8
Jun
2018

#თაობა: ზიად ალიევი – ქართველი მუსიკოსი ახალ ალბომში სიმულაციურ რეალობას იკვლევს

8 Jun 2018

Simulation Theory ზიად ალიევის მეორე ალბომია, რომელიც 2018 წელის 18 მაისს დარელიზდა ოფიციალურად. ეს არის არტისტის პირველი ოფიციალური რელიზი, რომლის დისტრიბუციაც ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ მსოფლიოს 150-მდე ციფრულ მარკეტზე განახორციელა.

ალბომი შეიცავს 8 ექსპერიმენტული ელექტრონული ჟანრის ტრეკს, რომელიც აღწერს ცნობიერის თავგადასავალს, სამყაროს ფუნდამენტურ კითხვასთან ჭიდილში – ილუზიაა თუ რეალობა ჩვენი სამყარო?

 

M: ალბომის სათაური რა ტიპის სიმულაციაზე მიუთითებს?

იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ, რა ტიპის სიმულაციაზე ვსაუბრობ, ვაპირებ ალბომს მოვაყოლო პატარა პუბლიკაცია, რომელშიც 6 სათაურით მაქვს გამოყოფილი ძირითადი თემები, რითიც მსურს მკითხველს ჩემი თვალთახედვიდან დავანახო ერთი-ერთი ფუნდამენტური დილემა.

ეს ვრცელი თემაა და შევეცდები მოკლედ და გასაგებად აღვწერო. „სიმულაციის თეორია“ არის ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკალური ალბომი, რომელზეც წელიწადნახევარი ვმუშაობდი.

ამ პერიოდის განმავლობაში ისე დაემთხვა, რომ აქტიურად ვიყავი დაინტერესებული არც ისე ახალი, მაგრამ აქტუალური თემით – არის თუ არა სამყარო სიმულაცია?

ჩემი ეს ინტერესები აშკარად დაეტყო ჩემ შემოქმედებასაც და მივხვდი, რომ ეს მუსიკა ამ იდეის ქვეშ უნდა გამეშალა.

მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარების პარალელურად, გაჩნდა დილემა, სამყარო დეტერმინისტულია თუ ქაოტური? ამ თემაზე როგორც პრაგმატული სამეცნიერო ფრთა, ისე სპირიტუალური ფილოსოფიის მიმდევრებიც აქტიურად მსჯელობენ და ჯერჯერობით, ორივე არგუმენტი არის მხოლოდ დებატების ერთი მხარე, რადგან კონტრარგუმენტები ორივეგან ძლიერია.

ჩემი ყურადღება კი მიიპყრო  არც ისე ახალმა და საკმაოდ საინტერესო მესამე თეორიამ, რომელსაც ჰქვია CTAT (Code Theoretic Axiom Theory).

ეს თეორია ამბობს, რომ სამყარო არც დეტერმინისტულია და არც ქაოტური, არამედ ის უბრალოდ ინფორმაციებზე დაფუძნებული კოდია.

ამაზე საუბარი რომ გავაგრძელო, დიდი ვრცელი სტატია გამოვა, ამიტომ, სჯობს დაინტერესებულმა მსმენელებმა ჩემი პუბლიკაციაც წაიკითხოს. ნაშრომს ავტვირთავ როგორც ონლაინში, ასევე ჩემ ლაივზე მომსვლელებს შეეძლებათ ადგილზე უფასოდ მიღება.

M: წინა ნამუშევრებისგან განსხვავებით რა შეიცვალა შენი მუსიკის ჟღერადობაში?

ჩემი წინა ალბომი 2016 წლის იანვარში გამოვუშვი. ალბომს ჰქვია CORTEX EP, რომლის ლიდერი ტრეკია My Psychedelic God. ალბომი არის მინორული Downtempo, Trip Hop და ფსიქოდელიური ექსპერიმენტული მუსიკით გაჯერებული, რომელსაც საკმაოდ საინტერესო შინაარსი აქვს – Art never comes from happiness.

8 ტრეკი ადამიანის ტვინის აბსტრაქტული ვიზუალის თანმხლებით აღწერს პიროვნული კრიზისის ეტაპებს.

ალბომს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:

Full Album

 

ბევრი რამ შეიცვალა პრინციპში, როგორც კონცეპტუალურად, ისე ტექნიკურად. პირველ რიგში იმის თქმა შემიძლია, რომ ბევრად დახვეწილი ხმა მოდის ჩემი ახალი ალბომიდან, ვიდრე წინადან. ელექტრონულ მუსიკაში მიქსინგი და მასტერინგი არის წყალივით საჭირო. თუ არ იცი ეს ტექნიკური მხარე, შეიძლება ნამუშევარი დაგეკარგოს, რაც არ უნდა კარგი იდეა იდოს მასში.

მეორე, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ამ ალბომში ბევრად დიდი დინამიკაა ვიდრე წინაში. ასევე განწყობა უფრო მეტად ამაღლებულია, ვიდრე წინაში იყო. წინა ალბომი უბრალოდ ჩემ პიროვნულ კრიზისს ასახავდა და ეტყობა კიდეც, რომ დეპრესიული ადამიანის დაწერილია 😊

მას მერე შევიცვალე და შეიცვალა ჩემი შემოქმედებაც. აღნიშნულმა ალბომმა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აღწერა.

M: სად და როდიდან შეეძლება მსმენელს ალბომის შეძენა?

ალბომი ხელმისაწვდომია ყველა ძირითად ციფრულ მარკეტზე და ღირს 10 დოლარამდე

უფასოდ მოსმენა შესაძლებელი იქნება ჩემს იუთუბ და საუნდქლაუდ არხებზე, რომლებზეც ჯერ არ ვტვირთავ,  რადგან ეს ყველაფერი მინდა ალბომის ლაივ პრეზენტაციის დღეს დავამთხვიო. მსმენელბს ვთხოვ დაელოდონ ლაივს აუცილებლად მობრძანდნენ.

Teaser: https://bit.ly/2M0Kh0T

Full Album

YouTube: https://bit.ly/2Jp99kD

Soundcloud: https://soundcloud.com/ziadaliev/sets/cortex-ep

Spotify: https://spoti.fi/2Hm0sCu

iTunes: https://apple.co/2JjVckC

Google play music:  http://bit.do/emiqC

Apple music: https://apple.co/2JjVckC

Amazon music: https://amzn.to/2JgjuQF

Deezer: https://bit.ly/2LY0h3D

M: საქართველოში უკვე რამდენიმე რექორდ ლეიბლია, შენი ალბომის გამოშვება პირადი შრომის შედეგად მოხდა თუ ვინ არიან ის ადამიანები ვინც ამაში მიიღეს მონაწილეობა?

ალბომის გამოშვება ჩემი პირადი შრომის შედეგია. გარეკანს აწერია Ziad Aliev Recordings, ხოლო საერთაშორისო რელიზის ფორმალური ნაწილი, ISIN  კოდი და სხვა საერთაშორისო კოდი მომიმზადა ამერიკულმა კომპანია AWAL-მა. მათ მოისმინეს ჩემი ალბომი, გადახედეს ჩემი არტისტის პროფილს, შეაფასეს ბრენდი და გადაწყვიტეს ჩემ მაგივრად გადაედახათ დისტრიბუციის ფული იმ პირობით, რომ შემდეგ მოგების რაღაც პროცენტს დაიტოვებდნენ. დისტრიბუცია 150-მდე ონლაინ პლატფორმაზე მოხდა. ეს ფაქტი სასიხარულია, რადგან ფილტრაციით მთელ ეტაპებს გადიხარ და როგორც თავიანთ პოლიტიკაში უწერიათ, მხოლოდ პოტენციურ არტისტებს, რომლებსაც ხარისხი აქვთ, მათ უფინანსებენ დისტრიბუციას. გამიხარდა, რომ ასე ჩათვალეს ჩემი შემოქმედებაც.

M: საინტერესო თიზერი გაავრცელე, ვინ იმუშავა ალბომის ვიზუალურ მხარეზე?

კი, თიზერი საინტერესო გამოვიდა. ძალიან დავისტრესე ამაზე მუშაობისას, რადგან სრული ენთუზიაზმით, მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი, არც ერთს რომ არ გვცალია თან, შევეჭიდეთ რთულ საქმეს.

თიზერის მომზადებას რამდენიმე ეტაპი ჰქონდა.

იმის გამო, რომ ალბომის იდეა არის სიმულაციის თეორია, გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი ფიზიკური რეალობიდან გადამეტანა ვირტუალურში და მასზე მანიპულირებით მეჩვენებინა, რომ ყველაფერი შესაძლებელია ბინარულ 01001 კოდში გადავიდეს. საკუთარი თავის დასკანირებაში დამეხმარა ჩემი კარგი მეგობარი ნიკა ალავიძე, რომელსაც 3დ სკანერი აქვს. დასკანერებული ობიექტი არის დრაფტი და უხეში პოლიგონები აქვს, რომელსაც დამუშავება, ძერწვა სჭირდება, რათა ფორმები გამოიკვეთოს და მე დამემსგავსოს, ამაში დამეხმარა საერთოდ უცნობმა ადამიანმა, რომელიც ამ პროექტის კეთებისას გავიცანი უფრო ახლოს, ეს ადამინი არის ვახო ფიფია.

ხოლო 3D პროგრამაში შეტანა და სცენების აწყობა რენდერში დამეხმარა გიორგი თურმანიძემ. გიო ძაან ნიჭიერი თვითნასწავლი ინტერიერ დიზაინერია და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პროექტზე პირველად იმუშავა, საკმაოდ კარგად გაართვა თავი.

არტ დირექტორობას რაც შეეხება, ამაზე მე ვიმუშავე. ვიზუალების იდეის ბრეინშტორმინგი მარტივად შევძელი, შესრულება გამოდგა რთული, მაგრამ შევძელით. ერთი რისიც მეშინოდა არის ის, რომ მუსიკის შინაარსთან არ ყოფილიყო აცდენილი, მაგრამ ეს ფაქტორიც გაქრა.

მსმენელებს მინდა ვუთხრა, რომ ვიზუალები არ არის მუსიკის კლიპი, ეს უბრალოდ მუსიკის ექსპრესიონისტული აღწერაა კონკრეტული სცენის ლუფით.

M: იგეგმება თუ არა რელიზის პრეზენტაცია ქართული აუდიტორიისთვის და როდისთვის უნდა ველოდოთ მას?

ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემს მსმენელებს ფიზიკურად შევხვდე და ამ ალბომზე რეაქციებიც ლაივში დავინახო. მაინტერესებს, როგორი ატმოსფერო შეიძლება შექმნას ამ მუსიკებმა სტუდიის გარეთ.

ამ ალბომის გამო სამსახურიდან წამოვედი, სხვანაირად ვერ ვასრულებდი ნამუშევრებს, ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული და არ მინდა მხოლოდ ონლაინ სივრცეში ატვირთვით შემოვიფარგლო. ამიტომ, ჩემი აზრით, კარგი კულმინაციური დასასრული იქნება თუ კი ჩემ მსმენელებს ლაივში შევხვდები.

ეს დღეები აქტიურად ვარკვევ რამდენიმე ადგილის შესახებ წვდომას. მნიშვნელოვანია კარგი აკუსტიკა და აპარატურა, ამიტომ დახმარების თვალსაზრისით დიდი არჩევანი არ მაქვს და რამდენიმე ადგილიდან ველოდები პასუხს, როგორც კი მივაღწევ შეთანხმებას, აუცილებლად გაგაგებინებთ.



განხილვა