როგორ უნდა დავაინტერესოთ თაობა ზეტის წარმომადგენლები, რომლებიც ზუსტად იმ სიხშირით ხსნიან აპლიკაციებს, რა სიხშირითაც, მაგალითად, მაცივარს ვაღებთ? კითხვა „როგორ?“ ცალკე საკითხია, მეორე მხარეს კი ფაქტი ფაქტად გვრჩება, რომ მათი ყურადღების მისაპყრობად სულ უფრო ცოტა დრო გვაქვს. პირველ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი ჯერ მნიშვნელოვანია, ამ შემცირების მიზეზი გავიგოთ. „მთავარი ბრალდებული“ მოკლე ფორმატის მქონე ვიდეოებია, რომლებიც უმეტესად ტრენდებს ეფუძნება…
Yahoo-სა და OMD Worldwide-ის კვლევის თანახმად, თაობა ზეტის წარმომადგენლებში ყურადღების მიქცევის ხანგრძლივობა ყველაზე მოკლეა ასაკობრივ ჯგუფებს შორის — იგი 1 წამამდე შემცირდა! დიახ, ამ თაობის წარმომადგენლები სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას, რაღაც აინტერესებთ თუ არა. შედეგად, მარკეტერებიც თვლიან, რომ თავიანთი სტრატეგიები ამ მონაცემებს უნდა შეუსაბამონ, ფოკუსირდნენ რეკლამებზე, რომლებიც 15 წამზე მოკლეა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ თაობა ზეტთან დაკავშირებას.
ბრენდებისთვის ეს ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებასაც შეიძლება ნიშნავდეს, რათა მომხმარებლებს იმერსიული და მიმზიდველი გამოცდილება შესთავაზონ. აუგმენტური რეალობა კი ამ მიზნის მისაღწევად შესანიშნავ ხელსაწყოებს სთავაზობს მათ. ამაზე Dior-ის მაგალითიც დაგარწმუნებთ — მისი ფილტრები ტანსაცმლისა და აქსესუარების ვირტუალურად მორგების საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მაგრამ ის, რაც ბრენდს სხვებისგან გამოარჩევს, AR ტექნოლოგიების მაღაზიებში დამატებაა, იგი ორი სამყაროს შერწმით გამორჩეულ გამოცდილებას გვპირდება. ეს კამპანია Dream in Dior-ის სახელითაც გაგვაცნეს, გვაჩვენეს იმერსიული სოციალური მედია კამპანიების რეალური ძალა და პოტენციალი.
შესაძლოა, აუგმენტური რეალობის ხელსაწყოების ინტეგრირება ბევრისთვის საკმაოდ რთულიც ჩანდეს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, ბოლოდროინდელი Barbie Selfie Generator განვიხილოთ — მომხმარებლებს პერსონალიზებული ბარბის შექმნა შეეძლოთ მათივე სურათებით, ფონებითა და სასურველი ტექსტით. ინტერაქციულობამ და პერსონალიზაციამ მომხმარებელთა ჩართულობა განაპირობა, რამაც გაზიარებად კონტენტამდეც მიგვიყვანა.
Ryanair კი იუმორით სავსე შინაარსით რეალურ დროში ერთვება მომხმარებლებთან, იწვევს ინტერაქციებსა და ხდება საუბრების საგანი. ტიკტოკის სარეკლამო ტრენდებს კი არ მიჰყვება, არამედ ავთენტურ, ლოკალიზებულ კონტენტს სთავაზობს აუდიტორიას, აყალიბებს უნიკალურ ტონს, რომელიც აძლიერებს მომხმარებლებსა და ბრენდს შორის არსებულ ურთიერთობას და ბრენდის ლოიალობასაც უზრუნველყოფს…
უნდა ვაღიაროთ, დღევანდელ ყოვლისმომცველ ციფრულ სამყაროში ყურადღების მიპყრობა არც ისეთი მარტივი საქმეა. ბრენდებმა ამისთვის ინოვაციებს უნდა მიმართონ, ადაპტირდნენ, შექმნან მიმზიდველი, პერსონალიზებული კონტენტი, აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა უზრუნველყონ ისეთი იმერსიული გამოცდილებები, რომლებიც ციფრულ და ფიზიკურ სამყაროებს აერთიანებს.
მედიისა და კრეატიული ინდუსტრიის მომავალიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამ ტრენდებზე, აქცენტით პერსონალიზაციაზე, ინტერაქციულობასა და იმერსიულ გამოცდილებებზე. თუმცა გახსოვდეთ, რომ ის დრო, რომელიც თაობა ზეტის ყურადღების მისაქცევად გვაქვს, შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს…