in

პანდემიის ტალღებს შორის გაკვალული გზა – Targmany-ის #შეცდომები

Startauperi
Startauperi

პანდემიის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ყველა იმ სერიალსა და ფილმს რამდენჯერმე უყურეს, მანამდე რომ სანახავად დროს ვერასოდეს პოულობდნენ, მიხვდნენ, ამდენი დრო საკუთარი საქმის დასაწყებად იდეალური რომ იყო. გადაწყვიტეს კარანტინის დასრულებას არ დალოდებოდნენ და წლების მანძილზე, სხვადასხვა კომპანიებში, მომსახურების მაღალ სტანდარტებს შეჩვეულებმა ამავე მიდგომით დააფუძნეს Targmany. მთარგმნელობით სააგენტოს უნდა გაეერთიანებინა საქმის პროფესიონალები და მაღალი ხარისხის სერვისიდან გამომდინარე, ნდობა მოეპოვებინა ბაზარზე. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, „თარგმანის“ დამფუძნებლები, ქეთევან ცაავა და ელენე სხირტლაძე დაგროვილ გამოცდილებასა და ბიზნესის შეცდომებზე გვიყვებიან.

#შეცდომები ბაზარზე დამკვიდრების პირველ ეტაპზე

ქეთევან ცაავა

თავიდანვე ყველაფერი იმდენად კარგად დაიწყო, გვეგონა იმავე დატვირთვას შევინარჩუნებდით სულ და შეკვეთები არ მოგვაკლდებოდა. ამ თვითკმაყოფილების პერიოდში დაგვავიწყდა, რომ კორპორატიული პარტნიორებიც გვჭირდებოდა, რომლებთანაც ხანგრძლივად და სტაბილურად ვითანამშრომლებდით. სწორედ აქ დავუშვით შეცდომა და შედეგიც მალე მივიღეთ – პანდემიის მეორე ტალღისა და რთული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ჩვენი საცალო გაყიდვები, რასაც სოციალური ქსელის და ვებსაიტის მეშვეობით ვაფორმებდით, თითქმის შეწყდა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ კორპორატიული პარტნიორების მოძიება და მათთან ხელშეკრულებების გაფორმება, თუმცა რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რათა დატვირთვა ჩვეულ რითმს დაბრუნებოდა და შემდეგ, გაზრდილიყო.

ხელისშემშლელი ფაქტორები

ელენე სხირტლაძე

იქიდან გამომდინარე, რომ TARGMANY სწორედ პანდემიის დროს შეიქმნა და ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტი შეგვექმნა. გაგვეწია მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურება ისე, რომ სახლიდან გასვლა არ დასჭირდებოდათ, ჩვენი მთავარი მიზანი თავიდანვე პანდემიურ სიტუაციაზე მორგება იყო. ამიტომ, ამ კუთხით გვიჭირს შეცდომებზე საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა, ტექნიკურ სირთულეებს ვაწყდებოდით, რადგან ყველაფერი დაკეტილი იყო, არ მუშაობდა ტრანსპორტი.. მიუხედავად ამისა, პირველივე დღიდან მიზნად დავისახეთ სწრაფი, ხარისხიანი და სანდო სერვისის შექმნა და თანდათან ვუმკლავდებოდით ყოველდღიურ სირთულეებს.

შეცდომები ბიზნესის სამუშაო მექანიზმის ჩამოყალიბებისას…

იმის მიუხედავად, რომ ბაზარზე ბევრი მთარგმნელობითი კომპანიაა ჩვენ თავიდანვე გადაწყვიტეთ დამატებითი ბენეფიტები მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის, რომელიც დღემდე განგვასხვავებს ამ სფეროში მოქმედი კომპანიებისგან.

თავიდან, საკმაოდ ბევრ მთარგმნელთან გვქონდა გასაუბრება და ტესტირება, თუმცა აქტიურ სამუშაო რეჟიმში აღმოვაჩინეთ რომ მათი უმეტესობის მიერ მოწოდებული ხარისხით კმაყოფილები არ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს ეს შეცდომები არ უგრძვნია, რამოდენიმეჯერ მოგვიწია დოკუმენტების თავიდან თარგმნა, რაც როგორც ფინანსურ, ასევე დროით დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ მუდმივად გამოცდილი და პროფესიონალი მთარგმნელების ძიებაში ვართ, რადგან მათი მოძებნა საკმაოდ რთულია, ჩვენი დატვირთულობა კი ყოველდღიურად იზრდება.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

თბილისში, TOPSPORT-ის კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნა

როგორია დიდ კომპანიებში ინოვაციების მართვის ახალი მოდელი?