6
Mar
2018

#თაობა: პაპუნა ჭუმბურიძე – კლასიკური პიანინოს, გიტარისა და ბას გიტარის სინთეზი მომწონს

6 Mar 2018

ხშირად ხდება როდესაც შემოქმედი მოღვაწეობს, შრომობს – მისი ნაშრომები კი არ ფასდება საკმარისად, ვერ პოულობს საკმარის ყურადღებას – საქართველოში კი პირიქითაც მოქმედებს – ხშირად მუსიკოსები მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოების ჩაწერის შემდეგ უკვე მასობრივ ცნობადობას მოიპოვებენ. #თაობა წარმოგიდგენთ პაპუნა ჭუმბურიძეს, მუსიკოსს რომლის ანგარიშზეც უკვე 2 ალბომია.

M: პირველ რიგში, გაგვაცანი შენი თავი…

მე ვარ პაპუნა ჭუმბურიძე, 32 წლის, დამთავრებული მაქვს IT კოლეჯი და საკუთარი პროფესიით ვმუშაობ. მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა კი მომცა საშუალება მეც წარმომეჩინა თავი ამ სფეროში.

M: როდიდან დაინტერესდი მუსიკის შექმნით და რა იყო ამის მოტივატორი?

თუ არ ვცდები, 16 ან 17 წლის ვიყავი, როცა სულ შემთხვევით კლასელმა მითხრა, რომ არსებობდა პროგრამა, რომლითაც შეგეძლო მუსიკა კომპიუტერის საშუალებით დაგეწერა. თავად ის იდეა, რომ შემეძლო მუსიკის წერა, უკვე მოტივატორად შეიძლება ჩაითვალოს, ასევე ბავშვობიდან ვუსმენდი Pink Floyd-ს, Jean Michel Jarre-ს და სხვა მუსიკოსებს, მომწონდა სინთეზატორებით დატვირთული მუსიკა და მინდოდა მეც შემძლებოდა იგივე.

M: როგორ ფიქრობ, რით განსხვავდება და რა აქვს შენს მუსიკას გამორჩეული სხვა ქართველი მუსიკოსებისგან?

რატომღაც, 70-80 იანების სინთეზატორების ხმასთან ერთად, კლასიკური პიანინო, გიტარა და ბას გიტარის სინთეზი მომწონს, შეიძლება ეს ჩემი მუსიკის დამახასიათებელ ნიშნად მივიჩნიოთ.

 

M: შენი მუსიკა საკმაოდ ხშირად ფორტეპიანოზე დაფუძნებული ემბიენთია, რა ადგილი უჭირავს სინთეზურ ბგერას შენს მუსიკაში?

ხშირად, ძირითად მელოდიას ფორტეპიანოთი ვწერ, თუმცა სინთეზური ბგერები ჩემი მუსიკის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებულ სიამოვნებას ახალი ხმის გამოყვანა მანიჭებს. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია 70-80-იანი სინთეზატორების კომპიუტერული ვერსიების გამოშვებაში, რაც ძალიან მოსახერხებელია, თანაც ორიგინალური სინთეზატორების კარგ იმიტირებას ახდენენ, შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე წელია თითქმის ყველა კომპოზიციაში ვიყენებ მათ.

M: რაც შეეხება რელიზებს, რას მოიცავს შენი ამჟამინდელი დისკოგრაფია?

2013 წელს გამოვუშვი დისკი “Hypnagogia, მიუხედავად მცირე ტირაჟისა, მეტნაკლებად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ელექტრონავტებზე წლის ალბომის 3 ფინალისტს შორის აღმოჩნდა. შემდეგ 2014 წელს გამოვუშვი ალბომი Lifeline“ თუმცა მხოლოდ ონლაინ ვერსიად, როგორც დისკი ოფიციალურად არ დამირელიზებია, თუმცა  ტრეკების გარკვეული ნაწილი ახლაც იყიდება.

 

M: რამდენად ხშირად ახერხებ, თბილისის მასშტაბით, შენივე შემოქმედების წარმოჩენას მსმენელისთვის და ფიქრობ თუ არა, რომ აკლია ქალაქს შესაბამისი ვენიუ იმ მუსიკისთვის, რასაც შენ ასრულებ?

ჩემს შემოქმედებას კონცერტების სახე იშვიათად ეძლევა, უფრო მცირე ზომის ბარებში თუ დამიკრავს… ვფიქრობ, ქალაქს არ აწყენდა ცოტა მეტი ვენიუ მსგავსი მუსიკისათვის, მაგალითად, ყველაზე მეტად „Live at Twilight”-ში დაკვრისას ვისიამოვნე, მანდ მსმენელი კონკრეტულად შენ მოსასმენად მოდის, ანდა რომც არ გიცნობდეს, იციან, რომ მთავარი მუსიკის მოსმენა არის და არა მაგალითად მხოლოდ ცეკვა.

M: არიან საქართველოში მუსიკოსები, რომლებთანაც სიამოვნებით იმუშავებდი კოლაბორაციულ პროექტზე?

ალბათ, ცოტა უფრო უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, ნიკა მაჩაიძე, რეზო ძოძუაშვილი, ტუსია ბერიძე, მათი მუსიკა, ვფიქრობ, ახლოა ჩემთან და ჩემს მუსიკასთან.

M: დაუტოვე თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…

 



განხილვა