16
მაი
2018

როგორ შევცვალოთ ფეხსაცმლის დიზაინი 8 ლარად – ქართული სტარტაპი „თასმა“ დაპრინტული და კლასიკური პროდუქციით

16 მაი 2018

Startauperi
Startauperi


„თასმა“ არის ფერადი და ორიგინალური თასმების კომპანია, რომელიც შეიქმნა თავისუფალი ადამიანებისათვის, ვისაც არ აკმაყოფილებს სტანდარტები, აქვს თვითგამოხატვის სურვილი და მოსწონს ცვლილებები“, – გვითხრა სტარტაპ „თასმას“ თანადამფუძნებელმა ხვიჩა ჯღუთაშვილმა, როცა ვთხოვეთ, მოკლედ განემარტა კომპანიის არსი. ჩვენი ინტერპრეტაციით კი, „თასმა“ სტარტაპია, რომელიც, ონლაინ მაღაზიის სახით, ორი კვირის წინ შემოვიდა ქართულ ბაზარზე და საქართველოში, ამ მხრივ, ცარიელი დახლების შევსებას ცდილობს. ამ ეტაპზე, ონლაინ მაღაზიას აქვს ორი – კლასიკური და პრინტიანი თასმების კატეგორია და როგორც ამბობენ, პროდუქციის გამრავალფეროვნებასთან ერთად, იგეგმება სტენდების დადგმა ქალაქის სხვადასხვა წერტილში. რა გამოწვევების წინაშე დგას „თასმა“, როგორ იქმნება მისი პროდუქტი და გარდა სტენდების განთავსებისა, განვითარების რა ხედვა აქვთ სტარტაპერებს – ამ საკითხებზე ქვემოთ, ხვიჩა ჯღუთაშვილთან ინტერვიუს გზით მოგიყვებით:

 

M: გქონდათ, თუ არა გამოცდილება ბიზნესის სფეროში, სანამ „თასმას“ შექმნიდით?
თასმის შექმნის იდეა ჩემს მეგობარსა და პარტნიორს – ბათო ოსტაევს ეკუთვნის. მე და ბათო 10 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და გაცნობის პირველივე დღიდან, ბიზნეს იდეით დავიწყეთ ურთიერთობა. ის იყო დაინტერესებული დეველოპმენტით, საკმაოდ ძლიერი დეველოპერია და საქართველოში ძალიან სერიოზული პროექტები აქვს განხორციელებული, მე კი მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობდი. ამჟამად, „ლიდერფუდის“ მარკეტინგის სპეციალისტი ვარ. რამდენიმე წელია, რაც ბიზნესის მიმართულებით და სხვადასხვა სტარტაპებზე, ერთად ვმუშაობთ.

ხვიჩა ჯღუთაშვილი და ბათო ოსტაევი

M: როგორ განავითარეთ იდეა? რა ეტაპები გაიარეთ საბოლოო პროდუქტამდე? 
„თასმას“ იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, ერთი წელი ვიმუშავეთ მასზე, მოვიფიქრეთ ვიზუალი, სტილი, დავტესტეთ პროდუქტის შექმნის ეტაპები, შევფუთეთ საბოლოო მდგომარეობამდე და ორი კვირა იქნება, რაც, ასე ვთქვათ, გამოვამზეურეთ ჩვენი პროდუქტი.

M: რა იყო მთავარი სურვილი, რომლის შესრულებაც საფუძვლად დაედო „თასმას“ შექმნას და რა არის თქვენი ამჟამინდელი გამოწვევები?
ბევრი მცდელობის შემდეგ, გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომი იქნებოდა და თან, მომხმარებლითვის იქნებოდა რაღაც ღირებულების მიმცემი, თვითგამოხატვის, საკუთარი ინტერესებისა და აზრების გადმოსაცემად. აი, ამ მიმართულებით მივდიოდით და ვფიქრობ, „თასმას“ შექმნით გავეცით პასუხი ჩვენს გამოწვევას. ისეთი ადამიანებისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ვისთვისაც თანამედროვე დიზაინის ტრენდები არის მნიშვნელოვანი. სწორედ ეს გვინდოდა, რომ არტის მიმართულებით წავსულიყავით, თან ვაპირებთ, გავაკეთოთ კოლექციები სეზონებისა და იმის გათვალისწინებით, თუ იმ მომენტში, რა ინტერესები აქვს მომხმარებელს.

M: როგორია „თასმას“ პროდუქციის წარმომავლობა და დამზადების პროცესი?
მშრალ მასალას ვყიდულობთ საზღვარგარეთ, თურქეთსა და ჩინეთში. ზოგს პირდაპირ, შეფუთულ მდგომარეობაში ვიღებთ. არიან დიდი კომპანიები, რომლებიც დიდ ბრენდებს ემუშავებიან და მათზე გავედით, რაც ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი ჩამოგვაქვს. პრინტებს რაც შეეხება, მოქნილები რომ ვყოფილიყავით, გადავწყვიტეთ, კონკრეტული სახეობები იქ დავპრინტოთ, ისინი, რომლებზეც ზუსტად ვიცით, რომ დიდი დაინტერესება იქნება მომხმარებელში და მცირე რაოდენობისთვის, აქ, ადგილზე ვაკეთებთ ბრენდირებას. პრინტის დიზაინს აქვე ვქმნით.

M: რას ითვალისწინებთ პრინტის დიზაინის შექმნისას?
ვითვალისწინებთ მიმდინარე ტრენდებს, მაგალითად, რა არის ტექსტილის მიმართულებით პოპულარული. თანამედროვე ადამიანებში სტანდარტული ვიზუალის შეცვლა ძალიან პოპულარული გახდა. მაგალითად, ფერადი წინდები რომ ავიღოთ, ან ჰალსტუხები, ყველაფერი ინდივიდუალური გახდა მომხმარებლისთვის, აქედან გამომდინარე, ვებში ტრენდებს – ტექსტურებსა და პატერნებს ვათვალიერებთ, შემდეგ ჩვენი დიზაინერი ზოგს ახლიდან აწყობს, ზოგს პირდაპირ ვყიდულობთ, „შათერსტოკიდან“, ან მსგავსი გვერდებიდან და გადმოგვაქვს თასმებზე.

M: როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა და როგორც ონლაინ მაღაზია, უზრუნველყოფთ, თუ არა ადგილზე მიტანის სერვისს?
მიტანის სერვისი გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, თასმები ღირს 7-8 ლარი. აღსანიშნავია, რომ საერთოდ, არ იყო ბაზარზე მსგავსი ტიპის პროდუქტი და ნელ-ნელა, უნდა შეეჩვიოს კიდეც მომხმარებელი და დაინახოს გამოყენების შესაძლებლობა.

M: როგორია „თასმას“ განვითარების ხედვა?
ამჟამად, გვაქვს მხოლოდ კლასიკური და პრინტ კატეგორია, ნელ-ნელა, შევავსებთ სხვადასხვა კატეგორიებით. მაგალითად, სპორტს დავამატებთ აუცილებლად. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გვექნება სტენდები სავაჭრო ცენტრებში. დავიწყეთ ონლაინ შოპინგით, რაც ძალიან აქტუალურია დღეისათვის და სამომავლოდ, ვაპირებთ, მცირე სტენდების მეშვეობით, მაქსიმალურად ბევრი ობიექტი ავითვისოთ.

„თუ გაქვს ერთი ფეხსაცმელი და სამი თასმა, ჩათვალე, რომ გაქვს სამი ფეხსაცმელი“, – ხვიჩა ჯღუთაშვილი. 

განხილვა