20
Mar
2018

#თაობა: Planetarium IP – მუსიკა უფრო ბევრია, ვიდრე ერთი კონკრეტული ჟანრი!

20 Mar 2018

#თაობა წარმოგიდგენთ ინტერვიუს თბილისში ახლად შექმნილ ჰაუს დუეტთან Planetarium IP.

M: პირველ რიგში, მოკლედ გვითხარით თქვენ შესახებ…

Planetarium IP ორი მეგობრის, იოანე არაბულისა და ბექა პაიკიძის პროექტია, რომელიც სულ ახლახან, 2017-ის ბოლოს დაიბადა, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ სახლის წვეულებაზე, როდესაც გარშემო ყველა ერთობოდა, ჩვენ კი მივუსხედით ინსტრუმენტებს და რაღაცების კეთება დავიწყეთ, ამ საღამოს შემდეგ, 2 თვე ინტენსიურად გავაგრძელეთ მუშაობა და ფიქრი იმაზე, თუ რა გვინდოდა, როგორ და რანაირად. იოანე მომღერალი, ინსტრუმენტალისტი და DJ-ია, “CES”-ის სტუდენტია უკვე მესამე წელია Ableton Live-ის, აუდიოლოგიისა და სინთეზისის განხრით. ბექა “ვაკის თეატრალური სარდაფის” და “მოძრაობის თეატრის” მსახიობია.

M: რაზე მიანიშნებს თქვენი პროექტის მუსიკალური სახელი და რა კავშირი გაქვთ Sci-Fi თემატიკასთან?

ყველაზე რთული არის, როდესაც სახელის შერჩევას იწყებ, ბოლოს მაინც მივედით ამ სახელთან Planetarium IP, პლანეტარიუმი, როგორც იცით, არის სივრცე, საიდანაც სინათლის სხივის საშუალებით, 360 გრადუსით აკვირდები ცას და ვარსკვლავებს. არ ვიცი, რამდენად მოვახერხებთ, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი მუსიკაც ისევე დაინახოს და შეიგრძნოს მსენელმა, როგორც ცას, ვარსკვლავებს ან მთვარეს აკვირდება. IP კი, უბრალოდ, ჩვენი ინიციალებია, Sci-Fi თემატიკა ალბათ ახლოს არის იმასთან, რასაც ვაკეთებთ, ეს უკვე მსმენელმა უნდა გვითხრას.

M: რატომ დაინტერესდით ელექტრონული, კერძოდ კი ჰაუს მუსიკით?

კონკრეტული მუსიკალური მიმართულება არ აგვირჩევია, ალბათ უფრო მივედით ჰაუსამდე, მაგრამ ძირითადად, ლაივზე ვმუშაობთ, რომლის დაკვრის ან წერის დროს თავს არ ვიზღუდავთ, მუსიკა უფრო ბევრია, ვიდრე ერთი კონკრეტული ჟანრი, განსაკუთრებით კი ჰაუსი, რომელსაც ძალიან დიდი საზღვრები აქვს.

M: გარდა ერთობლივი პროექტისა, აკეთებთ თუ არა მუსიკას ცალკე?

ორივეს გვაქვს ჩვენ ჩვენი ფროდაქშენი, ოდნავ განსხვავებული სტილებით, მაგრამ კოლაბორაციის შემდეგ, რაღაც ახალი გამოგვივიდა და ორივე ამ პროექტზე გადმოვერთეთ, უფრო საინტერესოა, როცა მარტო არ აკეთებ მუსიკას.

M: თქვენი მუსიკა საკმაოდ საინტერესოა, რაც მოვისმინე ყველა განსხვავებულია, თუმცა ერთი მუსიკალური ხაზი და სტილი გასდევს ყველაფერს. რა დეტალზე აკეთებთ აქცენტს თავად ტრეკების შექმნის პროცესში?

ძალიან ძნელია ალბათ იმის თქმა თუ კონკრეტულად რა დეტალზე ფიქრობ, შეიძლება წერა დაიწყო რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრით იმ დროს დაჭერილი შეგრძნებებით, ან უბრალოდ ტელეფონით ჩაწერილი ემბიენთი ან რაღაცის ხმით რომელიც საინტერესო ჟღერადობას გამოსცემს.

M: როგორ ფიქრობთ, არის კარგი პირობები დღეს თბილისში, საინტერესო მუსიკალურმა პროექტმა რომ წარმატებას მიაღწიოს?

რა თქმა უნდა, ეს მუსიკალური კულტურა საკმაოდ მაღალ დონეზეა თბილისში, საკმაოდ ბევრი ადგილობრივი არტისტი გამოჩნდა და არამარტო ბოლო წლებში, რაც მოტივაციის მომცემია, მსმენელიც ძალიან ბევრია, ვისაც ამ მუსიკის სწორად მიღება და შეფასება შეუძლიათ, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია.

M: როდისთვის გეგმავთ რომ ნამუშევრებს თავი მოუყაროთ და პირველი რელიზი გამოუშვათ?

უახლოეს მომავალში, ვაპირებთ EP-ის გამოშვებას.

M: დაუტოვეთ #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…

სებასტიან მულაერტი, მისი მუსიკა და დაკვრის სტილი ჩვენი ინსპირაციის წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს.

 



განხილვა