7
Jul
2017

#თაობა: თორნიკე ჩოხელი – “მირჩევნია უფრო მეტი დრო სტუდიაში მუშაობასა და ჟღერადობის დახვეწას დავუთმო”

7 Jul 2017

ქართულ მუსიკალურ სივრცეში ხშირად ხდებოდა, რომ ერთ დროს აქტიურად მოღვაწე ადამიანები დროებით უჩინარდებოდნენ და შემდეგ ისევ უბრუნდებოდნენ მოღვაწეობის სფეროს. #თაობის სტუმარია ძველი ელექტრონავტი, თორნიკე ჩოხელი.

M: თორნიკე, მოგვიყევი, საიდან იწყება მუსიკით შენი დაინტერესება?

დავფქირდი და მივხვდი, რომ  ჩემი ცხოვრების განმავლობაში ალბათ ძალიან პატარა პერიოდია როდესაც მუსიკასთან არ მქონდა შეხება, ამაში დიდი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით იმიტომ, რომ ძალიან მუსიკალური ადამიანები არიან და საერთოდ, მუსიკის მოყვარულ ოჯახში გავიზარდე. დავამთავრე მუსიკალური 7 წლედი და 9 წელი ვმღეროდი  ქართული ხალხური სიმღერის გუნდში, სახელად “ბიჭები”, ასევე ვუკრავდი სხვადასხვა ინსტრუმენტზე.

ჩემი პირველი მცდელობები საკუთარი მუსიკის შექმნის, სკოლის ასაკიდან იწყება, როდესაც მეგობარმა გამაცანო ადამიანი, რომელსაც სახლში ჰქონდა დასარტყამი ინსტრუმენტები, ელექტრო გიტარა და კიდევ ბევრი ჩემთვის საინტერესო რამ. საბოლოოდ ისე განვითარდა ყველაფერი, რომ კვირაში რამდენიმეჯერ ვიკრიბებოდით და ახალ იდეებს ვუზიარებდით ერთმანეთს და ვცდილობდით რაღაც ახალი შეგვექმნა. მე ვუკრავდი გიტარაზე დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით და შემდეგ დაგვემატა ბას გიტარაც. ამ დროისთვის ჯერ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ კომპიუტერისა და სინთეზატორის დახმარებით მუსიკის შექმნა იყო შესაძლებელი და მთელი ბენდის ინსტრუმენტები დამოუკიდებლად მხოლოდ ერთი ადამიანის ფანტაზიით აჟღერებულიყო, როდესაც შევიძინე კომპიუტერი, პირველი, რაც გავაკეთე, წავედი მშრალ ხიდზე და ვიყიდე უამრავი მუსიკის შესაქმნელი პროგრამა, დავიწყე ამ პროგრამების შესაწავლა და პატარა მონახაზების შექმნა.

რაც შეეხება ელექტრონული მუსიკით ჩემს აქტიურ დაინტერესებას, 2006 წლიდან დაიწყო, როდესაც გავიგე ისეთი სკოლის არსებობის შესახებ, სადაც შეიძლებოდა DJ-ინგის შესწავლა, სკოლას ერქვა Louder. DJ ინგის კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ კლუბშიც დავუკარი და ასევე გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, რომლებიც დამეხმარნენ მაშინ ჩემთვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობ მუსიკაში გავრკვეულიყავი და მათი დახმარებით გამეცა იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც მრავლად მქონდა.

 

M: იყო თუ არა ელექტრონული მუსიკა შენი თინეიჯერობის პერიოდის ძირითადი ინტერესი?

კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ელექტრონული მუსიკა ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ ჩემი თინეიჯერობის პერიოდში ამ მუსიკაზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მქონდა და ამ ინფორომაციის მოპოვების საშუალებაც შეზღუდული იყო, რაც ალბათ კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩემს დაინტერესებას ამ მუსიკის მიმართ. ძირითადი ინფორმაციის წყარო, რა თქმა უნდა, იყო ტელევიზია  და ასევე აუდიო კასეტები ჩემი ძმისგან, რომელიც იმ პერიოდში გერმანიაში სწავლობდა.

M: 2007 წლიდან შენი რელიზები აქტიურად გამოდის სხვადასხვა ლეიბლზე. ამავე პერიოდში ქართული ელექტრონული მუსიკის სცენა არც თუ ისე აქტიური იყო. რამდენად ადვილი იყო შენივე რესურსებით ამ ყველაფრის მიღწევა?

რა თქმა უნდა, ბევრი სირთულისა და წინააღდეგობების გამოვლა მოგვიწია ყველა ჩვენთაგანს ვინც იმ პერიოდში ელექტრონული მუსიკის შექმნით იყო დაკავებული.  სოციალურმა ქსელმა Myspace დიდი როლი ითამაშა, რომ ჩვენი მუსიკა გასცდენოდა საქართველოს ფარგლებს, დავკავშირებოდით ცნობილ თუ უცნობ ლეიბლებსა და არტისტებს, რომელებიც თანახმა იქნებოდნენ გამოეშვათ ჩვენი მუსიკა.

ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იყო ის, რომ ჩემი პირველივე EP მოხვდა Beatport-ის ჩარტებში და არაერთხელ სხვადასხვა რადიოშოუებში როგორებიც არის John Digweed & Nick Warren @ Transitions (http://www.hybridized.org/sets/938 ), Laurent Garnier – It is What It is Radioshow, Matthew Dekay – RA 342, NightFlight Radio Show BY Herrmann & Hoffmann და ა.შ. მუსიკას  ვქმნიდი მხოლოდ კომპიუტერული პროგრამებისა და მუსიკალური ცენტრის დინამიკების დახმარებით.

M: შენს ტრეკებს როდესაც უსმენ (გამოვყოფდი Hidden Sound) იდეალური მზიანი ამინდი და ზღვა გახსენდება. არის ეს ნიშური ჟღერადობა შენი მუსიკისთვის თუ  ექსპერიმენტებს აგრძელებ?

Hidden Sound ალბათ ჩემთვისაც ერთ-ერთი გამორჩეული ტრეკია, ხოლო რაც შეეხება ჟღერადობასა და ექსპერიმეტებს, ყოველთვის ვცდილობ ამ მხრივ ჩარჩოებში არ ჩავიკეტო და ყოველ ახალ ნამუშევარში რაიმე სიახლე შევიტანო, ჟღერადობა დავხვეწო.

M: კომპოზიციური ნაწილის ტექნიკურ მხარეს რომ შევეხოთ. აქვს შენთვის რაიმე მნიშვნელობა ინსტრუმენტს, მოწყობილობას, სადაც ტრეკს ამზადებ? ბოლო პერიოდში ამ მხრივ დისკუსიებმა ისევ წამოყო თავი.

ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების უმრავლესობას თავისი ინდივიდუალური მიდგომა აქვს ამ საკითხის მიმართ და გამონაკლისი ალბათ არც მე ვარ. ჩემს პირველ ნამუშევრებს FL სტუდიოს დახამარებით ვქმნიდი, მაგრამ ამ პროგრამაში იმ ჟღერადობის მისაღებად, რომელიც მე მომწონს, დამატებით ბევრი მანიპულაციის კეთება მიწევდა, რასაც შემდეგ Ableton Live- ის დახმარებით გაცილებით მარტივად და თავისუფლად მივაღწიე.

 

M: შენ ელექტრონავტის გამარჯვებულიც ხარ, მაგრამ ამ ჯილდოს მიუხედავად, თბილისის კლუბებში მაინც არ ჩნდები ხშირად. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი. შენივე გადაწყვეტილებაა თუ არსებობს რაიმე სხვა ბარიერებიც?

ალბათ ნაწილობრივ ჩემი გადაწყვეტილებაც არის, იმიტომ, რომ მირჩევნია უფრო მეტი დრო სტუდიაში მუშაობას და ჟღერადობის დახვეწას დავუთმო, ასევე სამი წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, სამშობლოში ერთი წელია რაც დავბრუნდი და მივხვდი, რომ ბევრი რამ შეიცვალა  ქართულ კლუბურ ცხოვრებასა და ელექტრონულ მუსიკაში. უამრავი დადებითი ცვლილება მოხდა, რაც რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ დადებით ცვლილებეთან ერთად, იმატა ამ სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანების რიცხვმაც, რომლებსაც აქვთ პატარა გამოცდილება და ახასიათებთ არაპროფესიონალური და არაკოლეგიალური დამოკიდებულება, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულ ბარიერებს ქმნის.

M: რამდენად გაქვს კავშირი არსებულ DJ/Producer კომუნასთან და როგორ ფიქრობ, რამდენად განვითარებულია ეს მიმართულება საქართველოში?

არსებულ კომუნასთან ყოველთვის მქონდა კავშირი, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარკვეული პერიოდით მოვწყდი ქართულ კლუბურ ცხოვრებასა და მუსიკას, რამაც ალბათ განაპირობა ჩემი ცოტათი ჩამოშორება ამ სფეროში აქტიური ცხოვრებისგან, ხოლო რაც შეეხება კომუნის განვითარებას, ვისურვებდი უფრო მეტ კოლაბორაციას სხვდასხვა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსებს შორის.

M: დაუტოვე თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…

 



განხილვა