in

თაფლის სახლი ქედაში – ადგილი, სადაც თაფლის მეურნეობის შესახებ ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებთ

ბოლო პერიოდში ქედაში სტუმარ-მასპინძლობის სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი სერვისები ჩნდება. ამ სტატიაში რობერტ მახაჭაძისა და მისი მეუღლის, ლამზირა ხინიკაძის პროექტის შესახებ უნდა მოგიყვეთ – მას “თაფლის სახლი” ჰქვია და ის სოფელ ვაიოში მდებარეობს. ვიზიტორებს აქ თაფლის მეურნეობის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება შეუძლიათ, ასევე, მასპინძლები მათ თაფლისგან დამზადებულ პროდუქტებსაც სთავაზობენ დასაგემოვნებლად, ესენია: წაბლის, აკაციის, მინდვრისა და ყვავილის თაფლი, ფიჭისა და თაფლის არაყი, დინდგელი და სხვ. უფრო დეტალურად ამ საქმიანობის შესახებ რობერტ მახაჭაძეს გავესაუბრეთ:

ფუტკრით დაინტერესება

ფუტკრის მოშენების და თაფლის გამოხდის შთაგონება ბაბუაჩემმა მომცა პატარაობაში, მამაჩემიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა კი თაფლს არ ჰყიდდა – სახლისთვის ამზადებდა. ისევე როგორც მე, ჩემს მეუღლესაც დააინტერესდა ეს საქმიანობა. ნამდვილად საინტერესოა, როგორ მუშაობენ ფუტკრები – როგორ ფუსფუსებენ, როგორ ამზადებენ თაფლს, ყველაზე კარგი კი ბარტყობის პროცესია.. რადგანაც ჩვენთვის ეს საქმიანობა ნაცნობი იყო, გადავწყვიტეთ, გვეცადა ბედი.

თაფლის მეურნეობის დაწყება

მე და ჩემმა მეუღლემ 2012 წლიდან დავიწყეთ ფუტკრის მოშენება – თავდაპირველად პროდუქტს მცირე რაოდენობით სახლისთვის ვამზადებდით, შემდეგ კი მათ გამრავლებაზე ფიქრი დავიწყეთ. ისე მოხდა, რომ ახლობელმა 5 სკა გვაჩუქა, რამაც კიდევ უფრო გვიბიძგა, ჩვენი საქმიანობა გაგვეფართოებინა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მხარეში ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია, დავიწყეთ პროდუქტების ტურისტებისთვის შეთავაზება და დაფასოებული თაფლის გაყიდვა. მალევე მე და ჩემს მეუღლეს დაგვებადა იდეა, შეგვექმნა თაფლის სახლი, სადაც ტურისტები თავად ნახავდნენ, როგორ მზადდებოდა პროდუქტი, რომელსაც ყიდულობდნენ.

თაფლის სახლის სერვისი

როდესაც ტურისტი მოდის, თავდაპირველად ჩვენს “თაფლის სახლს” ვათვალიერებინებთ, რომელშიც განთავსებულია თაფლის და სხვადასხვა პროდუქტის დასამზადებელი დანადგარები. ვაჩვენებთ და დეტალურად ავუხსნით მას, თუ როგორ ხდება თაფლის გამოხდა. სურვილის შემთხვევაში ტურისტს შესაძლებლობას ვაძლევთ, სპეციალური შემოსვის შემდეგ თვითონ ჩახედოს სკას, ნახოს, როგორ მუშაობს ფუტკარი, როგორია ფიჭა ამ პროცესში.. მას ასევე შეუძლია, თაფლი ფიჭიდან თვითონვე გადმოწუროს და ჩამოასხას ჭურჭელში.

ლამზირა ხინიკაძის პროექტი გახდა ევროკავშირის მიმდინარე პროექტის “ქედა ლიდერი” საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. აღნიშნული პროექტის საქმიანობები ხორციელდება ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით. დაფინანსების მოპოვების შემდეგ, LAG-ის წევრები აქტიურად ეხმარებიან ბენეფიციარებს პროექტის მიზნების მიღწევაში.

“ქედა-ლიდერი”

პროექტი მე და ჩემმა მეუღლემ ერთად დავწერეთ და ჩვენდა საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ. “ქედა-ლიდერის” პროექტში მოპოვებული გრანტით შევძელით, აგვეშენებინა თაფლის სახლი, ვიყიდეთ თაფლის პროდუქტებისათვის დასამზადებელი საჭირო დანადგარები. ფაქტობრივად, გრანტმა საშუალება მოგვცა, თაფლის გარშემო არსებული ყველა პროცედურისთვისა და ტექნიკისთვის თავი ერთ სივრცეში მოგვეყარა, ჩვენი თაფლის სახლი სანახაობრივად საინტერესო გამხდარიყო ტურისტებისთვის და გეგმები, რომლებიც სამომავლო პერსპექტივაში გვქონდა, იმაზე ადრე განგვეხორციელებინა, ვიდრე გვეგონა.

სარგებელი, რომელიც თაფლის სახლს მოაქვს

თაფლის სახლი სასარგებლოა როგორც ტურისტებისთვის, ისე – ადგილობრივებისთვისაც. ახლა უკვე ყველამ იცის, სად შეუძლიათ, შეიძინონ თაფლი და მის გარშემო არსებული თითქმის ყველა პროდუქტი. გარდა ამისა, ჩვენი სახლი ისეთ ადგილზე მდებარეობს, რომ ტურისტებს მუდმივად თვალში ხვდებათ და ინტერესდებიან – მათი ჩვენთან მოსვლით ამ ადგილის ტურისტული პოტენციალი იზრდება, ჩვენი მხარე კიდევ უფრო ცნობადი ხდება, რასაც შემდეგ უკვე მთელი ქვეყნისთვის სასიკეთო ეფექტი აქვს. ასევე, მალე ვაპირებთ, გავზარდოთ სკების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს დავასაქმოთ ადგილობრივები და დასაქმების კუთხითაც სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს მხარეს.

სამომავლო გეგმები

ვაპირებთ, რომ ჩვენი თაფლის სახლი სანახაობრივად კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სკები დავამატოთ უკვე არსებულებს. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ფუტკრის რაოდენობის მატებასთან ერთად, ვაპირებთ, დავასაქმოთ ადამიანები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თაფლის სახლი ჯერ კიდევ ახალია, ჯერჯერობით არსებულის სრულყოფაზე უფრო ვართ ორიენტირებულები, ვიდრე უფრო მასშტაბურ გეგმებზე. თუმცა კი, მომავალში ამგვარი გეგმებიც გვექნება, რასაკვირველია.

[R]

რა აქვს საერთო მენსტრუალურ ციკლსა და ავტობუსს?

აჭარული სტუმართმოყვარეობა, ნატურალური ღვინო და ადგილობრივი სამზარეულო – მახოს მარანი ქედაში