ყოველთვის როდესაც კომპანია „ჯეოსელის“ აქტივობებს, ახალ პროდუტებს, სარეკლამო რგოლებსა და პროექტებს ვადევნებდი თვალს, წარმომედგინა, რომ ამ ყველაფრის უკან ძალიან შეკრული და დადებითი ადამიანების გუნდი იდგა. მართალიც აღმოვჩნდი. სწორედ ასეთია კომპანია „ჯეოსელის“ მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი – თათა ჩემია, საოცრად პოზიტიური და თავისი კომპანიისა და თანაგუნდელების უზომოდ ერთგული.
თათამ გაგვიზიარა თავისი, როგორც მარკეტერის, ძალიან საინტერესო გამოცდილება, გაიხსენა როგორ იწყებდა საქმიანობას ამ სფეროში, გაიხსენა საინტერესო და წარმატებული პროექტები და მომავლის გეგმებზე გვესაუბრა.

M: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ თქვენ არა ხართ, როგორ გააცნობდით მეგობრებს საკუთარ თავს? ვინ არის თათა ჩემია?
გამარჯობა, მე თათა ვარ, მარკეტერი. მიყვარს ჩემი საქმე. სიახლეების, ახალ-ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანი ვარ. ვარ დეტალისტი. ხანდახან ზედმეტადაც კი. ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამ ჩემთვის შეიძლება გადამწყვეტი გახდეს. ყოველთვის ვისმენ საპირისპირო აზრს, შენიშვნას, კრიტიკას. არა მხოლოდ ვისმენ, შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ. მაქსიმალურად ვცდილობ ავირიდო ჩარჩოები, სტანდარტული ხედვა, დოგმატურობა.
ჩემთვის მიუღებელია ქაოსი, სიყალბე.
არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით და ვცდილობ გავაკეთო მეტი.
მიყვარს ელექტრონული მუსიკა, რაც ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებაა.
M: მოგვიყევით, როგორ და რატომ აირჩიეთ მარკეტინგი?
მგონი, ბავშვობაში გადაწყდა ყველაფერი. თვითონ არ მახსოვს, მაგრამ დედაჩემი მიყვება, რომ ყოველთვის განსხვავებულად გვაწვდიდი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ საგნებს, სლოგანებს უგონებდი და უფრო მიმზიდველს ხდიდი ამ სახითო.
რაც მახსოვს, სახალისოა ჭადრაკის ისტორია. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ჭადრაკის თამაში. ძირითადად, ვიგებდი და თანატოლები ერიდებობდნენ ჩემთან თამაშს. ოღონდ დამეთანხმებინა, ასეთ ხერხს მივმართე – წაგებულისთვისაც პრიზი დავაწესე.
შესაბამისად, ჭადრაკის პარტნიორის მოძიება აღარ მიძნელდებოდა.
უკვე თინეიჯერობის პერიოდში კი “როლიკების” ისტორია მახსენდება, რომლის ყიდვაც მშობლებს, ცოტა არ იყოს, ეშინოდათ – დაშავდებიო. მაგრამ დანებებას ადვილად არ ვაპირებდი.
რამდენიმე დღის განმავლობაში მათთვის “როლიკების” დადებითი მხარეების წამოწევას ვცდილობდი, ვუხსნიდი, როგორი კარგი და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, რომ პრაქტიკულად სპორტით ვიქნებოდი დაკავებული, დროს მოვიგებდი გადაადგილებისას და ასე შემდეგ. არგუმენტები ისეთი დამაჯერებელი ყოფილა, რომ მალე “როლიკები” ჩემი იყო.
M: გაიხსენეთ პირველი სამსახური. რა წინააღმდეგობებს წააწყდით – როგორ დაძლიეთ ისინი?
პირველი სამსახური იყო „ჯორჯია ინჟინირინგი“. კომპანია ამზადებდა ცხოველთა საკვების დანამატებს, რომლებიც იცავს მათ სხავდასხვა დაავადებებისაგან. ასეთი, მსოფლიოში სულ რამდენიმე მწარმოებელია. ჩვენი ძირითადი კონკურენტი იყო ბელგიური ფირმა. წინააღმდეგობას ვერ დავარქმევდი, მაგრამ დიდი გამოწვევა კი იყო, იმ დროს ნაკლებად ცნობილი საქართველოდან მსოფლიოში ცნობილი ბრენდისთვის, ცნობილი ევროპული ქვეყნიდან კონკურენცია გაგვეწია. ბევრი შრომის შედეგად შევძელით და საერთაშორისო ბაზარზე წარმოვაჩინეთ ქართული პროდუქცია, როგორც მაღარლხარისხიანი და კონკურენტუნარიანი.
ზოგადად წინააღმდეგობა ჩემთვის დროებითი პროცესია, მას ხანმოკლე სირთულეს უფრო ვუწოდებდი. სხვათა შორის, სწორედ ამგვარი სირთულეები გვეხმარება კრეატიულობის წარმოჩენაში და გარკვეულწილად აზარტულიცაა მათი მოგვარება. მიზნისკენ სავალ გზაზე, ბუნებრივია, რომ რაღაც სირთულეები დაგხვდება, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოს და არ უნდა შეგაცვლევინოს მიზანი. შესაძლოა, შეიცვალო სტრატეგია, მაგრამ მიზანი არა.
M: თათას ჯეოსელი
ორი სახელის დაძახებაზე ვიხედები – თათა და „ჯეოსელი“ და მერწმუნეთ, მე არ ვარ გამონაკლისი. “ჯეოსელის” ყველა თანამშრომელი ასეა.
მიხარია და ბედნიერი ვარ, როცა მასზე დადებითი შეფასებები მესმის, მწყინს და ლამის პირად შეურაცხყოფად ვიღებ თუკი, ვინმე აუგად მოიხსენებს. ალბათ, ეს ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვზრუნავთ მასზე
მთელი გუნდი, ერთად ვცდილობთ მის იმიჯს ჩრდილი არ მიადგეს, ხელის გულზე გვყავს და ვუვლით.
M: გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო პროექტი. ასევე, პროექტი რომლითაც უკმაყოფილო ხართ.
ზოგადად, კარგი პროექტის განმსაზღვრელი ჩემთვის არის, თუ როგორ და რითი შეცვლის ის უკეთესობისკენ იმ ადამიანების ცხოვრებას, ვისთვისაც აკეთებ მას.
ჩემი პირველი, დიდი პროექტი არის სააფთიაქო ქსელი „პსპ“. სარეკლამო სააგენტო „მედია არტმა“ დამიქირავა, როგორც დამოუკიდებელი მარკეტერი. ძალიან საინტერესო ხალხთან ერთად მომიწია მუშაობა. სლოგანი „ჩემი ოჯახის აფთიაქი“ მაშინ მოვიფიქრეთ. მიხარია, რომ თითქმის 12 წელი გავიდა, სლოგანი კი კვლავ იგივეა.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, განსაკუთრებით ვამაყობ და მიყვარს „ჯეოსელ-ჰაბი”. „ჯეოსელ-ჰაბი“ არის ადგილი სადაც სისტემატურად ვატარებთ სხვადასხვა სახის შეხვედრებს, სემინარებს, ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებულ და საინტერესო ადამიანების ვორკშოფებს. აქვე, პერიოდულად ხდება მსოფლიოში არსებული, ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობების პრეზენტაცია და ადგილზევე გამოცდა. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდება აბსოლუტურად უფასოდ, ნებისმიერი მსურველისთვის.
ასევე, გამოვყოფდი „იასამნიფერ ქოლგებს“. ეს პროექტი ბათუმის ბულვართან ერთად ხორციელდება. იასამნისფერ სანაპიროზე ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის არის გათვალისწინებული გასართობი პროგრამა, მათ შორის, სპორტული აქტივობები, სხვადასხვა თამაშები ბავშვებისთვის, მუსიკალური ფესტივალი, ბიბლიოთეკა, კომფორტული ინვენტარი განტვირთვისთვის.
მოკლედ, ეს არის ადგილი ყველასთვის. აქ ხომ პირველად, საქართველოს შავი ზღვისპირეთში, დამონტაჟდა პანდუსი ეტლით მოსარგებლეთათვის, რითაც ძალიან ვამაყობთ.
მიყვარს „ჯეოსელის“ ნოუთბუქის აპლიკაცია. მისი შექმნის იდეა კი შემდეგნაირად გაჩნდა. საბედნიეროდ, მომხარებლებს ძალიან მოსწონთ „ჯეოსელის“ ბლოკნოტები, რომლებსაც საახალწლოდ ვამზადებთ ხოლმე. ყოველთვის გული მწყდება, რადგან რაოდენობა ლიმიტირებულია და ყველას არ ხვდება. ამ ფაქტმა მიგვიყვანა იდეამდე, შეგვექმნა „ჯეოსელის“ ბლოკნოტის იდენტური აპლიკაცია, რომელიც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის. დღეს ამ აპლიკაციას უკვე 30,000ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მომავალი წლისთვის მომხმარებელს მის განახლებულ, კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას შევთავაზებთ.
რაც შეეხება პროექტებს, რომლითაც არ ვარ კმაყოფილი, რა თქმა უნდა, არის ასეთებიც, შეუძლებელია, არ იყოს. უბრალოდ, თითოეულ პროექტში იმხელა შრომა იდება, ბოლოს მაინც გიყვარდება, გული შეგტკივა მასზე და ფიქრობ, აანალიზებ, რატომ იყო ნაკლებად წარმატებული.
M: გაგვიზიარეთ მომავლის გეგმები.
ჯეოსელში უამრავი სიახლეა დაგეგმილი, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ. აუცილებლად განვავითარებთ ახალ, საინტერესო მიმართულებებს. გპირდებით, არ გავმეორდებით.
რაც შემეხება პირადად მე, ვაგრძელებ სხვადასხვა ფორმით საკუთარ თავზე მუშაობას. ხშირად, ჩემი 2 წლის შვილისგანაც ვსწავლობ რაღაც ახალს. ვცდილობ, ფართოდ გავახილო თვალები და გარშემო არაფერი გამომეპაროს. ვუსმენ ყველას, მაინტერესებს, რაზე ლაპარაკობენ, რას იწონებენ, რას აკრიტიკებენ, რა სურვილები აქვთ.
კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ სიახლეების ძიება და მათი ადამიანების ყოველდღიურობაში შეტანა, ჩემი, როგორც მარკეტერის, უმთავრესი მიზანია.
ავტორი: ირინა საყვარელიძე