ჩემი პირველი სამსახური საქართველოს ბანკი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსზე ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებაზე და ძალიან მინდოდა ბანკში მემუშავა. გააზრებული მქონდა, რომ სათავო ოფისში პირდაპირ მაღალ პოზიციაზე ვერ მოვხვდებოდი და გარკვეული ეტაპები უნდა გამევლო, თუნდაც საკმაოდ დაბალი პოზიციიდან. ვაკანსია ინტერნეტით ვნახე, რის შემდეგაც რამდენიმეეტაპიანი გასაუბრება მქონდა. მაშინ ინტერვიუებზე ხშირად მოისმენდით დავალებას „აბა, ეს კალამი მომყიდე“. ასევე, ჩაგვრთეს ფოკუს-ჯგუფში, სადაც ვმსჯელობდით, როგორ გავაუმჯობესებდით არსებულ საბანკო პროდუქტებს. ასე დავიწყე მუშაობა საქართველოს ბანკის პრომოუტერად, 2007 წელს. სწავლასა და მუშაობას ერთმანეთს ვუთავსებდი. დღის პირველ ნახევარში ლექციებს ვესწრებოდი, შემდეგ, სავაჭრო ცენტრ „კიდობნის“ ღია სივრცეში გამვლელ დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა სავაჭრო სერვისს ვაცნობდი.
პრომოუტერებს პატარა ბრენდირებული ფურცლები გვქონდა, სადაც პროდუქტების გაცნობის შემდეგ, საკუთარ სახელსა და გვარს ვაწერდით. შემდეგ, ამ ფურცელს მომხმარებელი ბანკში წარადგენდა და ასე იგებდნენ, რომ მე ვესაუბრე. ანაზღაურებაც სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული.
კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, რადგან „კიდობანში“ სხვა ბანკების წარმომადგენლებიც ცდილობდნენ მომხმარებლების მიზიდვას და საბანკო პროდუქტებით დაინტერესებას. შესაბამისად, ჩემს უნარ-ჩვევებზე იყო დამოკიდებული, რამდენად კარგად ავუხსნიდი და დავაინტერესებდი ადამიანს.
ძალიან დამღლელი სამუშაო იყო. მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა მიწევდა და მიძნელდებოდა. რთული იყო ადამიანების უკმეხი პასუხისა და უხეში მომართვის მოსმენა. საკმაოდ აგრესიული იყო ჩემი სამიზნე სეგმენტი. ხშირად მიფიქრია, რამდენად გავუძლებდი ასეთ სამუშაო რეჟიმს. მენეჯერი გვაძლევდა მოტივაციასა და იმედს, რომ ამ ეტაპის გავლის მერე სხვა შესაძლებლობები იქნებოდა ჩვენთვის. ეს სხვების მაგალითებზეც ჩანდა – თანამშრომლები, რომლებიც მანამდე პრომოუტერებად მუშაობდნენ, ეტაპობრივად სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ ბანკში. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა და ფილიალში გადავედი, ქოლ-ცენტრის განყოფილებაში.
თათია ქარჩხაძე – VISA – პროდუქტების განვითარების დირექტორი კავკასიის რეგიონში