„დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე” – ამას რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობაში წერდა და ნამდვილად გენიალური ფრაზაა. მართლაც, ჩვენ რა უნდა დავწეროთ დედაზე ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ამიტომ ყველაზე ლამაზი და საინტერესოა ინდივიდუალური ისტორიები, რადგან ყველა დედაშვილობის მიღმა საკუთარი მოთხრობა იწერება.
Marketer-ში გადავწყვიტეთ, 3 მარტის, დედის დღისადმი მიძღვნილი სტატიების სერია წარმოგვედგინა, რომლის ფარგლებშიც, სულ სხვა თვალით შეგახედებთ ცნობად, წარმატებულ ქალებს. ისინი ჩვენი რესპონდენტები სხვა დროსაც ყოფილან, თუმცა ამ ამპლუაში – პირველად!
თათა მორჩილაძე იმ დედების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც მოახერხეს, ყოფილიყვნენ წარმატებულები თავიანთ საქმეში. მას იცნობენ როგორც პიარსფეროს წარმომადგენელს, ისე ბიზნესლედის ესთეტიკურ ინდუსტრიაში. ამ სტატიაში კი მის მეორე და მთავარ „სამსახურს”, დედობას გაგაცნობთ.
თათა მორჩილაძე:
მე, როგორც დედა…
სიტყვა „დედა” ჩემთვის, პირველ რიგში, სიძლიერესთან ასოცირდება, ხოლო შემდეგ უპირობო სიყვარულსა და თავდადებასთან. პირველი შვილი 28 წლის ასაკში გავაჩინე, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მეამაყება, რადგან უკვე გაცნობიერებული მქონდა ყველა პასუხისმგებლობა და მოვალეობა, ვიცოდი, რას ვაპირებდი. პარალელურად, კარიერის კუთხითაც საკმაოდ საინტერესო ეტაპს გავდიოდი, რადგან ორსულობის პერიოდში შევიცვალე პროფესია და დეკრეტიდან გამოსვლის შემდეგ სრულიად ახალი მიმართულებით დავიწყე მუშაობა. რა თქმა უნდა, არაერთი სირთულის გადალახვა მომიწია ამ ყველაფრის გამო, მაგრამ მზად ვიყავი.
მიუხედავად ამ მზაობისა, ცხადია, მეც დავდექი გარკვეული გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით, როცა ჩემი გოგონები პატარები იყვნენ, რთულია შეათავსო სამსახური, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ფიქსირებულ დროს არ მთავრდება, ასევე, სწავლა და მივლინებები. დღემდე 7 საათზე ვდგები რომ სკოლაში გავაცილო ბავშვები, რომლებიც ამავდროულად სხვადასხვა დროს იწყებენ სწავლას და მათი დილის რუტინის გავლა, ფაქტობრივად, 2-ჯერ მიწევს. საღამოობითაც ყოველთვის ვცდილობ, გაკვეთილების დამზადების პროცესში ჩავერთო ხოლმე.
არის დღეები, როდესაც იმდენად დაკავებული ვარ, მეშინია, რამე არ გამომრჩეს და არ გამომეპაროს, თუმცა გამიმართლა, რომ ჩემი გოგონები ძალიან მემეგობრებიან და ყოველთვის მიყვებიან, როდესაც რამე აწუხებთ ან ძალიან უხარიათ. მეორე მხრივ, ჩემ ირგვლივ ყველამ იცის, რომ შაბათ-კვირა მხოლოდ ჩემს შვილებს ეკუთვნით და ბევრ რამეს ვინაზღაურებთ ხოლმე.
ჩემი დამოკიდებულება დედასთან…
როცა დედა ხდები, ბევრ რამეს განსხვავებულად ხედავ და მეტად აფასებ, სხვანაირად ხედავ საკუთარი დედის ძალას, მსხვერპლს, რომელსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იღებდა ჩემთვის და ჩემი დისთვის. ახლა ბევრად უკეთ მესმის მისი მოთმინება, ნერვიულობა და ზრუნვა, რომელსაც ყოველთვის იჩენდა. დედობა ნამდვილად გიღრმავებს ამ კავშირს და გავსებს მადლიერებით იმ სიყვარულისთვის, რომელსაც საკუთარი მშობლისგან იღებდი.
ბავშვობაში მქონია მომენტები, როდესაც დედაჩემს უთქვამს, აი, გახდები შენც დედა და ნახავ, თუ არ ინერვიულებო…და, უმეტეს შემთხვევაში, მართლაც ასე აღმოჩნდა.
დედობის კომპრომისი…
დედობის გამო არა, მაგრამ ორსულობის გამო ნამდვილად მომიწია 2 საკმაოდ კარგ შემოთავაზებაზე უარის თქმა. უფრო მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მათ მოუწიათ, როდესაც გაიგეს, რომ ორსულად ვიყავი. გულწრფელად გეტყვით ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო ჩემთვის, თუმცა იმავე პერიოდში დავიწყე მუშაობა არაჩვეულებრივ კომპანიაში, სადაც არ ჰქონდათ პრობლემა ჩემს ორსულობასთან დაკავშირებით, შესანიშნავად ვითანამშრომლეთ, ფაქტობრივად, ბავშვის გაჩენამდე და დეკრეტის შემდეგაც.
რა მასწავლა დედობამ, რასაც სხვასაც გავუზიარებ…
დედობა ასწავლის გამძლეობას, მოთმინებასა და ადაპტირებას – თვისებებს, რომლებიც ფასდაუდებელია კარიერაში. ჩემი რჩევა ახალბედა დედებისადმი იქნება, რომ გადადგან პატარა, თანმიმდევრული ნაბიჯები მიზნებისკენ, დაიხმარონ ადამიანები მათ ირგვლივ. სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩებიან, როცა აღმოაჩენენ, რეალურად, რამდენი ადამიანი არსებობს, რომელსაც აქვს დახმარების სურვილი.
კარიერა არ არის ყველაფრის ერთდროულად კეთება, ეს არის დროში კარგად გაწერილი მიზანმიმართული წინსვლა და ბალანსი. გახსოვდეთ, თქვენი ოცნებების განხორციელება შთამაგონებელი მაგალითია თქვენი შვილებისთვის!
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი