7
May
2019

“ტასჰაბი” – არქიტექტურული სერვისების ჰაბი თბილისში

7 May 2019

სერგი გიორგაია

“მინდოდა რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც ქალაქში არსებულ სამშენებლო პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ერთ სერვისში მოაქცევდა და მის გამარტივებას შეგვაძლებინებდა” – სერგი გიორგაიას არქიტექტურული სერვისების ჰაბის, “ტასჰაბის”, დაფუძნება ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ გადააწყვეტინა. სამშენებლო პროექტების შესათანხმებლად, კომპანიებს რიგი საბუთების შეგროვება სჭირდებათ, რაც თავის მხრივ, დროსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული: “გამოცდილებამ მიჩვენა, რომ სამშენებლო პროექტებისთვის, დოკუმენტაციების შესაგროვებლად, სპეციალისტების მოძიება ძალიან რთული იყო, იკარგებოდა დიდი დრო, რაც ართულებდა სამუშაოს შესრულებას. მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში, 10 მდე პროექტი გვაქვს შეთანხმებული. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, რადგან თითო პროექტის საქმე შეიძლება თვეობით გაიწელოს…” – ამბობს სერგი გიორგაია.

M: უფრო ვრცლად, რა პრობლემება დაინახეთ სამშენებლო ბაზარზე, რის გამოც ასეთი სერვისის შექმნა მოგაფიქრდათ?

დღეს ცოდნა და დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია საქმეში. საჭიროა იცოდე, დოკუმენტები სად და როგორ მოიპოვო, დამატებით, რა საბუთები გჭირდება – შემდეგ, ეს ყველაფერი იგზავნება,  შეიძლება დახარვეზდეს – გიბრუნებენ, ისევ აგზავნი, ისევ აბრუნებენ და ასე იკარგება დიდი დრო… ამას გარდა, დამკვეთები ვერ პოულობენ სპეციალისტებს, უწევთ ბაზარზე არსებულ კომპანიებთან მისვლა, რომელთა პროფესიონალიზმშიც არ არიან დარწმუნებულნი.  ჩვენი კომპანია სრულად პასუხისმგებელია ხარისხსა და ვადებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუკი სხვადასხვა დოკუმენტისთვის სხვადასხვა კომპანიასთან და ფიზიკურ პირთან მიდიხართ, პროცესი ძალიან გაიწელება. ჩვენს კლიენტებს ვაძლევთ რჩევებს. მთელი თბილისის მასშტაბით 10-მდე დიდი პროექტი გვაქვს შეთანხმებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაზე გამოცდილები ვართ ქალაქში, ამ კუთხით. ეს დიდი კომფორტია ნებისმიერი მშენებელისთვის თუ საპროექტო კომპანიისთვის, რადგან არ უწევთ სხვადასხვა ადგილებში სიარული დოკუმენტებზე. თანაც, ჩვენთან სერვისი საბაზრო ფასშია ხელმისაწვდომი.

M: მკითხველს განვუმარტოთ, რას მოიცავს თქვენს სერვისში შემავალი დოკუმენტები?

ჩვენს სერვისში შედის სატრანსპორტო სქემა, სატრანსპორტო კვლევა, დენდროლოგიური პროექტი, ხეების აღწერა, ტოპოგრაფია, – ყველა დოკუმენტი, რაც პროექტის შეთანხმებისთვისაა საჭირო. ეს დოკუმენტები სჭირდება მერიას, რომ პროექტები შეითანხმოს, მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო სამსახური შეითანხმებს სატრანსპორტო კვლევას და სქემას. ხოლო, დენდროლოგიურ პროექტს რაც შეეხება, მერია ყველა სამშენებლო პროექტს K3-ის ათვისებას სთხოვს. ეს ნიშნავს, რომ პროექტმა მაქსიმალურად უნდა გაამწვანოს გამოყოფილი ტერიტორია. ამიტომაცაა აუცილებელი ცოდნა, როგორ უნდა გავამწვანოთ მაქსიმალურად ეფექტურად. ამ ყველაფერს სჭირდება დენდროლოგიური პროექტი, სადაც გაწერილი იქნება ყველაფერი: ვინ დარგავს, როდის დარგავს, ვინ მოუვლის და ა.შ.

დაინტერესებული კომპანია მოდის ჩვენთან, გვაცნობს არქიტექტურულ პროექტს (თუკი პროექტი არ აქვს, ჩვენ ვეხმარებით მის შექმნაში), ჩვენ ვუთანხმებთ  დოკუმენტების მომზადების ვადებს და ყველა საქმეს დროულად ვასრულებთ.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ჩვენი სამიზნე სეგმენტია როგორც დამწყები, ისე წარმატებული სამშენებლო კომპანიები…

M: როგორია თქვენი მუშაობის მექანიზმი?

მომხმარებელი გვიკავშირდება ჩვენი ვებგვერდის საშუალებით tashub.ge. საიტზე უთითებს მისთვის საჭირო დოკუმენტებზე ინფორმაციას. შემდეგ, მას უკავშირდება ჩვენი ადმინისტრატორი, გაესაუბრება და დოკუმენტებზე იწყებს მუშაობას. ეს ყველაფერი ხდება ონლაინ, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია შეხვედრაც, ძალიან მარტივი პროცედურაა. მომხმარებელს არავისთან უწევს დარეკვა, დეტალების გარკვევა და ა.შ. უბრალოდ, შედის საიტზე, ნიშნავს დოკუმენტაციას და ღებულობს ინფორმაციას.

 

M: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

სიმარტივე და პროფესიონალიზმი. ესაა არქიტექტურული ჰაბი, სადაც ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეშია მოქცეული. ჩვენი საქმის გარშემო გაერთიანებულები არიან საქმის პროფესიონალები მრავალწლიანი გამოცდილებით.

[R]

განხილვა