როდესაც ორი უცნობი ერთ სუფრასთან ზის, საერთო ენის გამონახვა პირველივე ლუკმიდან შეიძლება. ოდითგანვე ასე იყო: ადამიანებს არა იდეები, არამედ გემოები აკავშირებდა. პირველყოფილი საზოგადოებიდან დღევანდელ ქალაქურ ქაოსამდე, საკვების მოძებნა, აღმოჩენა და გაზიარება ყოველთვის იყო ჩვენი ურთიერთობების უხმო, მაგრამ ყველაზე ძლიერი „სოციალური ქსელი“. სად რა მივირთვათ, ვისთან ერთად დაგვეგმოთ ვახშამი, როგორ ვიპოვოთ სუშის მოყვარული ადამიანი, როცა ოჯახის წევრებიდან არავინ მოგვყვება აზიურ რესტორანში – ჩვენი ყოველდღიურობაა. ჭამა ხომ არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილება, ეს კულტურაა, არჩევის, დეგუსტაციისა და გაზიარების კულტურა.
სწორედ ამ ძველ და თან ახალ, უნივერსალურ კავშირს ქმნის TasteIt, ქართული სოციალური ქსელი, რომელიც გაშვებიდან დაახლოებით სამ წელიწადში 60 000-ამდე ადამიანს სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთი დიდი სიყვარულის – გემრიელი კერძების გარშემო აერთიანებს. მაგალითად, თუ გიყვარს ხაჭაპური, შეგიძლია აპლიკაციაში შენი გემოვნების ადამიანები მოძებნო, მისწერო და მათთან ერთად ვახშამიც კი დაგეგმო TasteIt-ის პარტნიორ რესტორნებში. ეს არ არის სტანდარტული გაცნობის აპლიკაცია, არც „ტინდერს” ჰგავს და არც რომელიმე სხვას. აქ თქვენ Foodmate-ები ხდებით. ქართულად რომ ვთქვათ, გყავს მეგობარი, რომელთან ერთადაც კულინარიულ გემოვნებას იზიარებ.
საინტერესოა თავად TasteIt-ის ისტორიაც. სტარტაპის იდეა გიორგი ურუშაძეს სწრაფად, დაახლოებით 15 წუთში გაუჩნდა და შეავსო Shark Tank Georgia-ს აპლიკაცია. გერმანიაში მცხოვრებ არტ დირექტორს საქართველოში მოუწია გამოფრენა, რათა თავისი იდეა პოტენციური ინვესტორებისთვის გაეზიარებინა. ასე დაიწყო TasteIt-ის წარმატებების პირველი სერია, როცა სულ რაღაც 9-გვერდიანი პრეზენტაციის დასასრულს მისი სტარტაპი 100 000 ლარით დაფინანსდა. როგორც საწყისი კაპიტალი საქართველოს პირობებში, ცუდი სულაც არ იყო და გიორგიმაც დაიწყო გუნდის შეკრება – ანანო ასპანიძე, პავლე ტაბატაძე და თეონა გონგლაძე ის პირველი ადამიანები არიან, რომლებმაც სტარტაპის მომავალს ჩაუყარეს საფუძველი.
რა იყო შემდეგ და რა იქნება მომავალში, ამაზე Marketer-ს თავად გიორგი ესაუბრა:

იდეა წამოვიდა იქიდან, რომ შექმნილიყო პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ოღონდ თავისუფალი იქნება ყოველგვარი რომანტიკული სარჩულისა და დრამატული ჩარჩოებისგან, ანუ ეს არ იქნება dating აპი.
ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია, რადგან საჭმელი ყოველთვის იყო და არის ადამიანების დამაკავშირებელი. თუკი არსებობს მუსიკალური ქსელი Spotify, რატომ არ შეიძლება იყოს Food social network, რომელიც ერთნაირი კულინარიული გემოვნების ადამიანებს გააერთიანებს: აღმოაჩენენ ახალ გემოებს, ახალ ობიექტებს, ახალ კერძებს და გაუზიარებენ ერთმანეთს.
M: გიორგი, როგორ მუშაობს TasteIt აპლიკაცია, რა გზას გადის მომხმარებელი?
რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია, ხოლო შიდა სივრცეში მომხმარებელს ხვდება ორი რეჟიმი: Food Mode, სადაც ახალი კერძებისა და თანამოაზრეების აღმოჩენა შეგიძლია და Dine Mode, რომლითაც ადამიანები ქმნიან ე.წ. „ჭამის ღონისძიებებს”. აქ შეგიძლია აირჩიო, რისი ჭამა გინდა, ვისთან ერთად, ვინ გადაიხდის ანგარიშს და გაუგზავნო სასურველ ადამიანს.
მთავარი ისაა, რომ ამ აპლიკაციაში ინფლუენსერი არის თავად საჭმელი. თანამოაზრეების პოვნა იმის მიხედვით ხდება, ვის აქვს მოწონებული იგივე კერძი, რაც შენ, დაათვალიერებ მის პროფილს და თუ მოგეწონება, დააჭერ ღილაკს „გაიცანი”.
აქვე გხვდება საინტერესო შეთავაზებები TasteIt-ის პარტნიორი რესტორნებიდან – ფასდაკლება ან აქცია „მიიღე ყავა საჩუქრად”. ეს არის ერთიანი სივრცე ჭამის მოყვარულებისთვის, სადაც შეგიძლია გაერთო კიდეც და შენი კულინარიული თავგადასავლებიც დაგეგმო.

M: როგორია დღესდღეობით მომხმარებელთა უკუკავშირი და როგორ ითვალისწინებთ მათ?
დღეს ჩვენი 60 000 აქტიური მომხმარებელი განაწილებულია საქართველოში, ბერლინში, ნიუ-იორკში და სამხრეთ კორეაშიც კი, სადაც საერთოდ არ დაგვირეკლამებია პროდუქტი, მაგრამ თავად გადმოწერეს ფასიანი ვერსია და გაწევრიანდნენ. მათი უკუკავშირი, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან TasteIt საკმაოდ ხშირად აკეთებს განახლებებს და ეს სწორედ უკუკავშირებზეა დამოკიდებული. ის, რასაც მანამდე ცოტა შორიდან ვუვლიდით, ან ვართულებდით, მომხმარებლის შეფასების მერე გავამარტივეთ.
TasteIt-ის შიდა კომუნიკაციებს რომ ვუყურებთ, იქვე ვხედავთ ყველაზე მნიშვნელოვან დასტურს, მომხმარებლები კმაყოფილნი არიან და გრძნობენ, რომ მართლაც „სწორ ადგილას“ მოხვდნენ. თითქმის ყველა დიალოგი ერთი და იმავე სცენარით იწყება: საუბრით კერძებზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ აპლიკაციის მთავარი იდეა ზუსტად მუშაობს. აქ 25 წლის ადამიანს თავისუფლად შეუძლია გაიცნოს, ვთქვათ, 60 წლის თანამოაზრე, ადამიანი, რომელსაც მასავით უყვარს იგივე გემოები და რომელთანაც კულინარიული ინტერესები აკავშირებს.
M: ცოტა ხნის წინ თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები გახდით. ამაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა…
თავიდან, როდესაც ახალი ხარ ბიზნესში, ყოველთვის ყველაფერი სწრაფად გინდა, მაგრამ TasteIt-ში ვისწავლე, რომ ყველაფერი სწორ დროს უნდა მოხდეს. გლობალურ კონკურსებშიც ვართ გამარჯვებული, მათ შორის ისეთში, სტარტაპების ოსკარებს რომ ეძახიან, თუმცა, რადგან TasteIt პოზიციონირებს, როგორც ქართული სტარტაპი და სამომავლო მიზანია, რომ ეს იყოს ქართული სოციალური ქსელი, რომელიც გლობალურად ცნობილი გახდება, ჩვენთვის საინტერესო იყო თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობაც.
აპლიკაციის შევსებისას საკმაოდ ამბიციური ტექსტი გავაგზავნე, რადგან ძალიან მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა ეს გამარჯვება, რადგან ეს იყო კიდევ ერთი ვალიდაცია ადგილობრივ ბაზარზე. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო იმაზე, რომ ვიმარჯვებ გლობალურ სტარტაპფონდებში, პირველ ადგილზე მაინც საქართველოს მარკეტზე გამარჯვება დგას.

M: გიორგი, როგორია TasteIt-ის სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში, დიდ დროს დავუთმობთ, TasteIt-ის, როგორც ბრენდის შექმნას. დღევანდელ რეალობაში იმდენი სტარტაპი და კომპანიაა, სოციალურ ქსელში კი იმდენი კონტენტია, ძალიან რთულია იყო გამორჩეული. ჩემთვის, როგორც დამფუძნებლისა და პროფესიით კრეატიული დირექტორისთვის, მთავარი გამოწვევაა, რომ TasteIt გახდეს ბრენდი, რომელიც თავის ხასიათს სწორად ქმნის და ატარებს.
გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, ფუნქციონალური განახლებები ისედაც ხშირად კეთდება და ახლო მომავალში დაემატება Feed-ის ფუნქცია, სადაც მომხმარებელი თავის კონტენტს ატვირთავს.
ასევე, დაგვემატება რესტორნების უფრო გაფართოებული პლატფორმაც, სადაც თითოეულ ობიექტს ექნება თავისი გვერდი, ატვირთავს ფოტო-ვიდეო მასალას და ეყოლება გამომწერები. თავის მხრივ კი, რესტორანს ექნება ანალიტიკა ყველა მომხმარებელზე, რაც საშუალებას მისცემს, მათთან დაამყაროს უფრო პერსონალიზებული ურთიერთობა – დაბადების დღეზე გამოგიგზავნოთ საჩუქარი ან ფასდაკლება და სხვა.
ვგეგმავთ, ასევე, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მომხმარებლის რაოდენობამ მილიონს მიაღწიოს და TasteIt იყოს გლობალური Food სოციალური ქსელი, რომელიც არის არა dating აპი, არამედ საერთო კულინარიული გემოვნებისა და მიზნების მქონე ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება.
თუ აპლიკაციის გადმოწერა და „ფუდმეითის” პოვნა გსურთ, iOS-ელებიც და Android-ელებიც, შეურთდით TasteIt-ს აქ.
[R]











