in

#თაობა – Skyra: ჩემი აზრით, მუსიკა მთლიანად ინსტინქტია და მას უნდა მიჰყვე


ელექტრონული მუსიკა ის სფეროა, სადაც ყველაზე ადვილია მილენიალებისთვის საკუთარი ემოციებისა თუ მესიჯის გადმოცემა. #თაობა წარმოგიდგენთ ინტერვიუს ახალგაზრდა პროდიუსერთან – Skyra – პერსონა, რომელიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება ლოკალურ მუსიკალურ წრეებში.

M: პირველ რიგში, მოკლედ გვითხარი საკუთარი თავის შესახებ…

სანდრო პაპასკირი. ვარ 23 წლის, მუსიკოსი, პროფესიით გრაფიკული დიზაინერი, მაგრამ ძირითადად მუსიკით ვარ დაკავებული.

M: სანამ ელექტრონულ მუსიკამდე მოხვიდოდი, როგორი იყო შენი მუსიკალური გზა?

მუსიკასთან შეხება ბავშობიდან მქონდა, რადგან მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, სადაც კლასიკა ძალიან უყვართ და თითქმის ყველა ოჯახის წევრი უკრავს ფორტეპიანოზე. მეც, როგორც ხდება ხოლმე, პატარა ასაკიდან დამაწყებინეს სიარული ფორტეპიანოზე მუსიკალურ კოლეჯში, მაგრამ 4 წლის შემდეგ ჩემი სიჯიუტის გამო დავანებე. იმ დრო რატომღაც ხატვა მომწონდა ძალიან და სულ ვხატავდი. პატარაობიდან ვუყურებდი ჩემ უფროს ძმას, რომელიც კომპაქტ დისკებს აგროვებდა.

ვუყურებდით ფილმებს, ვეძებდით  საუნდტრეკებს, მეც ვუსმენდი ყველაფერს რაზეც ხელი მიმიწვდებოდა და ძალიან მომწონდა ეს. მაშინ არ მიფიქრია მუსიკის კეთებაზე.

13-14 წლის ვიქნებოდი ჩემმა ძმამ Gemini CDM მიქშერი ითხოვა ბერიკასგან. ერთი-ორი დღე ამ საგანთან თამაშმა გამიჩინა სურვილი, რომ მე თვითონ გამეკეთებინა მუსიკა – მიუხედავად იმისა, რომ არც ნოტები აღარ მახსოვდა და წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. იმ პერიოდში ჩემი ძმა მუშაობდა ვიდეოებზე, გრაფიკაზე. კომპიუტერში ყოველთვის იყო სხვადასხვა აუდიო პროგრამები და მაშინ აღმოვაჩინე Ableton Live. თავიდან უბრალოდ ვწვალობდი, რადგან არ ვიცოდი ჩემი კითხვები ვისთვის დამესვა და ვცდილობდი  გამერკვია, მომეძებნა ნეტში ინფორმაცია და ა.შ. უმეტეს დროს ამას ვუთმობდი და რაც უფრო ვუღრმავდებოდი მით უფრო მომწონდა ეს ყველაფერი.  ნელ-ნელა აზრზე მოვდიოდი, რა როგორ იყო და შემდეგ მთლიანად ჩავიძირე ამ უსაზღვრო ჟღერადობის მორევში რაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გახდა.

 

M: გჭირდება რაიმე კონკრეტულ გარემოში ყოფნა მუსიკალური ინსპირაციისთვის?

არა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა გარემოში ვიქნები. ყველა გარემოს თავისი ინსპირაცია აქვს.

M: გაქვს პერცეფციაში კონკრეტული ვიზუალური ნარატივი შენი მუსიკალური ფონისთვის?

როცა მუსიკას ვუსმენ, ყოველთვის წარმოვიდგენ სხვადასხვა ფორმებს და ვუკავშირებ მათ ხმებს ან პირიქით ხანდახან ვიზუალური მხარეც  არის ჟღერადობის წყარო.

მაქვს რამდენიმე იდეა ჩემი მუსიკის ვიზუალთან დაკავშირებით და ვმუშაობ ამ თემაზე. იმედი მაქვს მალე მივიღებ სასურველ შედეგს და გამოვიტან საჯაროდ.

M: არის თუ არა შენი მუსიკა მხოლოდ კლუბისთვის განკუთვნილი და სად შეიძლება ადამიანმა მოუსმინოს Skyra-ს ლაივ შესრულებას?

Skyra-ს პროექტს ორი ლაივი აქვს – ერთი რომელიც კლუბისთვისაა განკუთვნილი და მეორე, რომელიც ორიენტირებულია ძირითადად ამბიენტზე და სჭირდება მშვიდი გარემო. ამჟამად ვმუშაობ მეორე პროექტის ლაივზე –  YT.

M: ტრეკის შექმნისას ფიქრობ რაიმე მუსიკალურ ჩარჩოებზე? როგორ ფიქრობ რა არის შენი მუსიკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ელემენტი?

არა, ჩარჩოებზე არ ვფიქრობ არასდროს. ჩემი აზრით მუსიკა მთლიანად ინსტინქტია და მას უნდა მიჰყვე. დასამახსოვრებელი ელემენტი  ყველას თავისი აქვს, მაგრამ ალბათ უფრო ატმოსფერული ჟღერადობა.

 

M: შენი ტრეკი ახლახან გამოვიდა ქართულ Icontrax ლეიბლზე, რა საშუალებებს იძლევა ინტერნეტი თანამედროვე მუსიკოსისთვის?

დღესდღეობით, ინტერნეტი მუსიკოსს საშუალებას აძლევს, რომ თავისი შემოქმედება მარტივად მიაწოდოს იმ ხალხს, რომელიც ზოგადად ამ მუსიკით არის დაინტერესებული. იკონტრექსის რელიზი, ასე თუ ისე, მიწვდა ადგილობრივ მსმენელს, რომელიც ნელ-ნელა იზრდება და უფრო დიდ ინტერესს იჩენს ლოკალური არტისტების მიმართ. ეს პროცესი ნელია, მაგრამ მე პოზიტიურად ვარ განწყობილი.

M: დაუტოვე თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…

 

https://www.youtube.com/watch?v=AnoXiAX53U8


უკეთესი ბინა ხომ არ გჭირდება? – თბილისი გარდენსის საახალწლო ვიდეორგოლები

ჩაიცვით თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით! – კოლექცია დემნა გვასალიას ავტორობით