მუსიკის კეთებაში ყველას დაეხამრება. მაგალითად ორი სინთეზატორის აპლიკაცია შევქმენი iPad-ისთვის, რომელიც ბაზაში უკვე ხელმისაწვდომია: NS1 (https://nikolozi.com/apps/ns1/) და NFM (https://nikolozi.com/apps/nfm/).

წლების განმავლობაში სხვადასხვა არტისტთან მიწევდა კოლაბორაცია, განსხვავებულ ფორმებში. რამდენიმე მათი ტრეკის რემიქსი შევქმენი და პირიქით. ცოტათი ინტროვერტი ვარ. შესაბამისად მარტო მუშაობა უფრო საინტერესოა ჩემთვის. თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდ ძალისხმევას ვდებ, რათა კოლაბორაცია შედგეს, ვფიქრობ იდეების შერწყმით საინტერესო რამე უნდა გამოვიდეს.

M: გეგმავ საქართველოში ჩამოსვლას და რას აპირებ მუსიკის მიმართლებით მომავალში?

ამჟამად, არ მაქვს გეგმები საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. 20 წლის განმავლობაში 2 ჯერ ვიყავი ჩამოსული.

ჩემი მთავარი გეგმაა რომ გავაგრძელო მუსიკის კეთება. ის ჩემი ცხოვრების მთავარი ელემენტია. თითქმის ყველდღიურად, სანამ სამუშაოდ წავალ 1 საათის განმავლობაში ვცდილობ რაიმე საინტერესო შევქმნა. მინდა ისეთი მუსიკა შევქმნა, რომლის ნახვასაც მუსიკალურ მაღაზიაში თავადვე ვცდილობ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ვაპირებ ჩემსავე მუსიკალურ სტანდარტებს მივსდიო, რომელებიც ყოველდღიურად ვითარდება. არამგონია მუსიკით იმდენი ფინანსური რესურსი მივიღო რომ ეს ჩემი ძირითადი სამუშაო გახდეს, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მომწონს პროგრამული ინჟინერის საქმიანობა და ის იხდის ჩემს ყოველთვიურ გადასახადებს. ჩემთვის ტექნოლოგია და მუსიკა ერთი მედლის ორი მხარეა. ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი ცხოვრების.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…

აქ არის ჩემი ბოლო ალბომი Observer :

ჩემი მუსიკის შესახებ კი დეტალურად იხილეთ აქ:

დისკოგრაფია: https://nikolozi.com/music/

Apple Music: https://itunes.apple.com/artist/nikolozi/id403727886?uo=4

Spotify: https://open.spotify.com/artist/2TktasfO3zKjmdqoT7nF2i

SoundCloud: http://soundcloud.com/nikolozi



განხილვა