22
Feb
2017

#თაობა: TM & Mush One – ჰიპ-ჰოპის ფესვები სწორედ ჯაზშია

22 Feb 2017

ქართული ჰიპჰოპ სამყარო ვითარდება. იცვლება თემატიკა, იცვლებიან სახეები. პროგრესი აშკარაა, რაზეც სასაუბროდ #თაობა ქართულ ჰიპჰოპ დუეტს TM & Mush One- ეწვია.

M: მოგვიყევით TM& Mush One ის შესახებ, სახელი საიდან წამოვიდა და როგორ შეხვდით ერთმანეთს?

Tm & Mush One 2014 წელს გაერთიანდა, მანამდე ცალ-ცალკე იყო ძვრები, წინ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის მიქსტეიპი „პირველი ნაMushევარი“ და რამდენიმე სინგლი. ჩვენ ვადევნებდით თვალყურს ერთმანეთის ნამუშევრებს ინტერნეტში და გარკვეული დროის შემდეგ მივხვდით, რომ არის ერთი იდეა, ერთი აზრი და მიმართულება, რომელიც საერთოა ჩვენთვის, გადავწყვიტეთ გაერთიანება და ჩვენი რესურსი ერთად მოვმართეთ ჰიპ-ჰოპისკენ.

M: ჰიპ-ჰოპ მუსიკამ საქართველოში საკმაოდ რთული და მრავალმხრივი გზა განვლო, ფაქტია, რომ ბოლო 4-მა წელმა რაღაცნაირი გარდამტეხი როლი შეასრულა ამ ყველაფერში. ყველა დაიხვეწა. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ეს ყველაფერი ეხლა? ინფორმაციასთან წვდომა გაადვილდა? გემოვნება დაიხვეწა? სად იყო ეს ხალხი აქამდე?

ნამდვილად, ყველა დაიხვეწა წინა წლებთან შედარებით, ინფორმაციის მოპოვება არ ჭირს, განვითარდა ტექნოლოგიაც, რაც აისახა ჰიპ-ჰოპ კულტურაზეც, თუმცა სიზარმაცემ აქაც გამოყო ფეხი, ჩვენთან განვითარება იმდენად არასწორი გზით არის მიმართული, რომ ერთადერთი გამოსავალი ყველაფრის თავიდან დაწყებაა. ინფორმაციის წვდომამ წამოჭრა სიტყვა “ MC ” და ყველა, ვინც ერთ რითმას იტყვის, ამ სიტყვას აბურთავებს. რა თქმა უნდა, არიან ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ უმრავლესობას პირადი ინტერესი აქვს და საერთოდ ვერ წარმოუდგენია რას ნიშნავს ჰიპ-ჰოპ კულტურა, ალბათ მთავარი პრობლემაც ზუსტად ამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, არავის ებადება კითხვა, თუ სად წარმოიშვა ჰიპ-ჰოპი? ვინ? როდის? როგორ? ყველა კითხვაზე პასუხი არსებობს, მაგრამ სამწუხაროა დამოკიდებულება, რომელიც საქმის მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობას განიცდის და ისახება კულტურაზე.

 

M: რა არის ის ძირითადი თემები, რაზეც თქვენ სათქმელი გაგაჩნიათ? ჰიპ-ჰოპი თავიდან ბოლომდე სოციალური მოვლენაა, საქართველოში ამ მხრივ რა ვითარებაა?

ჩვენი ძირითადი მიზანი არის ჰიპ-ჰოპის, როგორც კულტურის წარმოჩენა, ამ უკანასკნელზე ინფორმაციის გავრცელება და მისი ფესვებისკენ სვლა. ვცდილობთ ჩვენს მატერიალში ჩავდოთ კულტურისთვის სასიცოცხლო ყველა მარცვალი. აუცილებელია წამოიჭრას 4 ელემენტის თემა, რომ ჰიპ-ჰოპი რეპი არ არის.საქართველოში უამრავი კარგი ჰიპ-ჰოპ არტისტია, უამრავი კარგი Bboy & BGirl რომლებიც ხშირად ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს საჯაროდ, ასევე დღეს საქართველოში გვყავს ძალიან კარგი გრაფიტი არტისტები, რომლებიც მთელი თავიანთი ძალისხმევით ამ საქმისკენ არიან მომართულნი. ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ეს ერთიანი მოძრაობა და ხაზი გაესვას მეხუთე ელემენტს: ინტელექტს, რომელიც ძირეულია ყველა ელემენტისათვის. MC-ის თავდაპირველი ფუნქცია იყო ოსტატობის გამოვლენა DJ-სთან ერთად, რითმებით თამაში, მეტაფორები, შედარებები, ხალხის აყოლიება და მოძრაობები. შემდეგ რათქმაუნდა სოციალური ფუნქცია შეიძინა, რაც შეეხება საქართველოს, დღეს საკმაოდ აქტუალურია სოციალური საკითხები და დაახლოებით 80 %-ს მსგავსი ტიპის შემოქმედებით იცნობს მსმენელი. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ზემოაღნიშნული საკითხი.

 

M: პირველი შთაბეჭდილება თქვენი მოსმენისას – ბენდთან ერთად ძალიან კარგი იქნებოდა. რამდენად ფიქრობთ, რომ დაუკავშიროთ თქვენი პროექტი ამ ყველაფერს მომავალში, მითუმეტეს, ჰიპ-ჰოპ მუსიკას ამის მაგალითები აქვს.

ჰიპ-ჰოპის ფესვები სწორედ ჯაზშია, ბენდთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო, არამგონია არსებობდეს ჰიპ-ჰოპ არტისტი, ვისაც მსგავსი პროექტი არ ესიამოვნებოდა, მთავარია ბენდის არსებობა, რომელიც იგივე ენთუზიაზმით იქნება ჰიპ-ჰოპში და ექნება დიდი რესურსი ამ ყველაფრის. ასეთ შემთხვევაში უარს ვერავინ იტყვის. სამწუხაროდ არ გვაქვს კავშირი არც ერთ მსგავს ბენდთან.

M: ძირითადი ინსპირაციის წყაროები ვინები იყვნენ ბავშობის/თინეიჯერობის პერიოდში?

თავიდან ძირითადად დამოკიდებული ვიყავით მეინსტრიმზე, რომელიც ტელევიზორით შუქდებოდა,იყო კასეტების პერიოდი, უცხოეთიდან ჩამოსული ახლადგამოსული ალბომები, თუმცა რა ტალღაზეც ახლა ვართ იმას საფუძველი დაახლოებით 2006 წლიდან ეყრება, როდესაც უკვე კომპიუტერი ჩნდება ნათესავის თუ მეგობრის ოჯახში, გაქვს წვდომა ინტერნეტთან და იწყებ ქექვას, რომელიც დღესაც გრძელდება. როცა ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდა Lords of the underground-მა დაგვანახა ის მუხტი, რომელმაც საქმეში ჩაგვრთო, ეს იყო თავის პოვნის მომენტი, როდესაც შენ ხვდები თუ სად ხარ და საით უნდა წახვიდე, შემდეგ კი ჩავეშვი ოქროს ხანის მორევში და ახლაც იქ ვტრიალებთ, საინტერსო მიგნენებით.

 

M: არსებულ ქართულ სცენას როგორ შეაფასებდით? ერთი მხრივ, როგორც ჩანს, ინტერნეტმა ბევრ ნიჭიერ ადამიანს გაუხსნა თქვენთან ერთად გზა რომ შემოქმედება საზოგადოებას წარუდგინო. მაგრამ კიდევ ბევრია ალბათ გასაკეთებელი…

ინტერნეტი ნამდვილად კარგი გზაა ნამუშევრების გასაზიარებლად და დასაწყისისთვის საკმარისზე მეტია, თუმცა რაღაცმხრივ თითქოს კნინდება ჰიპ-ჰოპის შესაძლებლობები. მსმენელი ჯერდება ონლაინ მასალას და თუ სადმე ჰიპ-ჰოპ საღამო იმართება, თავს იკავებს მისვლისგან,რეალურად კი ჰიპ-ჰოპი ცოცხალი შესრულებისას უნდა გამოვლინდეს, მთელი ენერგია, ენთუზიაზმი, ოსტატობა, არამხოლოდ არტისტის, მსმენელის მხრიდანაც უნდა იყოს ეს ყოველივე, არ უნდა დაირღვეს კავშირი.

M: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ თქვენ უკვე ალბომად შეკარით და გამოუშვით ნამუშევრები, რაც ადგილობრივ მუსიკალურ სფეროს არც ისე ხშირად ახასიათებს. რამდენად ფიქრობთ, რომ თქვენი პროდუქციით უცხოურ აუდიტორიაზეც შეიძლება გასვლა? თუ ჯერ შიდა ბრძოლებია ამ მხრივ?

ჩვენი მიზანი სინგლების გამოშვება არაა, უფრო დიდ სიამოვნებას ვღებულობთ ალბომზე მუშაობის დროს, მეტად საინტერესო ნამუშევარი გამოდის და უფრო მეტი კრეატივი შეგვიძლია ჩავატიოთ. არსებობს არტისტების კატეგორია, რომლებიც რამდენიმე ნამუშევარს აქვეყნებენ პერიოდულად, ზოგს სრულს, ზოგს ნახევრად დასრულებულს, გარკვეული რაოდენობის მოწონების დაგროვების შემთხვევაში, ჯერდება თავის მიღწევას და ტოვებს დაწყებულ საქმეს როგორც არის. თუმცა, კულტურის წინსვლისთვის საჭიროა მეტი იდეა, მეტი კრეატივი, მეტი რითმა, მეტი ჯაზი,  რომელიც ჩადებული იქნება ალბომში და რაც მთავარია, ეს ალბომი აღზრდის თაობებს. რაც შეეხება უცხოურ აუდიტორიაზე გასვლას, ამაზე არ გვიფიქრია და არც არის ჩვენი მიზანი, თუმცა, ხარისხიანი პროდუქტი ყველგან მისაღებია.

M: დაუტოვეთ მარკეტერს ტრეკი #თაობის ფლეილისტისთვის…

 



განხილვა