თათია დარჩიაშვილი ქართული თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელია. მისი სტილი, ძირითადად, გრაფიკული ნამუშევრების შექმნაა, თუმცა, ინსტალაციების კეთებასაც ხშირად მიმართავს.. როგორც თავად ამბობს, მისი პერსონაჟები სიცოცხლისა და ურთიერთობის სიმყიფეზე, საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და კვლევის აუცილებლობაზე, დაპირისპირებებსა და კონტრასტებზე და კიდევ მრავალ სხვა ცხოვრებისეულ საკითხზე ყვებიან. გადავწყვიტეთ, თათიას მისი შემოქმედების შესახებ უფრო დეტალურად გავსაუბრებოდით:
M: ვინ არის თათია დარჩიაშვილი – როგორ გაგვაცნობთ თავს?
რად აქციო საკუთარი თავი – ეს ალბათ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამასთან ერთად, თავისთავად გარემოც გვქმნის და გვაყალიბებს ისეთებად, როგორებიც ვართ. თუმცა, მგონია, რომ სწორად მოვუსმინე ჩემს ინტუიციას.. ვარ ხელოვანი, რადგან ვერ ცერთ სხვა სფეროში საკუთარ თავს ვერ ვხედავდი.
M: როგორ მოხვდით ხელოვნებაში, რა წინაპირობები უძღოდა თქვენს გადაწყვეტილებას ყოფილიყავით ხელოვანი?
ყველა სხვა პროფესიაში ყოფნა, რაღაც მთავარზე უარის თქმას გულისხმობდა. ამას ვგრძნობდი, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ იმ პერიოდისთვის ჩემში განსაკუთრებულ უნარებს ვხედავდი. როცა ჰუმანიტარ მშობლებთან ჩემი არჩევანის დაცვა მომიწია, ის უბრალოდ ბედნიერებასთან დავაკავშირე და ვუთხარი, რომ ვერ ვიქნებოდი ბედნიერი ამ პროფესიის გარეშე. მანამდე იყო, როგორც ალბათ ყველა ბავშვში, ხატვისა და ილუსტრირებული წიგნების განსაკუთრებული სიყვარული.
M: ვინ ხართ პროფესიით – გვესაუბრეთ თქვენს განათლებაზე და როგორ გახსენდებათ განათლების მიღების პროცესი?
პროფესიით ვარ მხატვარი – გრაფიკოსი. დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემია, ილუსტრაციის განხრით. აკადემიის დამთავრების შემდეგ, სტაჟირება გავიარე სერგო ქობულაძის სახელობის ოფორტის სახელოსნოში. პირველმა შეხებამ აკადემიის გარემოსთან, მახსოვს, ოდნავ გამაკვირვა, რადგან მასში სწავლისა და მუშაობისადმი ცოტათი ინდიფერენტული გარემო დავინახე. თუმცა, საბედნიეროდ, გამიმართლა და კარგ პედაგოგებთან მომიწია შეხება. აკადემიის პერიოდს სამოქალაქო ომის რთული წლებიც დაემთხვა. საბოლოო ჯამში, ეს იყო საკუთარ თავში გარკვევისა და განვითარების გზების ძიება, რაიმე კონკრეტული საყრდენის გარეშე. რაც შეეხება ოფორტის სახელოსნოში სტაჟირებას, ჩემი პედაგოგების, ნანა ცინცაძისა და გოგი წერეთლის დახმარებით, დაზგური გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკის სრულყოფილად ათვისება შევძელი, რაც ჩემი იმ პერიოდის ნამუშევრებში აისახა და რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. ვფიქრობ, რომ წლებთან ერთად, თავისთავად ყველაფერი, რაც საგანმანათლებლო კედლებში გეძლევა, გვერდზე უნდა გადადო და თავიდან დაიწყო საკუთარი ინდივიდუალური ენისა და გზის ძიება.
M: საიდან მოდის თქვენთვის შთაგონება?
დღეს შესაძლოა ცოტა ღიმილსაც იწვევდეს და ირონიზებულიც კი იყოს ეგრეთ წოდებული შთაგონების თემა, თუმცა, მე, გარკვეულწილად, მგონი მართლაც მისტიკურ პროცესად აღვიქვამ ნამუშევრის შექმნას და, ვცდილობ, თითქმის არ შევცვალო პირველი მონახაზი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდები. ამაზე ვწერ კიდევაც ჩემი ნამუშევრების კატალოგის ტექსტში, სადაც ნახატებს შთაგონებით შექმნილ ჩანაწერებს ვადარებ. მათში საკუთარ თავს გრამატიკული თუ შინაარსობრივი ჩასწორების უფლებას არ ვაძლევ. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ საითაც მთელი არსებითა და გულისყურით ხარ მიმართული, იქიდან აუცილებლად მიიღებ რაიმე მნიშვნელოვანს. მე მგონია, ამ გზით მოდის ადამიანთან იდეა. მთავარია, მოუსმინო საკუთარ თავს და ერთგვარი მედიუმისა, თუ გამტარის როლი მოირგო. ამ მდგომარეობას მუდმივ კავშირზე ყოფნას ვადარებ, თუმცა კავშირი დროებით მაინც წყდება ხოლმე.
M: რომელ მედიუმში გიმუშავიათ თქვენი კარიერის განმავლობაში და დღეს რომელ მედიუმებს ანიჭებთ უპირატესობას?
ქაღალდთან მუდმივად მიწევს და მიწევდა შეხება, როცა ხელით ვმუშაობ და მაშინაც როცა ოფორტის ტექნიკით ვმუშაობდი, თუმცა, ნამუშევრიდან გამომდინარე, ვეძებ კონკრეტულ ფორმასა და საშუალებებს. ასეთი ძიებების დროს ვიყენებ ინსტალაციასაც, რომელიც შესაძლოა სკულპტურასაც მოიცავდეს და ასევე ვიდეოსაც. ზოგადად, გრაფიკული საშუალებები მაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად გადმოვცე ის მხატვრული ჩანაფიქრი, რაც მაქვს, თუმცა, არ გამოვრიცხავ ამ კუთხითაც გარკვეულ ცვლილებებსა და სიახლეს.
M: როგორ ფიქრობთ, როგორ ამბებს ყვებიან თქვენი პერსონაჟები?
რაც შეეხება იმას, თუ რას ყვებიან ჩემი პერსონაჟები, მგონი პირიქით, ვცდილობ, რომ მათ არაფერი არ მოყვნენ, არ იყვნენ ნარატიულები. ვფიქრობ, თხრობა ჩემს ნამუშევრებს არ ახასიათებთ. ალბათ ამას უფრო მოკლე, ლაკონიურ გზავნილებს დავარქმევდი, ცნობიერებიდან წამოსულ შეტყობინებებს წლების მანძილზე განცდილი და დაგროვილი ცოდნის შესახებ, რომლებშიც ისეთ თემებზე მივანიშნებ, როგორიცაა სიცოცხლისა და ურთიერთობის სიმყიფე, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და კვლევის აუცილებლობა, დაპირისპირებები და კონტრასტები, რომელსაც ბავშვური გულწრფელობა და თავისუფლება გარკვეულ სისტემასა და ჩარჩოში მოქცეულ საზოგადოებასთან მიმართებაში ქმნის; აწმყოზე, რომელიც წარსულსა და მომავალში მიმართული ცნობიერების გამო მოუხელთებელი რჩება; იმაზე, თუ როგორ გვქმნის და გვძერწავს გარემო, წარსულისაგან გათავისუფლების შეუძლებლობაზე და ა.შ.
M: გაგვაცანით რომელიმე თქვენი ნამუშევარი და მისი კონცეფცია..
მინდა ჩემს ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს შევეხო, რადგან ვფიქრობ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა ამ ინსტალაციის იდეა, ვგულისხმობ ‘’ხელმეორედ დაბადებას“, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიფინა „დედიკას გალერეაში“. ნამუშევარი მოიცავს ჩვილის სკულპტურულ გამოსახულებას, რომელიც ქვიშაზე დაწერილი სიტყვების გრძელ გზას დაჰყურებს. ამ ინსტალაციით მინდოდა ადამიანის ცხოვრების ორი ეტაპი გამომეყო: პირველი, როდესაც მიმნდობი და ყველაფრის უდრტვინველად მიმღები, მზად არის, გაითავისოს ის ღირებულებებები, რომელსაც საზოგადოება სთავაზობს და მეორე – როდესაც ხელმეორედ „იბადება“ უკვე საკუთარი ცოდნითა და ამ ცოდნისაგან მიღებული ტკივილებით, რაზეც მიანიშნებს არამდგრად ზედაპირზე დაწერილი სიტყვებიც: სიყვარული, სიკეთე, თანადგომა…. ეს ნამუშევარი ჩემთვის 1990-იანი წლების ერთგვარი ნაგვიანევი რეფლექსიაცაა, თუმცა, ამავე დროს, ბევრად უფრო ზოგადია.
M: რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში, როგორი გეგმები გაქვთ?
ცოტათი ძნელია ამის განსაზღვრა. დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გეგმების დაწყობისა და შემდეგ მათი რეალიზების საშუალებას მთლად არც იძლევა. ბევრი რამ იცვლება და ეს ცლილებები თითოეულს შეგვეხო. ამ ეტაპისთვის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ სახელოსნოში, მუშაობაში გატარებულ საათებს, მიუხედავად გეგმებისა, თუ წინასწარ ჩაფიქრებული გამოფენებისა. ზოგადად, ხელოვნებას ვერ აღვიქვამ ჩვეულებრივ პროფესიად, სადაც ყველაფერი ლოგიკური განსაზღვრულობით შეიძლება დაიგეგმოს და თითოეული კარიერული ნაბიჯი წინასწარ იქნას აწონ-დაწონილი. ჩვენს რეალობაში, საკმაოდ რთული პერიოდების დროს, ისეთი მომენტებიც დგებოდა, როცა რაციონალურ ნაბიჯად ჩაითვლებოდა თუნდაც რაიმე სხვა საქმით დაკავება, რაც ყოველთვის შეუძლებლად მიმაჩნდა. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მხატვრობა მხოლოდ პროფესია არ არის, ის რაღაც კიდევ უფრო მეტია.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე