in

“თუ რამეს წამოვიწყებდით, აუცილებლად დისტანციური უნდა ყოფილიყო” – კარანტინის დროს შექმნილი სტარტაპი Targmany

Startauperi
Startauperi

– კარანტინის დროს რას აკეთებდი?
– ბიზნესი დავიწყე…

იმ დროს, როდესაც ბევრი ბიზნესი, საკუთარ ისტორიაში, ალბათ, ყველაზე რთულ პერიოდს გადიოდა, უარმავი ადამიანი კი სრულ გაურკვევლობაში აღმოჩნდა, ორმა მეგობარმა, ქეთევან ცაავამ და ელენე სხირტლაძემ, გადაწყვიტეს, რომ საკუთარი საქმის წამოწყების დროა.

“მარტის შუა რიცხვებში დაიწყო ჩვენი კარანტინი და თვის ბოლომდე ყველა იმ სერიალების ყურებით დასრულდა, რისთვისაც მანამდე დრო არ გვრჩებოდა. ბევრ ისეთ ფილმსაც ვუყურეთ, რომელიც უკვე რამოდენიმეჯერ გვქონდა ნანახი. უცებ, მივხვდით, რომ ის ცოტა თავისუფალი დროც არ გვრჩებოდა, რაც მანამდე. საჭირო იყო ეს დრო სასარგებლოდ გამოგვეყენებინა, თან გაურკვეველი იყო რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კარანტინი.”

ბიზნეს იდეა მეგობრებს მანამდეც ჰქონდათ, თუმცა, სამსახურების პარალელურად, მის წამოსაწყებად დრო არ

ქეთევან ცაავა

რჩებოდათ. პანდემიამ კი, ერთი მხრივ, იურისტის, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო გაყიდვების სამსახურის უფროსის ძალების გაერთიანებასა და Targmany-ის შექმნას შეუწყო ხელი.

ქეთევან ცაავა: “მახსოვს, ელენემ  დამირეკა და თავისუფალ დროზე საუბრისას თავისთავად ამ თემასაც მივუბრუნდით, გადავწყვიტეთ დაგვეწყო მუშაობა იმ იდეაზე, რაც ამდენი ხანი გვქონდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ვახორციელებდით. ასეთ შანსს გამოყენება სჭირდებოდა და ჩვენი იდეების განსახორციელებლად იდეალური დრო იყო.

ამის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა ჩვენი გრაფიკი, დავიწყეთ იმაზე ფიქრი რა უნდა გაგვეკეთებინა, რა შეგვეძლო და რაში დაგვჭირდებოდა დახმარება. ძალიან ცოტა გვეძინა და შესვენებების დროს ვირუსის სტატისტიკას ვამოწმებდით, ეს არასდროს გვავიწყდებოდა.”

Targmany-ის დაფუძნებას მაღალი ხარისხის სერვისის შექმნის წყურვილმაც შეუწყო ხელი:

“7-8 წელია ჩვენი სამუშაო გამოცდილება საკმაოდ წარმატებულ კომპანიებში, რამაც მიგვაჩვია მომსახურების მაღალ სტანდარტებს. ერთმანეთთან ხშირად  განვიხილავთ სხვადასხვა კომპანიის დამოკიდებულებას მომხმარებელთან, რის შემდეგაც გაგვიჩნდა სურვილი, შეგვექმნა ისეთი მთარგმნელობითი სააგენტო, რომელიც გააერთიანებდა საქმის პროფესიონალებს და რომლის მიმართაც ინდივიდუალურ პირებსაც და კომპანიებსაც გაუჩნდებოდათ სანდოობა, მომსახურების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე.”

M: რა ხელშემწყობი გარემოფაქტორები დაინახეთ “თარგმანის” დასაფუძნებლად?

დრო – იმდენად უჩვეულო იყო ჩვენთვის თავისუფალი დრო, რაც გვაინტერესებდა ყველაფერზე შეგვეძლო ამომწურავი პასუხი მიგვეღო. ბევრ წამყვან პლატფორმაზე ონლაინ გაკვეთილები გახდა უფასო და ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენთვის საინტერესო და საჭირო მიმართულებებზე გაგვევლო ტრენინგები, რაც შემდგომში ძალიან გამოგვადგა.

M: ჩანაფიქრის მიხედვით, რა სერვისები უნდა ჰქონოდა სტარტაპს? მათ შორის, რა სერვისები უნდა ყოფილიყო სხვა ბიზნესებიგან განსხვავებული და კონკურენტუნარიანი?

ელენე სხირტლაძე

პირველი ქაოსის შემდეგ, როცა სამსახურები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, თითქმის ყველაფერი დაიკეტა და ყველა ბიზნესიც ნელ-ნელა გაციფრულებაზე ფიქრობდა, მივხვდით, თუ რამეს წამოვიწყებდით მნიშვნელოვანი იყო ყოფილიყო დისტანციური. ასე შეიქმნა Targmany – მთარგმნელობითი მომსახურების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მაღალხარისხიან მომსახურებას სთავაზობს მისაღებ ფასად. კარანტინმა დაგვანახა დისტანციური მომსახურებების მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი სერვისის მიღებაც სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი, რასაც ემატება ნოტარიული დამოწმების და დამოწმებული დოკუმენტაციის ადგილზე მიტანის სერვისიც. ჩვენთან მომხმარებელი სწორედ იმ მაღალი სტანდარტის მომსახურებას მიიღებს, რომელსაც ჩვენ თვითონ ვაფასებთ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ კომპანიებში.

M: როგორი იყო პირველი ნაბიჯები საკუთარი ბიზნესის შენებისას?

დღეში რამდენიმეჯერ გვქონდა ვიდეოზარი ერთმანეთთან. ვფიქრობდით, მოკლე ვადაში რა დავალებები გვქონდა, ვუზიარებდით ერთმანეთს, ვისმენდით შეფასებებს. ვცდილობთ, ყოველთვის მოვუსმინოთ ერთმანეთს და გადაწყვეტილებებიც ერთობლივად მივიღოთ, რაც ძალიან გვეხმარება მუშაობისას. დაახლოებით, ერთი თვე დაგვჭირდა, გვქონოდა საიტი, გამოვჩენილიყავით სოციალურ მედიაში და გვყოლოდა პროფესიონალი თარჯიმნებისგან შემდგარი გუნდი.

M: პირველი სირთულეები…

თავდაპირველად, რომ გავაანალიზეთ რა გვჭირდებოდა, მივხვდით, ზოგიერთი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება არასაკმარისი გვქონდა, ასეთ საკითხებში მეგობრები დაგვეხმარნენ, თუმცა ყველაფერზე პასუხი პირველივე ეტაპზე, რა თქმა უნდა, მაინც არ გვქონდა. ამან გვიბიძგა, რომ ჩვენთვის სრულიად უცხო მიმართულებისთვის ბევრი დრო დაგვეთმო და მოგვეძიებინა ინფორმაცია.

უკვე ყველაფერი რომ გავაკეთეთ, სოციალურ მედიაში აქტიურობისთვისაც მზად ვიყავით, ვებსაიტი ჩვენით გვქონდა აწყობილი და ვფიქრობდით, ყველაფერი მზად იყო გასაშვებად – მივხვდით, კომპანიას ჯერ კიდევ ვერ ვარეგისტრირებდით, კარანტინის გამო. დროში შევფერხდით და ცოტა გაგვინელდა ის შემართება, რაც მანამდე გვქონდა, თუმცა, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცა, მოვიკრიბეთ ძალები და უკვე ოფიციალურად შევატყობინეთ ყველას Targmany-ის შესახებ. ბევრი ისეთი ადამიანის შეფასების მოსმენის შემდეგ, რომლებიც თავიანთი მიმართულებების წამყვანი სპეციალისტები არიან ქვეყანაში, დავინახეთ – სწორ გზაზე ვიდექით.

M: რა მომენტში იგრძენით, რომ ბიზნესი “დაიძრა”?

სოციალურ ქსელში კომპანიის სახით როგორც კი გამოვჩნდით, რამოდენიმე დღეში უკვე გვყავდა მოხმარებლები, თუმცა რომლებიც მანამდე გვიცნობდნენ და გვენდობოდნენ. ბიზნესი რომ „დაიძრა“ მაშინ ვიგრძენით, როცა ერთ-ერთი მოხმარებლის „წარმოშობის“ შესახებ არცერთს არ გვქონდა ინფორმაცია. 

M: “თარგმანი” საკმაოდ მარტივი სახელია, თუმცა ამდენად, ცოტა მოულოდნელიც – გვიამბეთ, როგორ შეარჩიეთ…

სახელის შერჩევაზე დიდხანს არ გვიფიქრია, ორივეს გვინდოდა მარტივი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.  თავიდანვე გავუზიარეთ ამ სახელის იდეა მეგობრებს, კოლეგებს, ყველას მოეწონა, რამაც დაგვარწმუნა იმაში რომ სხვა ვარიანტებზე ფიქრი აღარ იყო საჭირო. 

M: როგორც ბიზნესს, რა გასწავლათ კარანტინის პერიოდმა?

კარანტინის პერიოდში ჩვენ უფრო შექმნის ეტაპზე ვიყავით, თუმცა ბოლო თვეებმა,  როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა საერთო პრობლემის, კოვიდ 19-ის, წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდა, ნათლად დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებს ერთმანეთის გვესმოდეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ჩვენ-ჩვენს მშობლიურ ენაზე ვსაუბრობთ და სხვადასხვა ქვეყანაში ვართ. სწორედ ამაში დაგეხმარებათ Targmany.

ამ პერიოდში ასევე მივხვდით რა მნიშვნელოვანია სტარტაპების მხარდაჭერა, მითუმეტეს საწყის ეტაპზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ამ რთულ პერიოდში სხვა სტარტაპებსაც დავუჭიროთ მხარი და ნახევარ ფასად შევთავაზოთ ჩვენი მომსახურება.

M: დისტანციური სერვისის შექმნა გამოცდილი ბიზნესებისთვისაც არ არის მარტივი. როგორაა თქვენ შემთხვევაში, როგორ ცდილობთ ბაზარზე დამკვიდრებას? 

ჩვენი  მეგობრებიდან თითქმის ყველა ჩვენსავით თავიდანვე კარანტინის რეჟიმზე გადავიდა რაც ავტომატურად იმას ნიშნავდა რომ თითქმის ორი თვის მანძილზე საერთოდ არ გვინახავს ერთმანეთი. ხშირად გვისაუბრია როგორი იქნებოდა შეხვედრა ამდენი ხნის შემდეგ. გამოვკითხეთ რას ეტყოდნენ ერთმანეთს პირველი შეხვედრისას , ვთარგმნეთ სხვადასხვა ენაზე და დავბეჭდეთ სამახსოვრო წიგნაკი  სახელად- „One day , three autumns’. – ეს ჩინური გამონათქვამი გამოხატავს ადამიანის ისეთ სულიერ მდგომარეობას, როდესაც ვინმეს მონატრება ისეთი ძლიერია, რომ ერთი დღეც კი სამ წლად გეჩვენება.

ჩანაფიქრში Targmany არ არის მხოლოდ მთარგმნელობითი სააგენტო, გვინდა სტანდარტულ სათარჯიმნო მომსახურებასთან ერთად, სხვადასხვა სიახლეც შევთავაზოთ მომხმარებელს, ამ პირველი ნაბიჯითაც სწორედ ამის თქმა გვინდოდა. ვიმედოვნებთ, გამოგვივიდა ჩვენი სათქმელის მომხმარებლებამდე სწორად მიტანა. 

M: დღეს, რა ეტაპზეა “თარგმანი” და სამომავლოდ, რას აპირებთ?

აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებლებს საინტერესო შეთავაზებები მივაწოდოთ. გარდა სტარტაპების მხარდაჭერისა ვმუშაობთ რამოდენიმე იდეაზე, რომლითაც პატარა კომპანიებს, რომლებსაც ჩვენი მომსახურება სჭირდებათ ვეცდებით ხელსაყრელი პირობებით მოვემსახუროთ, მსოფლიოში მიმდინარე რთული პერიოდის გათვალისწინებით. 

ჩვენი სტარტაპი ჯერ ძალიან ახალია, ამიტომ, ჯერჯერობით ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მომსახურება და დავიმსახუროთ მათი ნდობა. გვინდა, მაღალი ხარისხის მომსახურება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს და ვფიქრობთ, ჩვენი იდეების განსახორციელებლად აღარ არის საჭირო ლოდინი. დღეს, უკვე აღარ გვეშინია სირთულეების, რადგან სწორედ სირთულეების დაძლევისა და ბევრი შრომის შედეგად მიიღწევა წარმატება.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ტყის ხანძრები, როგორც დიდი საფრთხე ბუნებისთვის

„ბილაინის“ გამოცდილება – შიდა კომუნიკაციის როლი კომპანიის დისტანციურად მუშაობის პერიოდში