23
May
2018

#თაობა: თორნიკე მარგველაშვილის გზა Red Bull Music Academy-ისკენ

23 May 2018

#თაობა წარმოგიდგენთ ინტერვიუს მუსიკოსთან, ლექტორთან და პირველ ქართველთან, ვინც Red Bull Music Academy-ის  20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას – თორნიკე მარგველაშვილი.

სერა ძნელაძის ფოტო

M: როგორი იყო ბავშვობიდან შენი შეხება მუსიკასთან?

პირველი მუსიკალური ინსპირაცია ბავშვობიდან, ალბათ, მამაჩემის მიერ გიტარაზე დაკრული სიმღერები იყო, სწორედ ეს ინსტრუმენტი გახდა ჩემთვის პირველი, სადღაც 15 წლის ასაკიდან. თინეიჯერობაში და უფრო ადრეც, ძირითადად, მძიმე მუსიკა ტრიალებდა ჩემს თავს, განსაკუთრებით Iron Maidan მიყვარდა, შემდეგ უკვე ჯგუფშიც ვუკრავდი –  „პორნოპოეზია“. 24 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ მუსიკისთვის მეტი დრო უნდა დამეთმო. ამ დრომდე შეიძლება ითქვას, რომ ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ოფისში ვმუშაობდი აუდიტორად. ამავე პერიოდში პირველად დავესწარი Open Air ფესტივალებს უცხოეთში, ასევე, New Orleans Jazz & Heritage Festival-ზე  დავუკარი SALIO-სთან ერთად და მივხვდი, რომ ასეთი ცხოვრება მომეწონებოდა სამომავლოდ. სულ მქონდა სურვილი, რომ ჩემი დრო რაღაც ერთისთვის დამეთმო – ამ პერიოდში წამოვედი სამსახურიდან, შემდეგ მოვხვდი CES-ში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო  კონსერვატორიაში. სულ მინდოდა მიმეღო ევროპული განათლება და დანიაშიც ჩავაბარე Royal Academy of Music-ში. სექტემბერში კი სამშობლოში დავბრუნდი დროებით და ძირითად დროს მუსიკის კეთებას, დაკვრას და ლექტორობას ვუთმობ.

M: გამოდის, რომ თავიდანვე გამიზნული არ ყოფილა შენი მუსიკალური კარიერა…

იმის გაცნობიერება, რომ მუსიკა შეიძლება ყოფილიყო ჩემი ძირითადი საქმიანობა, გვიან მოვიდა. არ მქონია თავდაჯერება იმისა, რომ რაიმე საინტერესოს შემოთავაზება შემეძლო ამ სფეროსთვის, ან ამითი ცხოვრება გამომსვლოდა. თუმცა ეს გარანტიები რომც გქონდეს, საკუთარ თავთან ვერ ვიქნები კომფორტში ამის კეთების გარეშე. ჯერ გაჩნდა მუსიკისა და საკუთარი იდეების კვლევის სურვილი, შემდეგ გარისკვის სურვილი, ნელნელა თავდაჯერებაც მოდის.

სერა ძნელაძის ფოტო

M: აღნიშნე, რომ მძიმე მუსიკა გიყვარდა. ამ მხრივ ერთფეროვანი იყავი? როგორ შეიცვალა მას შემდეგ შენი დამოკიდებულება?

ბავშვობაში უფრო ვიყავი ხოლმე რამდენიმე ბენდზე მიჯაჭვული, შემდეგ კვლევა და მოსმენა დავიწყე. რაც უფრო მეტს ვუსმენ, მით უფრო მეტად ვხვდები სხვადასხვა სახის მუსიკის მნიშვნელობასა და ადგილს.

M: მუსიკოსისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მუსიკოსი თავადვე იყოს მელომანი?

ჩემთვის, პირადად, ძალიან აუცილებელია. ყველაზე მეტს სმენისას ვსწავლობ, მუსიკას როგორც ენას ისე ვუყურებ, ყოველ ახალ მოსმენილ კომპოზიციაში ახალ სიტყვებსა და წინადადებებს სწავლობ, შემდეგ პირად სისტემაში საკუთარ მოდიფიცირებულ ვარიანტებად იყენებ. ეს არის ინფორმაციის მუდმივი მიღება და შემდეგ სუბიექტური გადამუშავება. არ ვსაუბრობ მხოლოდ იმ ჟანრის მოსმენაზე, რასაც აკეთებ. ხშირად, მუსიკის საკეთებელ ინსპირაციას მუსიკის გარდა სხვა წყაროებიდანაც იმავე რაოდენობით ვიღებ.

M: შენს პირველ ბენდზეც რომ ვისაუბროთ – რა იყო პორნოპოეზია შენთვის და რამდენად გამოსცადე საკუთრი თავი გიტარისტის ამპლუაში?

საინტერესო პერიოდი იყო. ბევრი ‘უმი’ ენერგიის მატარებელი. ჩემთვის პირველი შეხება იყო სხვებთან ერთად მუსიკის კეთების კულტურასთან, პერფორმანსებთან, ბევრი რამ ვისწავლე. როდესაც  გიტარისა და ბენდის გარეთ სხვა ინტერესები გამიჩნდა, მაგალითად, კომპოზიცია, ამ დროს უკვე სრულდებოდა ყველაფერი.

სერა ძნელაძის ფოტო

M: ახსენე CES და კონსერვატორია – ამ მუსიკალური განათლების ორმა განსხვავებულმა ინსტიტუტმა რა შეგძინა და როგორ უყურებ ამ მიმართლებით არსებულ პრობლემებს საქართველოში?

CES პირველი ადგილი იყო, სადაც სისტემატიური მუსიკალური განათლება ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა, საკმაოდ გახსნილი და ლაღი ადგილია. კონსერვატორიაში ჩაბარება კი უფრო აკადემიურ სივრცეში მიღებულობის მომენტი იყო. ამ ნაბიჯმა აქამდე ჩემთვის უცნობ მუსიკალურ სფეროებში ჩამახედა.

საქართველოში არსებულ განათლების პრობლემებს რაც შეება, დანიის მაგალითმა მაჩვენა, რომ გვაკლია რესურსები და თანამედროვე ღია მიდგომები მეტი თავისუფლებისთვის. როგორც ლექტორი, ვცდილობ, რაც თავად არ მომწონდა სტუდენტობისას, ის შევცვალო. პირველ რიგში, ვცდილობ სტუდენტებს თავისუფლება მივცე, საგნის ფარგლებში აზროვნებას შევაჩვიო და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებას, ინფორმაცია საინტერესო ფორმით მივაწოდო.

M: შენს ამჟამინდელ მუსიკაზე რომ ვისაუბროთ. რა პროექტია, რა მუსიკას აკეთებ, რატომ დაინტერესდი ამით? რა იგრძნობა შენს მუსიკაში ქართული?

Mess_montage-ის სახელით ჩემი სადებიუტო ალბომი – Death of Optimus Prime ძირითადად ემბიენტ, ნოის, ექსპერიმენტული ელექტრონული ჟანრის ტრეკებს შეიცავს. ამ მუსიკით დაინტერესება ბუნებრივად მოხდა. კეთება რომ დავიწყე ალბომის, უფრო სწორედ, ჯერ ტრეკების, რომლებიც შემდგომ ალბომად გადაიქცა, ნელი ტემპით განვითარებადი მელანქოლიური, მინიმალისტურად განმეორებადი აუდიო სივრცეების შექმნა იყო ის, რაშიც თავს გულწრფელად კომფორტულად ვგრძნობდი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში სკანდინავიური მშვიდი გარემოს გავლენაც იგრძნობა. დიდი შანსია ჩემი შემდეგი ნამუშევრები სხვანაირი ხასიათის გამოვიდეს.

თვითონ პროცესიც ძალიან ბუნებრივია, შეიძლება Nick Cave-ის სიმღერებით დავინსპირირდე, ან Nine Inch Nails-ით, ხოლო მუსიკის საკეთებლად რომ დავჯდები, რაიმე ნოის/დრონ ტრეკი გამომივიდეს.

ახლა რომ ვუსმენ კახურ ფოლკლორს, ჩემთვის საინტერესო ელემენტებს ვპოულობ. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი საერთო აქვს Drone-მუსიკასთან, არის კიდეც ‘გაბმული ბანის’ მუსიკა. ამ ეტაპზე, მეც ამ სტატიკურ განწყობაში ვიპოვე ჩემი თავი. რასაც ვაკეთებ, მგონია, რომ შინაგან მდგომარეობის ანარეკლია ხოლმე. ალბომის ხასიათი ნაწილობრივ ამ ესთეტიკითაც არის ინსპირირებული.

ალბომი –  Death of Optimus Prime, გამოვიდა ჰოლანდიურ ლეიბლზე – Shimmering moods records:

M: შეიძლება თუ არა შენს მუსიკაში თბილისურ ჟღერადობაზე საუბარი?

დიდი ხანი არ არის, რაც ქართული ელექტრონული მუსიკის ‘მოძრაობის’ ნაწილი ვარ, ამიტომ გამიჭირდება ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა. შეიძლება უფრო შორიდან რომ შევხედოთ ჩემს მუსიკას, უცხო ყურმა შეამჩნიოს ‘ქართული’ საუნდის დეტალები, რასაც მე თვითონაც  ვერ ვამჩნევ.

M: როგორია მუსიკის შექმნის პროცესი? მუზას ელოდები თუ მუდმივად ცდილობ რამე გააკეთო?

მუსიკის შექმნის პროცესზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, შედგება ინსპირაციის და შემდგომ, ტექნიკურად შესრულების პროცესებისგან. ინსპირაციის ნაწილი უფრო მუსიკიდან, ვიზუალური არტიდან, ფილმებიდან, ხალხისგან, გარემოდან გამოცდილების მიღებას გულისხმობს, ხოლო თვითონ მუშაობის პროცესის შემთხვევაში იდეალურ ვარიანტში დღეში 4-5 საათი მაინც მჭირდება, რომ ამ კონკრეტულ საქმეს დავუთმო. ეს ჯანსაღი არის ჩემთვის მენტალურადაც. იდეებისგან ვიწმინდები. ყოველთვის ასე არ გამომდის, თუმცა რეჟიმის მოყვარული ვარ.

M: ვის თვლი მუსიკალურად იდეურ მეგობრად თბილისში?

ქართული ექსპერიმენტული სცენა პატარაა, თუმცა ბევრი საინტერესო არტისტია, ვისი იდეურ მეგობრად მოაზრებაც შემიძლია. ასევე შესაძლებელია პოპ ან ჯაზ მუსიკოსიც ჩემი იდეური მეგობარი იყოს. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რომ მუსიკოსი, რომელიც გახსნილია რადიკალურად სხვადასხვა ჟანრებისადმი და მუსიკის კეთების სხვადასხვა მეთოდებისადმი, შეიძლება იყოს ჩემი იდეური მეგობარი. კარგია, რომ ახალი თაობა, თუნდაც ჩემი მოსწავლეები, გახსნილები არიან ახალი იდეებისადმი.

M: ქართველ მსმენელზე რას იტყოდი? როგორ ფიქრობ, მუსიკის სმენის კულტურა და ქცევა როგორია?

ნელ-ნელა უმჯობესდება. ზოგადად, ყოველთვის რთულია ისეთი მსმენლის პოვნა, რომელიც საინტერესო უკუკავშირს მოგცემს. უნდა ავღნიშნო, რომ მუსიკა, რომელსაც ვუკრავ, საკმაო ყურადღებას მოითხოვს მსმენელისგან, აუდიტორიის უმეტესობა არის ხოლმე ამ პროცესში ჩართული. გარკვეულმა სეგმენტმა იყიდა ან მოისმინა მაინც ჩემი ალბომი, უკუკავშირიც უმეტეს შემთხვევებში დადებითი იყო. ჩემი მიდგომაა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მოისმენს ამ მუსიკას და მოახერხებს ამით სიამოვნებას, მით უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ ექსპერიმენტული მუსიკასაც აქვს პოტენციალი ბევრად მასშტაბური გახდეს და თან ხარისხი შეინარჩუნოს.

M: თბილისი, როგორც ქალაქი. ვითარდებიან მუსიკოსები, უფრო ბევრი ადგილი ჩნდება მოსასმენად. გვაქვს განათლების კერები, რა გვაკლია ინდუსტრიის სრული შეგრძნებისთვის?

დრო, მეტი ურთიერთგაცვლა ინფორმაციის, მეტი ძიება ავთენტურობის და სიახლის, უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლა. სახელმწიფოს მხრიდან მუსიკის განვითარების მხარდაჭერა მეტი რესურსების ალოკაციითაც არ იქნებოდა ურიგო. ვფიქრობ, “რედ ბულის აკადემიაც” საკმაოდ უნიკალური პროექტია, მუსიკის ხელისშემწყობი.

M: როგორ მოხდა “რედ ბულის აკადემიაში” შენი შერჩევა?

სტანდარტული პროცესია – 50 გვერდიან კითხვარს ავსებ და აგზავნი შენს ნამუშვრებს. პირველად 5 წლის წინ დავწიყე ამის შევსება და მივხვდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც ჩემი იდეების ბოლომდე რეალიზებას შევძლებდი. იქ ნაკლებად ელოდებიან ტრენდს, უფრო მეტად ელოდებიან გულწრფელ იდეებს, რეალურად უსმენენ და დროს უთმობენ შენს მუსიკას.  ყოველ ჯერზე ათასობით აპლიკანტია, საიდანაც 60 ადამიანს არჩევენ. იქ ყოფნის პერიოდში ძალიან საინტერესო მუსიკოსებთან აკეთებ კოლაბორაციებს, იღებ მონაწილეობას ვორქშოფებში და მონაწილეობ ლაივებში –  მთელი ქალაქი ამ პროცესშია ჩართული.

M: რა არის შენი სამომავლო გეგმები და შემდეგი ეტაპი?

იმდენად, რამდენადაც თანამედროვე სამყაროსთან უკვე ახლოს ვართ, ძირითადად, მოგზაურობაა ჩემი სურვილი, ასე რომ, ზუსტად არ ვიცი, სად ვიქნები. შეიძლება გადავცხოვრდე სადმე, სხვა გარემო შევიგრძნო. ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანია, შიგადაშიგ, რაღაც პერიოდებით სამშობლო ადგილიდან შორს ყოფნა.

M: რჩევა ქართველი მუსიკოსებისთვის?

ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ რისიც ბოლომდე გწამს, იმის კეთება უნდა განაგრძო.



განხილვა