8
Aug
2018

ტაპი ზაქარიაძე – #პირველისამსახური

8 Aug 2018

თუ კარგად დაფიქრდებით – ერთი  „ფაქიზო“ ყველა ქართულ ოჯახში ჰყავთ. ეს რაღაც სანუკვარი და “ხელიხელსაგოგმანები” ნივთია. ასეთ რამეს ორ შემთხვევაში ელევიან: ან ქალის გამზითვებისას ან კიდევ „შავი დღის“ დადგომისას. ჩემი ოჯახის „ფაქიზო“ კი ერთი პატარა, გაპრიალებული პიანინო გახლდათ. ის მხოლოდ მაშინ ჟღურტულებდა, როდესაც ჩვენს ოჯახში ქეიფი და ტაშფანდური იმართებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ჩვენს ფაქიზოს დიდხანს არ დასცალდა ჟღურტული. დადგა დღე, როდესაც ოჯახის საბჭომ საგანგებო სხდომაზე დაადგინა, რომ ჩემი სწავლა-განათლება მათი მთავარი პრიორიტეტი და გამოწვევაა და პიანინოც ღირსეული შესაწირი იქნება ამ დიდი საქმის სამსხვერპლოზე. ასე რომ, მალე ვიღაც უცხო ადამიანები მოვიდნენ და წაიყვანეს ჩვენი ფაქიზო, ან თუ გინდ, ჭრელა. ასე აღმოვჩნდი 18 წლის ასაკში ჰამბურგში, დიდი გეგმებითა და ოცნებით. ფული მალე გათავდა და ჩემი პირველი სამსახური ბოძზე გაკრული განცხადებით აღმოვაჩინე: გვესაჭიროება გამოცდილი გამყიდველი…

 

ალის პატარა მაღაზია მდიდრების უბანში მდებარეობდა. თავად ალი კი პატარა, შავგვრემანი, კაცი იყო. როგორც კი მაღაზიაში ფურცლით ხელში შევედი, მიხვდა, ვინც ვიყავი და საგულდაგულოდ დამათვალიერა. მერე ყველისა და ძეხვეულის დახლთან მიმიყვანა და მითხრა: „დაახლოებით, 80 სახეობის ყველი და ძეხვეული გვაქვს. ხვალ დილით თუ ყველას სახელწოდება და ფასი გეცოდინება, სამსახურში აგიყვან”. მომცა უზარმაზარი დავთარი და გამომისტუმრა.

სასწრაფოდ გავვარდი უნივერსიტეტში და ბიბლიოთეკაში მოვკალათდი. ვიჯექი და ჩემთვის მეცინებოდა. გარშემო მყოფი სტუდენტები სქელტანიან წიგნებს ჩასცქეროდნენ, მე კი ყველისა და ძეხვეულის ჩამონათვალი მედო წინ და გამწარებული ვიზუთხავდი მათ სახელებსა და ფასებს. მეორე დილით ალის სხაპასხუპით ჩავაბარე საშინაო დავალება და ნანატრი სამსახურიც ვიშოვე. ალი ბედნიერი ჩანდა,  ფიქრობდა, რომ ერთ დღეში უბადლოდ გაწაფული  თანამშრომელი იშოვა. ის კი არ იცოდა, რომ მე ამ ყველსა და ძეხვს “სახეზე” ვერ ვცნობდი და მოსული კლიენტი როდესაც მეუბნებოდა ყველის სახელს ჩუმად ვთხოვდი თუ შეგიძლიათ დამანახეთ, რომელია-მეთქი!

ჩემი სამუშაო დღე დილის ექვს საათზე იწყებოდა. სწორედ ამ დროს მოდიოდა ფუნთუშებით დატვირთული მანქანაც. ეს მომენტი ძალიან მახალისებდა, მიყვარდა, როდესაც თეთრებში გმოწყობილი მძღოლი პატარა ფურგონის კარს გააღებდა და იქიდან საოცარი სურნელი გამოვარდებოდა ხოლმე. ყველა ფუნთუშას საკუთარი თარო ჰქონდა და ფუნთუშებს სულ სიმღერ-სიმღერით ვანაწილებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კონკრეტულად ამ დროს დისნეის მულტფილმის გმირი ვიყავი და რაღაც ძალიან კარგი უნდა მომხდარიყო.

შემდეგი საქმე კი უფრო რთული იყო – პატარა ოფისში იდგა დიდი კარადა მაცივარი, საიდანაც ბოსტნეულისა და ხილის ყუთები უნდა გამომეტანა და გარეთ დამელაგებინა, მერე თაროები უნდა შემევსო და ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემს საყვარელ ყველთან და ძეხვებთან უნდა მივსულიყავი.

7 საათისთვის უკვე ყველაფერი მზად იყო იმისათვის, რომ მაღაზიას კლიენტები მიეღო.

ნელ-ნელა გავიცანი მეზობლები, ადამიანები, რომლებიც ზუსტად ერთსა და იმავე დროს მოდიოდნენ და ერთსა და იმავე პროდუქტს ყიდულობდნენ. მახსოვს ერთი ქალი, რომელსაც ახალგაზრდობაში ქართველი შეყვარებული ჰყოლოდა და ამ კაცისგან დაფეხმძიმებულიყო. შემდეგ ეს ადამიანი უგზო-უკვალოდ გამქრალა და ქალს მისი სიყვარულით შვილისთვის საქართველო დაურქმევია. დიახ პირდაპირ ასე ერქვა – საქართველო. რომ დამინახავდა ტირილს იწყებდა, მერე კი ქართველობისთვის 20 მარკიანს მჩუქნიდა.

ეს ქალი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც საქართველოს შესახებ უამრავი რამ იცოდა და სხვების მსგავსად, საქართველოს გაგონებაზე არ მეუბნებოდა: აააა სტალინის ქვეყნიდან? მე კი ჯიუტად ვიმეორებდი, რომ მე შოთა რუსთაველის ქვეყნიდან ვარ, იმ ქვეყნიდან, სადაც საოცარი ღვინო გვაქვს და ყველაზე ძალიან სტუმარი გვიყვარს.

მთავარი აღმოჩენა კი ერთი იყო – სადაც არ უნდა წახვიდე, შენ როგორიც ხარ, ისეთია შენი ქვეყანაც და როგორც თავს წარმოაჩენ, ისე წარმოჩინდება შენი მხარეც.

საქართველოში დაბრუნებულს, ხისგან გამოთლილი გემი დამხვდა, რომელიც მამაჩემს სპეციალურად ჩეთვის შეექმნა და დიდი სიამაყით ჩემი სახელიც დაერქმია. ასე მითხრა – ეს მონატრების გემიაო.

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ამ პატარა გემმა არაერთი ზღვა მოიარა, ამჟამად კი ანაკლიის მშენებარე პორტთან ჩაუშვა ღუზა, სადაც 2020 წელს დიდი გემების შემოსვლას ველოდებით, რომლებიც მჯერა ჩვენი ქვეყნიდან წასულ ადამიანებს უკან დააბრუნებს.

ტაპი ზაქარიაძე – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.

განხილვა