„თეგეტა ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. PR-ის მიმართულებას თათია ხორბალაძე ჩაუდგა სათავეში. ის, ორი წლის განმავლობაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ახლა კი, „თეგეტა ჰოლდინგის“ რამდენიმე მსხვილი მიმართულებისა და 30-მდე შვილობილი კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიას უხელმძღვანელებს.
„ჩემი კარიერია, 12 წლის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურში დაიწყო. „კურიერის“ კორესპონდენტად 6 წელი ვმუშაობდი და ვფიქრობ, ჟურნალისტურმა გამოცდილებამ და ამ წლებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემს მომავალ კარიერაზე. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი საჯარო სექტორში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში.
2 წლის განმავლობაში, ვიყავი „ევექსი კლინიკების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი. „ევექსი კლინიკებში“ ჩემი საქმიანობა დაემთხვა პანდემიის პერიოდს, რაც უდიდესი გამოწვევა და ამასთან ერთად, პასუხისმგებლობა აღმოჩნდა ჩემთვის. პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან საზოგადოების ინფორმირება დავისახეთ მიზნად და ეს რთული პერიოდი დავასრულეთ ვაქცინაციის კამპანიით, რომელმაც ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში“, – გვიამბო თათია ხორბალაძემ.
M: როგორ შეაფასებდით თეგეტას, როგორც ბრენდის საზოგადოებასთან ურთიერთობას – როგორი იყო კომპანიის საკომუნიკაციო ენა აქამდე?
ორი წლის წინ, როდესაც „თეგეტაში“ მივედი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რამდენიმე თვის შექმნილი იყო. საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებაც, სწორედ ამ დეპარტამენტის ნაწილია. ჩვენი მიზანი იყო „თეგეტას“ მუდმივ რეჟიმში, ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონოდა და ავტოინდუსტრიის ლიდერი ბრენდი კიდევ უფრო საინტერესო გამხდარიყო საზოგადოებისთვის. საკომუნიკაციო ენაც სწორედ ამ მიზნებს მოვარგეთ და თითქმის ყოველდღიურად ვუყვებით საზოგადოებას იმ აქტივობების შესახებ, რაც „თეგეტაში“ ხდება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება „თეგეტაში“ ცენტრალიზებულად ფარავს ჰოლდინგის რამდენიმე მიმართულებასა და 30-მდე შვილობილ კომპანიას. მათ შორის არიან ისეთი მსხვილი ბრენდებიც, როგორებიც არის Porsche, Mazda, Volvo, Toyota, MAN, JCB და ბევრი სხვა. ჯამურად, მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების მართვა ძალიან დიდი და გამოწვევებით სავსე გზაა, თუმცა ამასთან ერთად – საინტერესო.
M: განვითარების როგორ პერსპექტივას ხედავთ კომპანიაში, თქვენი მიმართულებით?
„თეგეტა“ არის კომპანია, რომელიც გაძლევს შანსს გამოიყენო შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად. აქ ხშირად ვამბობ: „მთავარია მოინდომო, ყველაფერი გამოვა“-მეთქი. ვფიქრობ, რომ ჰოლდინგის მასშტაბისა და მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით „თეგეტაში“ შესაძლებლობები ნამდვილად დიდია და წინ ბევრი საინტერესო გეგმაა.
M: როგორია გეგმები ახალ პოზიციაზე?
ჰოლდინგის გეგმები ძალიან მასშტაბურია და რეგიონულ გაფართოებასთან ერთად ბევრი ახალი ბრენდისა და თუ პარტნიორის შემოერთებას მოიცავს. შესაბამისად დიდია ჩვენი აქტივობების გეგმაც. ჩემი მთავარი მიზანი იქნება გავაგრძელოთ ის ტემპი და გეზი, რაც 2 წლის წინ ავიღეთ და შევინარჩუნოთ ის ხარისხი რაც „თეგეტასთან“ ასოცირდება.
M: რით არის ეს პოზიცია საინტერესო შენთვის?
საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით უკვე წლებია ვმუშაობ და კომუნიკაცია ჩემი საყვარელი სფეროა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ვმართო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება. ვფიქრობ, ახალი პოზიცია მომცემს მეტ შესაძლებლობას და სტიმულს, რომ მეტი ენთუზიაზმით ვაკეთო საყვარელი საქმე.