რა არის „ქალის საქმე“? ყველაფერი, რასაც ის თავად მოისურვებს. ყველა სფეროში შეხვდებით გოგოებს, რომლებსაც კარიერული გზის გაკვალვისთვის სწორედ იმიტომ დასჭირდათ მეტი შრომა, რომ გოგოები არიან. თუმცა, თავიანთი ბრძოლისუნარიანობით სხვებსაც გაუკვალეს გზა და ამით, ერთგვარი გაკვეთილიც გაუზიარეს. ამჯერად, საკუთარ გამოცდილებაზე თათია კობერიძე გვესაუბრა, რომელიც Noxtton-ის საოპერაციო დირექტორია. ის 7 წელია ტექ ინდუსტრიაშია და მისი ნამუშევრები 300-ზე მეტ ციფრულ პროექტს მოიცავს, მათ შორის, ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: EBRD, USAID, GESP, UN Women, DAI Global, Silk Hospitality, Adjara Group და სხვები.
M: როგორ დაუკავშირე შენი პროფესია ტექნოლოგიებს და რით იყო ეს სფერო შენთვის საინტერესო?
ტექნოლოგიური მიმართულებით 2014 წლიდან ჩართული, დიჯითალ/ტექ ინდუსტრიაში 2018 წლიდან ვმუშაობ. პირველი სამსახური იყო სტაჟირება, სადაც ჩემს პირველ პროექტზე თავად ვიყავი სქრამ მასტერიც, მე ვახდენდი დიზაინ პროექტის mapping-ს, სპრინტის რევიუს, პროექტის სრული ციკლის მენეჯმენტს. იმდენად საინტერესო იყო პროცესი, რომ ძალიან დიდი გავლენა იქონია ციფრული პროექტების მენეჯმენტის კუთხით ჩემს განვითარებაში.
ამ დროის განმავლობაში, 300-მეტ ციფრულ პროექტზე თუ პროდუქტზე მიმუშავია, ვარ Noxtton-ის Chief Operating Officer. მქონდა შესაძლებლობა რომ ლიდი ვყოფილიყავი, რეგიონში ყველაზე დიდი ციფრული მარკეტინგის პროექტის, 400 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზითა და ყოველთვიური 5 მილიონზე მეტი სარეკლამო შემოსავლით.
ჩემს საქმიანობაში საინტერესო ალბათ არის ის, რომ ორგანიზაციების გაძლიერებას ვუწყობთ ხელს ტექნოლოგიების საშუალებით. იქნება ეს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმპლემენტაციით, სამუშაო პროცესების ავტომატიზაციით თუ ციფრული პროდუქტების იმპლემენტაციით.
ყველაზე ღირებულად მიმაჩნია, როცა ვხედავ როგორ აღწევენ ორგანიზაციები წარმატებას ერთად შექმნილი პროდუქტების დახმარებით, როგორ გენერირდება მათთვის საჭირო მონაცემები და შედეგები კონკრეტულ ციფრულ კამპანიებში.
M: გოგოებს ხშირად სმენიათ, როგორ ადარებენ მამაკაცებს – როგორია შენი შეხედულება ამ სტერეოტიპის მიმართ?
ეს სტერეოტიპი მოძველებულია და ფუნდამენტურად გაუმართავია. ინტელექტი, ლიდერობა და ინოვაცია არ განისაზღვრება სქესით და ძალიან ადამიანური მახასიათებლებია.
ქალები საუკუნეების განმავლობაში იდგნენ რევოლუციური აღმოჩენების, ბიზნესის გარდაქმნებისა და ტექნოლოგიური რევოლუციების სათავეში. განსხვავება ისაა, რომ მათი წვლილი ხშირად შეუმჩნეველი იყო. დღეს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მომუშავე ყველა ქალი ერთმანეთის ნარატივს უნდა ვუჭერდეთ მხარს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ყველა სხვა ქალის წარმატება ძალიან დიდი მოტივაცია არის ყოველდღიურობაში.
ამ კონტექსტს ვფიქრობ დიდი კავშირი აქვს არაკორპორაციულ ცხოვრებასთანაც. ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარს უჭერდა ნებისმიერ კონცეფციას წარმატებული ქალის შესახებ, რადგან დედა თვითონ მეცნიერების აკადემიური განათლების მიმართულებით მუშაობს. მე კი ჩემი ოჯახის შექმნის შემდგომადაც ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს. შესაბამისად, ეს სტერეოტიპები თითქმის ჩამოშლილია ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ვიყავი ისეთ გარემოში, სადაც ქალის პოზიციონირება ძალიან ღირებული იყო.
M: როგორ გაიკვალე გზა ტექ სფეროში და რა სირთულეების გადალახვა მოგიწია?
2019 წლიდან ვმუშაობ გუნდთან ერთად, რომელიც პიონერია ციფრული/ტექ სერვისების იმპლემენტაციის კუთხით. 6 წლის წინ, ორგანიზაციებს მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის იმპლემენტაციის ვთავაზობდით. სირთულე ალბათ იყო ის, რომ ხშირ შემთხვევაში არც ესმოდათ და ძალიან უცნაური იყო მათთვის, ტექნიკური ედვერთაიზინგისა და ციფრული მარკეტინგისთვის ინდივიდუალურად მნიშვნელობის მინიჭება კრეატიული ინდუსტრიის გარეთ.
თავიდან, ძალიან ბევრი უარიც მიმიღია, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდგომ, იგივე კომპანიები თვითონ გვთხოვდნენ ონბორდინგის პროცესის განახლებას, თითქმის ყველა იმ ორგანიზაციასთან დღემდეც ვთანამშრომლობ.
თუმცა, ზუსტად აქედან გამომდინარე ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ისეთ გუნდთან ერთად ვმუშაობდი ყოველთვის, ვინც ტექნოლოგიურ ინოვაციასა თუ მიდგომას ყოველთვის წარმატებით ახორციელებდა.
M: შენი გამოცდილებით, რას ნიშნავს, იყო ქალი ტექში?
ქალი ტექში ნიშნავს შეხვიდე ისეთ გარემოში, სადაც შეიძლება ერთადერთი იყო და აირჩიო დარჩენა – არა მხოლოდ შენთვის, არამედ იმ ქალებისთვის, რომლებიც შენს შემდეგ მოვლენ. ამ პროცესს თავისი გამოწვევები მოჰყვება – მაგრამ ყოველი მიღწევა, ყოველი ეტაპი და ყოველი ქალის ხმა ტექ სფეროში აძლიერებს ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობას.
M: რას ურჩევდი ქალებს, რომლებსაც ტექ სფეროში სურთ გზის გაკვალვა?
ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე ერთ შემთხვევას, UN WOMEN-თან ერთად ხშირად ვატარებ ხოლმე ვორქშოპებს კონკრეტული ქალთა ჯგუფებისთვის, მათ შორის შეიძლება იყვნენ მცირე ბიზნესის მფლობელები და ყოფილი მსჯავრდებულები.
ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთი ბენეფიციართან უნდა დაგვეგეგმა კამპანია brand awareness-ის კუთხით, რომელიც იყო 77 წლის ქალი მეწარმე. მან სიმსივნე დაამარცხა, ჰქონდა მცირე ბიზნესი სამეგრელოს რეგიონში და ედვერთაიზინგს სწავლობდა.
ჩემი როლი იყო, რომ მისთვის ინიციალური ცოდნა მიმეცა ციფრული პლატფორმების გამოყენების ჭრილში, მას კი ჰქონდა როლი, რომ ჩემთვის უდიდესი მოტივაცია მოეცა, რომ ლიმიტები მართლა არ არსებობს, როცა ძალიან დიდი სურვილი გაქვს რომ არ გაჩერდე და წარმატებას მიაღწიო. ეს არ არის უბრალოდ სამოტივაციო სიტყვები, რადგან ამ ბენეფიციარმა დამოუკიდებლად შეძლო კამპანიების გაშვება და თავის ბიზნესს დღემდე მართავს ციფრულ არხებში.
შესაძლებელია, ვერც წარმოიდგენა, რამხელა მაგალითის მოცემა შეძლო ჩემთვის, რადგან პირველად ჰქონდა ტექ/ციფრულ სფეროსთან შეხება. თუმცა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მთავარი სურვილია და არასდროს არის გვიან ტექ უნარების შეძენა და განვითარება.
ტექ სფეროში ყველაზე ნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და ერთმანეთის მხარდაჭერა, რადგან თითოეული ქალის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას.