in

ბრენდის ისტორია, რომლის „სამიზნე” ლოგოსაც ყველა ცნობს – Target

Target Corporation ამერიკულ საცალო ვაჭრობაში ცნობილი სახელია. თავისი წითელი ლოგოთი, მოდური, მაგრამ ხელმისაწვდომი პროდუქციით და სავაჭრო გამოცდილების შექმნით, მან მალე მოიპოვა ცნობადობა. ბრენდის უკან დგას სტრატეგიული რეფორმების მთელი რიგი, საზოგადოების ჩართულობა და მომხმარებელთა ტენდენციები, რომლებიც Target-მა შექმნა.

istoriebi
istoriebi

ისტორიის დასაწყისი

Target-ის ფესვები 1902 წლით თარიღდება, როდესაც ბანკირმა და უძრავი ქონების ინვესტორმა ჯორჯ დრეიპერ დეიტონმა მინეაპოლისში დააარსა Dayton Dry Goods Company, რეგიონული უნივერმაღი.

ახლა პირდაპირ 1962 წელში გადავინაცვლოთ. ეს ის დროა, როდესაც გარეუბნები უფრო იზრდება, საცალო ვაჭრობის ობიექტები მრავლდება, საცალო პროდუქტებზე ფასდაკლებები იმატებს და შემოდიან ისეთი მაღაზიები, როგორებიცაა Walmart, Kmart და Dayton Company-მ ახალი კონცეფციის შემუშავება წამოიწყო. ეს იყო Target-ის პირველი მაღაზია, რომელიც მინესოტას შტატში გაიხსნა.

“Expect More. Pay Less.” – ეს სლოგანი დღემდე გამოიყენება ბრენდის კამპანიებში და თავიდანვე განსაზღვრა მისი იდენტობა.

ინოვაცია და გაფართოება

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში Target სტაბილურად იზრდებოდა და ვითარდებოდა. მისი წარმატების მთავარი ფორმულა იყო აგრესიული გაფართოება აშშ-ის მასშტაბით. იგი მაღაზიებს ხსნიდა გარეუბნებში, ჰქონდა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სწორი განლაგება. 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა ისეთი ინოვაციებით, როგორიცაა ექსკლუზიური დიზაინერული თანამშრომლობები Isaac Mizrahi-სთან, Missoni-სთან და Lilly Pulitzer-თან, რამაც Target-ს ელეგანტური, ტენდენციების მიმდევარი საცალო ქსელის რეპუტაცია მოუტანა. 

1990-იან წლებში Target-მა მომხმარებლების უფრო ფართო სპექტრის მოსაზიდად მაღაზიების ახალი ფორმატები დანერგა. პირველი Target Greatland, რომელიც საქონლის უფრო ფართო არჩევანს სთავაზობდა, 1990 წელს გაიხსნა, ხოლო პირველი SuperTarget, რომელიც სრულად მოიცავდა სუპერმარკეტს, აფთიაქს და სხვა ობიექტებს, 1995 წელს გაიხსნა.

2000 წელს კომპანიამ ოფიციალურად შეიცვალა სახელი და გახდა Target Corporation, რითაც ხაზი გაუსვა, რომ თავადაც Target ბრენდზე ფოკუსირებს და მომხმარებელსაც ამას მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მას სხვა საცალო ქსელებიც ეკუთვნოდა, მან გაყიდა ეს ქვეგანყოფილებები, მათ შორის, Marshall Field’s და Mervyn’s, რათა გაეძლიერებინა ყურადღება მხოლოდ ერთ ბრენდზე.

Target-ის სვლები

ბრენდი ცნობილია მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგით. იგი ღრმა ანალიტიკას იყენებდა ყოველთვის და სწავლობდა მომხმარებლის ქცევას, რითაც იადვილებდა პროგნოზირებასა და პერსონალიზაციისთვის აუცილებელ დეტალებს.

კიდევ ერთი სწორი სვლა იყო დროული გადასვლა ელექტრონულ კომერციაზე. Target-ს არ დასჭირვებია ყოყმანი და სხვების ლოდინი საიმისოდ, რომ გაციფრულებაში ინვესტიცია ჩაედო. მან სამიზნეში Amazon-თან კონკურენცია ამოიღო და ყველაფერი გააკეთა, რომ მასზე მეტი თუ არა, არანაკლები ელკომერცია ჰქონოდა. ერთ-ერთი გამორჩეული ნაბიჯი ამ მიმართულებით პროდუქტის იმავე დღეს მიწოდების სერვისი იყო.

წარუმატებლობები

Target-ის გზას შეცდომების გარეშე არ ჩაუვლია. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება არც ისე ძველი ამბავი. 2013 წელს კომპანიას წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, გაფართოებულიყო კანადაში. ერთ წელიწადში მან 100-ზე მეტი მაღაზია გახსნა, მაგრამ ცარიელი თაროებისა და მიწოდების ჯაჭვის ვერშექმნის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა. ორი წლის განმავლობაში ცდილობდა აღზევებას, თუმცა 2015 წელს კანადის ბაზარი 2 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალით დატოვა.

Target-მა ეს გამოფხიზლების საშუალებად გამოიყენა და მთელი ძალისხმევა აშშ-ში ოპერაციების დახვეწაზე გადაიტანა. შედეგად, მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი წარმატებებიც მოვიდა.

ბრენდი დღეს

2025 წლის მონაცემებით, Target ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის 2000 მაღაზიას მართავს. ის მუდმივად შედის ქვეყნის ტოპ 10 საცალო ვაჭრობის კომპანიას შორის, წლიური შემოსავალი კი 100 მილიარდ დოლარს აღემატება. 

ცნობილია, რომ ბრენდი თანხას არ ზოგავს მაღაზიების გარემონტებასა და მათთვის ახლის იერის შენარჩუნებაში. მისი მაღაზიები მოდერნიზებული დიზაინით გამოირჩევა, პროდუქტების ახალი სექციები ემატება და ტექნოლოგიებიც ინტეგრირებულია.  

გარდა ამისა, ბრენდი აქტიურად აფუძნებს ლოიალობის პროგრამებს. მისი ყველაზე ცნობილი პროგრამაა Target Circle, რომელსაც ამჟამად 100 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს. ეს მომხმარებლები ბრენდისგან პერსონალიზებულ შეთავაზებებსა და ექსკლუზიურ შეღავათებს იღებენ. 

Target-ის წარმატების ისტორია აგებულია ინოვაციაზე, ბრენდის თანმიმდევრულობასა და ამერიკელი მომხმარებლების სურვილების ღრმა დასწავლაზე. მისმა უნარმა, გააერთიანოს ხელმისაწვდომობა, ხარისხი და სტილი, საცალო ვაჭრობის ლანდშაფტში უნიკალური ადგილი მიანიჭა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თურქეთი vs საქართველო – ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

„ვაკო მოტორსის” კამპანია – „სატვირთოს აკეთებენ ჩვენთან“